ავლაბრის რეზიდენციის შესასვლელთან მისულ მოქალაქეებს დღის განმავლობაში პრეზიდენტისთვის ჩანაწერების დატოვება შეეძლოთ. სამახსოვრო დღიურში ჩანაწერების უმეტესობა რეზიდენციისთვის სტატუსის შენარჩუნების საკითხს ეხებოდა. ამ თემაზე იქ მყოფთა მოსაზრებები ერთმანეთისგან განსხვავებული იყო, რასაც მოქალაქეთა შორის ინციდენტი მოჰყვა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც იქ მყოფმა ქალბატონმა თავისი ჩანაწერი საჯაროდ გააჟღერა. ის ამბობდა, რომ შენობა აუცილებლად უნდა გადაეცათ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. მისმა მოსაზრებამ იქვე მყოფი მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია, რაც კამათში, მალევე კი ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბში ქალბატონის შვილიშვილი ჩაერთო, რომელმაც მამაკაცს მობილური ტელეფონი ესროლა. დაპირისპირება რეზიდენციის სხვა დამთვალიერებლებმა განმუხტეს და კონფლიქტი მალევე დასრულდა.
ავლაბრის რეზიდენციის დათვალიერების მსურველთათვის სასახლის კარი დღეს 12 საათის შემდეგ გაიღო. მოქალაქეები რეზიდენციაში 2-2 ჯგუფად, 30-30 კაცის შემადგენლობით შეჰყავთ. მათ გიდი ემსახურებათ. მოქალაქეებს სასახლეში მარტივი შემოწმების შედეგად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შეეძლოთ შესვლა.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
"პრეზიდენტო, იმრავლოს შენმა ჯიშმა" -
როგორ ემშვიდობებიან მოქალაქეები სააკაშვილს რეზიდენციაში