საახალწლოდ საქართველოში ყველაზე ხელმოკლე ოჯახიც კი, რომ იტყვიან, "ნემსის ყუნწში გაძვრება" და საახალწლო სუფრას მაინც გაშლის. რა ჯდება ქართული ახალი წელი? შემწვარი გოჭის გარეშე ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. მას დაახლოებით 90-100 ლარში შევიძენთ. გოჭის ფასს არც ინდაური ჩამორჩება, მისი ფასი 70-80 ლარამდეა. შემწვარი გოჭის არ იყოს, ინდაურის საცივი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. გოზინაყი - ახალი წლის სიმბოლო, ყველასთვის საყვარელი ნუგბარია. მისი ინგრედიენტების ფასიც საგრძნობლად მომატებულია. 1 კგ თაფლის ღირებულება 15-19 ლარამდეა, ნიგვზის კი - 19-26 ლარამდე. ქათამი 15-18 ლარი ღირს. სუფრას არც სულუგუნი, თევზი და ლორი უნდა აკლდეს. სულუგუნისა და ლორის ფასი 12-დან 15-ლარამდეა. მენიუში სალათებთან და ფხალეულთან ერთად სოკოც აუცილებელია, რომლის ფასი 10 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ღვინოს - ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტში 20 ლიტრი ღვინო 50-70 ლარი ჯდება. ტკბილეულის მხრივ დიდი არჩევანია - შოკოლადის ფასი 8 ლარიდან იწყება, საუკეთესო შოკოლადს კი 25-30 ლარად შეიძენთ. რა თქმა უნდა, უფრო ძვირად ღირებული შოკოლადიც არსებობს, თუმცა ოჯახის ბიუჯეტიც უნდა გავითვალისწინოთ... ტკბილეულთან ერთად სუფრას არც ხილი და ჩურჩხელა უნდა აკლდეს. ჩურჩხელის ფასი 2-2.5 ლარს შეადგენს, ხილს 2-3 ლარად შეიძენთ. მოკლედ, საახალწლო სუფრა საშუალოდ 500-600 ლარი დაგიჯდებათ. ... გაივლის ახალი წელი და, ზოგიერთი კერძი სუფრაზე კვლავ ხელუხლებელია. ჩვენ კი ზედმეტი სასმელ-საჭმელისგან თავი გვტკივა და ინდაურის საცივი თუ შემწვარი გოჭის გემრიელი ნაჭერი უკვე არც ისე მიმზიდველი გვეჩვენება. რას ვიზამთ, რაც მთავარია, ახალ წელს ღირსეულად შევხვდით, ჩვენს საახალწლო სუფრას "ჩიტის რძეც" კი არ აკლდა... ახალი წლის პირველი დღეები ქართველებისათვის ალბათ ყველაზე "მძიმეა", ბოლოს და ბოლოს ამდენ კერძს მონელება არ უნდა?
ქეთი საგინაშვილი