დღეს, ბიზნესმენი ლევან ვასაძე კონფერენციაზე "SOS - საქართველოს მთა", მთის საკითხებზე სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით გამოვიდა. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ევროპაში ყველა მთიან ქვეყანას აქვს ასეთი ტიპის უწყება.
გრადა ამისა, ვასაძე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს მთიანი რეგიონებისთვის საგადასახადო შეღავათების, დემოგრაფიული დახმარების და კომუნალური გადასახადების სრული სუბსიდირების ამოქმედებას სთავაზობს.
ბიზნესმენმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა უბრალოდ რეგიონებს, არამედ სასაზღვრო რეგიონებს, სადაც მისი თქმით, მცოცავი ექსპანსია ყველა მხრიდან შეინიშნება.
"ჩვენ უნდა ჩამოვუაროთ ჩვენს ყველა მაღალმთიან რეგიონს და დავსახოთ ეკონომიკური და დემოგრაფიული ციფრები, რომლის მიღწევასაც ვაპირებთ. ერთად უნდა ვეცადოთ, ყველა მთიან რეგიონში გამოვასწოროთ მდგომარეობა, იქნება ეს საგადასახადო შეღავათების, სუბსიდიების თუ მოსახლეობის სხვა გზით დახმარების მხრივ. გამოვაცხადოთ ესა თუ ის წელი პრიორიტეტების შესაბამისად რაჭის, ხევსურეთის, ფშავის, სვანეთის წლად და ასე 5-6 წლის განმავლობაში მძლავრი იმპულსები მივცეთ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას", - განაცხადა ბიზნესმენმა.
ლევან ვასაძემ ასევე მხარდაჭერა გამოხატა პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების დასახლებას ითვალისწინებს.
პატრიარქის აღნიშული ინიციატივა კონფერენციის მონაწილეებს წერილობით გააცნეს.
წერილში ნათქვამია, რომ სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი.
"გამოვხატავ ჩემს მადლიერებას მთის პრობლემების წინ წამოწევის გამო.... ვიმედოვნებ, ეს კონფერენცია, ქმედითი ღონისძიებების საწყის ეტაპად იქცევა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და სამუშაო ადგილები შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი. ვინ შეიძლება დასახლდეს აღნიშნულ რეგიონებში? პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდეს და თუ ამას ვერ მივაღწევთ, პირობები უნდა შეიქმნას, თუნდაც მათი ნახევარწლიანი მომთაბარე ცხოვრებისათვის, ანუ ნაწილობრივი დაბრუნებისათვის მიტოვებულ ადგილებში. კარგი იქნება, თუ დავასახლებთ (წინასწარი მომზადების შემდეგ) მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდათ და რომელთაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტიურად, ქუჩაში წასვლა უწევთ. შეიძლება ვიფიქროთ იმ ოჯახებზეც, რომლებმაც გაჭირვების გამო დაკარგეს სახლ-კარი და ღვთის ანაბარად დარჩნენ.
ასევე სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი და თავისი შრომით წვლილი შეიტანონ მხარის აღორძინებაში. რა თქმა უნდა, წინადადებები სხვაც ბევრი იქნება და ალბათ, გაცილებით უკეთესიც, რაც ფრიად სასიხარულოა ჩვენთვის. მთავარია, რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანა დაცარიელებული მთიდან გამომდინარე უმძიმესი შედეგებიდან ვიხსნათ. ეკლესია მზად არის, შესაძლებლობისამებრ გვერდში დაუდგეს ამ საქმეს და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გადარჩენაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ღმერთმა ააღორძინოს და გააძლიეროს საქართველოს მთა და ბარი", - აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წერილში.
შეგახსენებთ, პატიმრებთან დაკავშირებით აღნიშული წინადადება ლევან ვასაძემ გასული წლის დეკემბერშიც გაახმოვანა.