"60-65 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ბევრ ქალაქში მიცხოვრია, ეგზოტიკური ქვეყნებიც და ღრმად ევროპული სახელმწიფოებიც თანაბრად საინტერესოა ჩემთვის", - ამბობს Georgian journal-ის რედაქტორი, ნუგზარ რუხაძე და მოგზაურობის დროს, თავს გადახდენილ ამბებს იხსენებს. ქვეყნები და ტრადიციები, რომლებმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, მოგზაურობა ჯორით, სპილოთი, უჩვეულო ბანაობა ტბაში და ეგზოტიკური კერძები... ეს ნუგზარ რუხაძის საინტერესო თავგადასავალია.
- მე-7 კლასში ვიყავი, როცა მამამ ქვეყნიდან პირველად გამიყვანა. მოსკოვში, კრემლში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმს დავესწარი, რაც ჩემთვის დღემდე დაუვიწყარ შთაბეჭდილებად რჩება. თავად ნაძვის ხე ვეებერთელა, გიგანტური ზომის და ძალიან ლამაზად მორთული იყო. გარშემო ბავშვები ჩემთვის სრულიად უცხო თამაშებით ერთობოდნენ. მეორედ 18 წლის ასაკში, ბულგარეთში, ინსტიტუტში ახალშეძენილ მეგობრებთან ერთად ვიყავი, შემდეგ - ვარშავაში. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სამუშაოდ ნეპალში მოვხვდი. საბჭოთა კავშირი ნეპალს, როგორც განვითარებად ქვეყანას ეხმარებოდა. სხვადასხვა პროექტზე, შაქრის, თამბაქოს ქარხნებში და გზების მშენებლობაზე ინგლისურ-რუსულენოვან თარჯიმნად ვმუშაობდი.
- ნეპალი ძალიან ეგზოტიკური ქვეყანაა...
- ნამდვილად. მთელი ნეპალი შემოვიარე. მისი მთები და გარემო საქართველოს ძალიან ჰგავს. ევერესტის ძირში ვცხოვრობდი. ევერესტს ნეპალურად "საგარმათა" ჰქვია. ყოველ დილით ამ მწვერვალს ვუყურებდი. ნეპალური არქიტექტურა ძალიან საინტერესო და უცნაურია. იყო პერიოდი, როცა ნეპალში დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მათ ქორწინებისა და ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის პროპაგანდა დაიწყეს. შექმნეს პატარა სკულპტურები, რომლებიც კატმანდუში შენობებზე იყო მოფენილი. ამ ქალაქში იყო ღია ზოოპარკი, მოშინაურებული მაიმუნები ჩემ გვერდით დადიოდნენ. ადამიანებს შეჩვეულები იყვნენ. დამთვალიერებელს ექმნება შთაბეჭდილება, სადღაც ტყეში, მაიმუნებთან ერთად იმყოფება.
- ადგილობრივ მცხოვრებთა ტრადიციები როგორია?
- ქორწინების, დასაფლავების ტრადიცია განსხვავებულია. მათთან ქორწილი დიდი ზეიმია, შეღებილები არიან, გარშემო უამრავი ყვავილია მიმოფანტული. დასაფლავება კი ჩემთვის იმით იყო უჩვეულო, რომ მიცვალებულს წვავენ. ნეპალში ყველაზე მეტად ადამიანების ბანაობის წესმა გამაოცა. არცთუ ისე პატარა ტბაში, ყველა ერთად შედიოდა და ბანაობდა, იმ წყალს პირში ივლებდნენ. არაჰიგიენურად იქცეოდნენ.
- ქალები და მამაკაცები ერთად ბანაობდნენ?
- რა თქმა უნდა, ოღონდ არ იხდიდნენ, წყალში ტანსაცმლიანად შედიოდნენ. მათთან ტაძრებში შეხვდებოდი პატარა ბავშვს, რომელიც სპეციალურად მოწყობილ ადგილზე, თოჯინასავით იჯდა. ადამიანები მიდიოდნენ, თაყვანს სცემდნენ, შესაწირი მიჰქონდათ. უჩვეულო რიტუალია, არა? 22 წლისა ვიყავი, ნეპალში რომ ჩავედი. მაშინ ჩემზე შთაბეჭდილებას ბევრი რამ ახდენდა. მაგრამ ამ ქვეყანაში ადამიანებს შორის დამოკიდებულებამ სასიამოვნოდ გამაოცა. ერთმანეთისადმი დიდ სითბოს, სიყვარულს ამჟღავნებენ. არა მხოლოდ ერთმანეთს უფრთხილდებიან, არამედ - ცხოველებსაც. მაშინ თამბაქოს პლანტაციაში ვმუშაობდი. დილით შენობიდან რომ გამოვდიოდი, დავინახე, ზღურბლზე ვეებერთელა კობრა იყო გაწოლილი. მოვკლათ-მეთქი, ვუთხარი ჩემს თანმხლებ ადგილობრივს. ლამის გაგიჟდა, რატომ უნდა მოვკლათ, ცოცხალი არსებააო. მერე პატარა ჯოხი აიღო, შეუჩიჩხინა და გააგდო. ასეთი განწყობილებაა მათთან, ცხოველები ოჯახებშიც ჰყავთ. ნეპალური ენა ინდურისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ დამწერლობა იგივე აქვთ. მას შემდეგ ნეპალში აღარ ვყოფილვარ. ამ ქვეყანაში ერთი ჩემი ამერიკელი მეგობარიც იმყოფებოდა ახლახან. რომ დაბრუნდა, შთაბეჭდილებებს მიზიარებდა. ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.
