სამხატვრო აკადემიის შენობა დანგრევის ზღვარზეა

სამხატვრო აკადემიის შენობა დანგრევის ზღვარზეა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრიბოედოვის №22-ში მდებარეობს. ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების უძველესი კერა, სადაც მომავალი მხატვრები, მოქანდაკეები, ხელოვნებათმცოდნეები, რესტავრატორები, არქიტექტორები, მედიახელოვანები და დიზაინერები სწავლობენ, დანგრევის ზღვარზეა.

მხატვრული გადაწყვეტით შენობა ეკლექტურია და ეფუძნება კლასიცისტურ, ისლამურ და ბაროკოულ სტილს. არქიტექტურული მორთულობით ნაგებობა XIX საუკუნის თბილისური სასახლეების ტრადიციას მისდევს. სამსართულიანი ფასადი ევროპულია, ინტერიერში კი გვიან ირანული დეკორია გამოყენებული. ეზოსკენ თბილისური, ხის გადახურული შეკიდული აივნებია მიმართული. სასახლე არქიტექტორ გრიგორი ივანოვის პროექტით, XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აშენდა.

თუმცა, სარკეებიანი დარბაზები და შენობა ავარიულია. ძალიან საშიშ, ვერტიკალურ ბზარებს ნახავთ როგორც გარე ფასადზე, ასევე ინტერიერში; შენობის ზოგიერთი ფლიგელი იმდენად დაზიანებულია, რომ აკადემიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე დარბაზი დახურეს. წვიმა, ქარი თუ თოვლი საფრთხეს უქმნის აკადემიას. სასწრაფო რესტავრაცია სჭირდება სახურავს. შენობის გარე ფასადზე უზარმაზარ ბზარს შენიშნავთ, რომელიც კედელს მთელ სიგრძეზე მიყვება, ცვივა ბათქაშიც.

აკადემიის მუზეუმში დაცული ფონდი ავარიული დარბაზებიდან ახალ შენობაშია გადატანილი. სტუდენტების უსაფრთხოების მიზნით, აღარ ფუნქციონირებს შენობის ამ ფლიგელში მდებარე სახელოსნოები. შეიძლება ითქვას, ახალი შენობა სრული დატვირთით მუშაობს - აუდიტორიები სტუდენტებითაა გადატვირთული. იმისთვის, რომ სტუდენტებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ, გაწელილია სასწავლო პროცესი, ლექციების ცხრილი ისეა შედგენილი, რომ ჯგუფები ერთმანეთს დილიდან საღამომდე შეენაცვლონ.

სარკეებიანი დარბაზები უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ ირანშიც კი, სადაც ასეთი მხატვრული ღირებულების მქონე სასახლე იშვიათია. საქართველოში ამ ტიპის მხოლოდ სამი ძეგლია.

შარშან კულტურის სამინისტრომ გარკვეული თანხა გამოყო და ფული მთლიანად საძირკვლის გამაგრებას მოხმარდა. როგორც აკადემიაში განგვიმარტეს, გათხრებისას აღმოჩნდა, რომ საძირკველი არ არის და შენობა ერთგვარი ასანთის კოლოფივით დგას. თბილისის ძველ უბანში, აკადემიის, ისევე როგორც უამრავი სხვა ნაგებობის ფუნდამენტი, მიწისქვეშა წყლებმა გამორეცხა. თუ ფინანსები არ მოიძებნა, შესაძლებელია, კონსტრუქციული რღვევა მოხდეს, რომლის შემდეგაც ეს უნიკალური ინტერიერები და ფასადები ვეღარ აღდგება. 

Ambebi.ge სამხატვრო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, პროფესორ ნინო ღაღანიძეს ესაუბრა.

- რას გვეტყვით სარკეებიანი დარბაზების მხატვრულ ღირებულებასა და მნიშვნელობაზე?

- ეს შენობა არის უნიკალური. ის აშენდა XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, მდიდარი თბილისელი სოვდაგარის არშაკუნის შეკვეთით, არქიტექტორი იყო ივანოვი და იმთავითვე ეს შენობა ჩაფიქრებული იყო არა როგორც საცხოვრებელი სახლი, არამედ როგორც სასახლე და ეს ძალიან კარგად ჩანს მისი ფასადების მორთულობიდანაც და რაც ყველაზე მთავარია არაჩვეულებრივად შემკული ინტერიერიდან. ამ ინტერიერების შესამკობად სპეციალურად ჩამოიყვანეს ყაჯარი ოსტატები. საქართველოში, მოგეხსენებათ, ამ ტიპის სამადსამი ძეგლია; ეს გახლავთ მეფისნაცვალის სასახლე, ანუ ყოფილი პიონერთა სასახლე, მეორე ეს სასახლე და ბორჯომში ე.წ. ფირუზა, მაგრამ ის გაცილებით პატარაა, გაცილებით მომცრო ზომისა. მართალია ამ შენობას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაგრამ ამჟამად ის არის სავალალო, ავარიულ მდგომარეობაში.

