როკი მუსიკის ის მიმდინარეობაა, რომელსაც საქართველოში არც ისე ბევრი მიმდევარი და მსმენელი ჰყავს. ახალგაზრდა მუსიკოსი, ზვიად მღებრიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც როკითა თუ ელექტრონული მუსიკით არის გატაცებული. ამ ჟანრით თავის დროზე "მოიწამლა" და დღეს ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმოუდგენია.
ზვიადი ამჟამად პროექტის "ახალი ხმა" მონაწილეა. მაია დარსმელიძის გუნდის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ ჟანრი, რომელშიც მუშაობს, არ არის მასობრივი, მან რამდენიმე ტური არცთუ ურიგოდ გადალახა. როგორც მისი მწვრთნელი, მაია ამბობს, ზვიადი გუნდში "დრაივისთვის" სჭირდება...
ზვიად მღებრიშვილი:
- ძალიან საიტერესო პროექტია. მასში იმიტომ ვმონაწილეობ, რომ ისეთი სტილის მუსიკა, როგორიც როკია და რომელიც მიყვარს, სწორედ აქ დამეკრა. ერთ-ერთ ტურში ბენდთან ერთადაც გამოვედი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ეს ყველაზე მეტად მინდოდა.
- ეს არის შენი მთავრი მოტივაცია იმისთვის, რომ პროექტში მიგეღო მონაწილეობა?
- ეს შოუ მინდა, რომ ზოგადად კარიერაში დამეხმაროს და ხალხმა ჩემი მუსიკით გამიცნოს. საერთოდ, რეიტინგულ არხებზე როკმუსიკისა და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია არ ხდება. უმეტესად სხვა ჟანრები ჟღერს.
- ისე, როკით თავის დროზე რატომ დაინტერესდი?
- 15 წლიდან დავიწყე გიტარის სწავლა. პირველად 18 წლისამ შევკრიბე უნივერსიტეტში სწავლისას ჯგუფი.
- სად სწავლობდი?
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიაზე... იქ საერთაშორისო "მიუზიქ ქლაბი" ჩამოვაყალიბე. ჩემს პირველ ჯგუფს "სანი იუნივერსი" ერქვა. მერე ჩართვა ელექტრონულ მუსიკაში მომინდა და ისევ ჯგუფი გავაკეთე. ახალა რა ჯგუფშიც (The Mins) ვუკრავ, 2011 წლიდან არსებობს. ასევე მეორე ჯგუფშიც ვარ, იქ ელექტრონიკით მე და ჩემი შეყვარებული ერთად ვართ დაინტერესებულები.
- რას ნიშნავს შენთვის ეს მუსიკა?
- კარგი საშუალებაა, გამოხატო პროტესტი და სხვადასხვაგვარი ემოცია...
- შენ რას დებ ამ მუსიკაში?
- არის მუსიკა, რომელშიც ბევრი უარყოფითი მუხტი დევს, რადგანაც ამა თუ იმ საკითხის მიმართ პროტესტი გვიჩნდება. ხანდახან შეუძლებელია, რაღაც თემაზე ხმა არ ამოიღო. თუმცა სასიამოვნო ემოციებითაც ვარ ხოლმე დამუხტული და სიყვარულზეც ვმღერი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემი შეყვარებული დავნიშნე და ამით ლამაზი სიურპრიზი მოვუწყვე. ამის საილუსტრაციოდ, კლიპიც გადავიღეთ...
- ვნახე ეგ კლიპი და ძალიან მომეწონა... ახლა შენს მწვრთნელზე (მაია დარსმელიძე) ვილაპარაკოთ, რომილის ჯგუფშიც მოხვდი...
- მაო ძალიან კარგი ადამიანია, მას პროექტამდეც ვიცნობდი. მე ხმის ინჟინრად "ბრავო რექორდში" ვმუშაობ და მაია იქ რაღაც პროექტს აკეთებდა და მაშინ გავიცანი. მერე კიდევ გვქონდა შეხება, რაღაც ელექტრონულ პროექტს ვაკეთებდით, მაგრამ ჩემი მონაწილეობა მასში სპონტანურად მოხდა... იმას თუ გავიხსენებთ, თუ როგორ მოვხვდი "ახალ ხმაში", გეტყვით, რომ "ბრმა კასტინგზე" ბოლო კონკურსანტი ვიყავი, ჩემ შემდეგ აღარავინ იყო. მაოსთან მინდოდა მოხვედრა, თან, ისე დაემთხვა, რომ მის გარდა, ყველას შევსებული ჰქონდა ჯგუფი... და ამიყვანა.
- კმაყოფილი ხარ მასთან მუშაობით?
- კმაყოფილი ვარ, ძალიან მეხმარება იმაში, რომ ის მუსიკა გადავცე მაყურებელს, რაც არ აქვთ მოსმენილი, ან ხშირ შემთხვევაში, უჭირთ მსგავს გადაცემებში მოისმინონ.
- მაია ამბობს, - ზვიადი გუნდში "დრაივისთვის" მჭირდებაო. შენ რისთვის გჭირდება ეს პროექტი? და რა იმედები გაქვს სამომავლოდ?
- მინდა, რომ მყავდეს მეტი მსმენელი, ხალხს შევაყვარო მუსიკა, რომელსაც მასობრივად არ უსმენ.
- ჰო, როკი ჩვენთან არ არის კომერციული მუსიკა და ის სამწუხაროდ, მასობრივი ვერ გახდება. ამიტომ ამაზე გული არ დაგწყდეს...
- კი, ვიცი... რაც შეეხება იმას, სამომავლოდ ამ პროექტში რა შეიძლება ჩემთან დაკავშირებით მოხდეს, მიჭირს თავი ფინალში წარმოვიდგინო, რადგანაც ბევრი ძლიერი კონკურსანტია. არის მცირედი შანსები, მაგრამ ძალიან დიდი თანადგომა და განსაკუთრებული რაღაც უნდა მოხდეს, რომ სურათი შეიცვალოს.
- ისე, რამდენიმე ტურს კი გაუძელი... მგონი, ეს დიდი მიღწევაა...
- კი, არ ველოდი და ფაქტოვრივად, მიკვირს კიდევაც და მიხარია, რომ ისევ პროექტში ვარ. წინა ლაივშოუზეც რომ გადავედი, ესეც დიდი წარმატება იყო ჩემთვის.
ლალი ფაცია