- ეგზოტიკური ქვეყნები მეტად გიზიდავთ?
- ასეც ვერ ვიტყვი. ყველა ქვეყანა თავისებურად საინტერესოა - ეგზოტიკური იქნება თუ ღრმა ევროპული ცივილიზაციის. კომფორტი უფრო მიყვარს, ვიდრე - ველზე ცხოვრება. კარავში ღამის გატარებას, სასტუმროში დაძინება მირჩევნია. ცხენი ძალიან მიყვარს, მაგრამ გადასაადგილებლად მანქანა მირჩევნია, თუმცა აქლემითა და ჯორითაც მიმოგზაურია. აშშ-ში დიდ კანიონში მდინარე კოლორადოს ნაპირამდე, ჯორით ბოლომდე ჩავედი. ცხოველი ისეთ ვიწრო ბილიკზე მიდიოდა, ფეხი რომ დასცდენოდა, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.
- შეგეშინდათ?
- იქ მითხრეს, ჯორი ძალიან ფრთხილი ცხოველია, არავითარ შემთხვევაში ფეხი არ შეეშლება და კლდეზე არ გადაგაგდებსო. ვენდე. ნეპალში ზოგჯერ სამსახურში სპილოთიც დავდიოდი.
- რატომ?
- თამბაქოს პლანტაცია ჩვენი ოფისიდან შორს იყო. ნეპალელებს აგრონომები ახალი ჯიშების გამოყვანაში ეხმარებოდნენ. ჯუნგლები უნდა გაგვევლო, რომ პლანტაციამდე მივსულიყავით.
- სპილოთი მგზავრობა უსაფრთხოა?
- მარტო არ ვმგზავრობდი, სპილოს "მძღოლი" მართავდა, რომელიც ჩემ წინ იჯდა. ცხოველს აჩოქებდა, მასზე ავდიოდი და რომ არ გადმოვვარდნილიყავი, ხელს სპეციალურ თოკს ვკიდებდი.
- ერთი პერიოდი ცხენოსნობითაც ყოფილხართ გატაცებული...
- სერიოზული მიღწევებიც მქონდა, დოღშიც გავდიოდი. ერთხელ ცხენიდან გადმოვვარდი, გადამთელა და ფლოქვი მკერდზე დამარტყა. სახლში მიმიტანეს, მაგრამ გადავრჩი. ცხენი ბავშვობიდან მიყვარდა. ამერიკაში კარგი გასართობია ლასოთი (ლასო - ქამანდი, საგდებელი, რომლითაც ცხენოსანი მწყემსები და მონადირეები ცხოველებს იჭერენ) თამაში. ბედმა გამიღიმა და ხბო დავიჭირე. სიხარულისგან ლამის გადავირიე. იმ ცხენთან ერთად ფოტოც გადავიღე.
- რომელია ქვეყანა, სადაც მოგზაურობის სურვილიც დღემდე ვერ აიხდინეთ?
- დღემდე ვერ მოვხვდი იაპონიაში. იმედია, მალე ამ ქვეყანასაც მოვინახულებ. ლონდონი ის ქალაქია, რომელიც სულ მენატრება. იქ 3 წელი ვიცხოვრე. ბევრი ქვეყნის დედაქალაქში ვარ ნამყოფი, ნაცხოვრები და არსად მსგავსი განცდა არ მქონია. ლონდონში თავი სახლში მგონია. ამ ქალაქში სხვა კომფორტია და ჩასვლის დღიდანვე თავს შინაურად გრძნობ.
- უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, ბუნებრივია, სამზარეულოსაც ეცნობით. ყველაზე მეტად რომელი კერძი დაგამახსოვრდათ?
- სირიაში რესტორანში ხაში მომიტანეს, იქ ნაწლავების "სუფი" ჰქვია. ჩვენებურ ხაშთან შედარებით მჟავე იყო, მაგრამ ძალიან გემრიელი. მისი გემო დღემდე ვერ დავივიწყე. ბაყაყის ხორციც კარგად იყო მომზადებული. ნეპალში ყოფნისას ქუჩაში "ფუულ"-ს ვყიდულობდი, ეს არის ორმაგ ლავაშში ჩასხმული ლობიო ტახინის სოუსით, უგემრიელესია. ინდოეთში გველის ხორციც მივირთვი, მაგრამ დიდად არ მომეწონა, უგემური თევზის გემო ჰქონდა.
- უპირატესობას რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებთ?
- ისე მდიდრულად და ისეთი გატაცებით, როგორც პარიზში, არსად მიჭამია. ჩემი საყვარელი საჭმელი სუშია. ამერიკაში რომ ჩავდივარ, აეროპორტიდანვე სუშის საჭმელად მივდივარ. მომწონს, კლასიკურ ჩინურ რესტორანში ზიხარ და მცირე ულუფებად მრავალი კერძი მოაქვთ. მქონია შემთხვევა, როცა ერთ დღეს 30-მდე კერძი დავაგემოვნე.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)