"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს და მალე მოძრაობა "დაიცავი საქართველოსთან" ერთად გააქტიურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამის წინაპირობაა სოციალურ ქსელებში წამოწყებული კამპანია - "თბილისელი თბილისის მერად". როგორც "გურია ნიუსი" წერს, გამოცემამ ინფორმაციის გადამოწმება გაჩეჩილაძესთან სცადა, თუმცა მან ტელეფონი გათიშა.
ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ პოლიტიკური კარიერა 1999 წელს დაიწყო, როდესაც ვაკის საარჩევნო ოლქიდან პარლამენტის წევრი გახდა. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად პარტია "ახალი მემარჯვენეები" შექმნა. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, გაჩეჩილაძე "მემარჯვენეების" სიით თბილისის საკრებულოს წევრი გახდა. 2003 წელს კი ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით მას პარტიისგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო და ხმათა 25.7% მიიღო. ბოლო რამდენიმე წელია მას პოლიტიკური ტაიმაუტი აქვს აღებული.