აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტულის ორგზის მფლობელი, ჩინური ქოჩორიანისა და ჩიხუახუას ნაჯვარი ძაღლი, ელვუდი მოკვდა. ცხოველი 8 წლის იყო.
ელვუდის პატრონის, კარენ კუიგლის თქმით, სავარაუდოდ, სიკვდილის მიზეზი სიმსივნე გახდა, რომლის დიაგნოსტირება დროულად ვერ მოხერხდა.
კუიგლიმ ელვუდი მაშინ აიყვანა, როდესაც ცხრა თვის იყო. ძაღლის მფლობელი მის დაძინებას აპირებდა, რადგან იგი ძალიან მახინჯი იყო. მაგრამ იგი მეპატრონის მეგობარმა შეიფარა, ხოლო მოგვიანებით კუიგლიმ გაზარდა.
2007 წელს ელვუდმა კალიფორნიაში კონკურსი "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი" მოიგო. 2008 წელს მან წარმატება გაიმეორა. ტიტულის მოპოვებაში ძაღლს გრძელი ენა დაეხმარა, რომელიც ყბაში არ თავსდებოდა.
ელვუდს მთელ მსოფლიოში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ისინი მას წერილებსა და ღია ბარათებს უგზავნიდნენ. თავად კუიგლიმ საკუთარ ძაღლზე წიგნი "ყველას უყვარს ელვუდი" დაწერა. მასში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ უჩვეულო გარეგნობის არსებები, შესაძლოა, მიმზიდველნი იყვნენ. კუიგლიმ აღნიშნა, რომ მისი ძაღლის სიმახინჯე მის შვილებს დაეხმარა იმის გაგებაში, რომ "იყო უჩვეულო, ნორმალურია".
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.