- თუ არის განსაზღვრული, რა რაოდენობის თანხაა საჭირო?

- როდესაც ეს პროექტი გავაკეთეთ რესტავრაცია/კონსერვაციის პროექტი, ჩვენ დავთვალეთ და დაახლოებით საჭიროა 8 მილიონი ლარი. მესმის, რომ ჩვენისთანა ქვეყნისთვის 8 მილიონი ლარი არ არის ისეთი თანხა, რომ უმტკივნეულოდ გაიღოს ან ფინანსთა სამინისტრომ, ან კულტურის სამინისტრომ, მაგრამ თუ ჩვენ ამას შევხედავთ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლის გადასახედიდან, არც ისეთი თანხა არ არის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მაინც არ მოიძებნოს. 

- ქალბატონო ნინო, რამდენიმე დარბაზი დახურულია. შენობის ამ ფლიგელში ისევ ფუნქციონირებს სახელოსნოები? ამ შემთხვევაში, რამდენად დაცულია სტუდენტთა უსაფრთხოება?

- აქ იყო სახელოსნოები, სტუდენტები მეცადინეობდნენ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ როდესაც კონსტრუქტორებმა მტკიცედ გვითხრეს, რომ საშიშია ფუნქციონირება, სტუდენტები გადავიყვანეთ ამ შენობიდან. მთელი დატვირთვა მოდის ახალ 10 სართულიან შენობაზე, რომელიც დგას ეზოში. ამ გადაწყვეტილებამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო. პატარა ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია ერთ აუდიტორიაში შეიყვანო 100 ან 200 ადამიანი, ჯგუფების რაოდენობა არის ბევრი, ამიტომ ჩვენ დიდი სალექციო ფართები გვჭირდება. ამ საშიშ და ავარიულ შენობაში მხოლოდ ადმინისტრაციაა და სტუდენტები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები. მთავარი ისიცაა, რომ იმ დარბაზებში უნიკალური სამუზეუმო ფონდი გვაქვს, რომელშიც დაცულია აკადემიის პირველი პედაგოგების ნამუშევრები - ეს არის ოქროს პლეადა, უამრავი ადამიანი, რომლებიც თავს მოვალედ თვლიდნენ, რომ ესწავლებინათ აკადემიაში. შემდეგი თაობა ეს უკვე აკადემიაში ნასწავლი და აკადემიადამთავრებული მხატვრები. ტრადიცია იყო ასეთი, რომ სადიპლომო ნამუშევარს ტოვებდნენ აკადემიაში. ეს არის არაჩვეულებრივი ფონდი, ძალიან საინტერესო, ეს არის მარგალიტი ქართული მხატვრობის. ეს ფონდები ინახებოდა ამ ისტორიულ დარბაზებში, ეს დარბაზებიც ისეთ დღეშია, რომ იძულებულნი გავხდით, ეს ფონდიც იქიდან გამოგვეტანა და ახალ შენობაში გადაგვეტანა, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო.

- ფონდი "ქართუს" დახმარებით 2011 წელს საძირკვლის რეაბილიტაციი სამუშაოები ჩატარდა; "ქართუ" ამჟამად ჩართულია პროექტში?

- ჩვენ თავის დროზე ვიყავით "ქართუს" სამომავლო გეგმებში, მაგრამ ეს გეგმები როგორც ჩანს, გადათამაშდა და ამჟამად, უახლოეს მომავალში ჩვენ არ ვართ იმ აღდგენითი სამუშაოების სიაში, რომელსაც ეს ფონდი აპირებს რომ ჩაატაროს.

- აკადემია კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამინისტროს გეგმაში თუ შედის სახსრების გამოყოფა?

- სიტყვიერი დაპირება არსებობს. ჩვენ შარშანაც რამდენჯერმე დავათვალიერებინეთ შენობა სამინისტროს წარმომადგენლებს, წელსაც. სამწუხაროდ ჯერ არ ვიცი, 2014 წლის ფინანსურ გეგმებში არის თუ არა ასახული, მაგრამ იმედს ვიტოვებთ... სიტყვიერად გვაქვს დაპირება იმისა, რომ მოგვხედავენ და თუ 8 მილიონს არა, რაღაცა ნაწილს მაინც მოგვაშველებენ ყველაზე აუცილებელი სამუშაოების შესასრულებლად.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია