6 ნოემბერს, კინოთეატრ "რუსთაველში," რუსული კინოს მე- 4 ფესტივალი გაიხსნა და თითქმის ერთი კვირა გასტანა. ჩამოტანილი ფილმების უმეტესობა პრემიერები იყო, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ გრიალით ჩაიარეს მსოფლიოს საკონკურსო კინოფესტივალებზე. ქართველი მაყურებელი პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე არ იყო განებივრებული რუსეთში შექმნილი ფილმების ყურებით. ამჯერად, სწორად და გემოვნებით შერჩეულმა პროგრამამ საშუალება მოგვცა, სრული წარმოდგენა შეგვექმნა რუსულ კინოზე, რომელიც დღეს დაფინანსებით უკვე აღემატება ევროპულ კინოს და თითქმის არ ჩამორჩება ამერიკულს. ალბათ ამანაც განაპირობა ნიჭიერი რეჟისორებისა და მსახიობების ახალი ტალღის მოსვლა რუსულ კინემატოგრაფში.
ფესტივალის გახსნა
კინოს ფესტივალი "რუსთაველის" პირველ, ყველაზე დიდ დარბაზში გაიხსნა. რუსული კინოს დესანტი საკმაოდ მრავალრიცხოვანი აღმოჩდა, მათ შორის საკმაოდ ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები მრავლად იყვნენ წარმოდგენილი. როგორც ძველი თაობის ერთ–ერთმა ცნობილმა რეჟისორმა აღნიშნა, თბილისი ისეთივე თბილი და ლამაზი ქალაქია, როგორიც 30 წლის წინ იყო, თუმცა ბევრად კეთილმოწყობილი და გაევროპელებული. ფესტივალის პრეზიდენტმა, ცნობილმა რეჟისორმა ელდარ რიაზანოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩამოსვლა ვერ შეძლო, ხოლო ფესტივალის დირექტორობა ამჯერად ქალბატონმა მაკო ჯაოშვილმა იტვირთა.
გახსნის ფილმად წარმოდგენილი იყო ელენე ფეტისოვასა და სერჟ ავედიკიანის ფილმი "ფარაჯანოვი", რომელშიც მთავარ გმირს თვითონ რეჟისორი ასრულებდა. ფილმი ნიჭიერ და ამავე დროს კინოპროვოკატორ თბილისელ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის დრამატულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ეს ალბათ ფილმის სუსტი დრამატურგიის ბრალი იყო. იგრძნობოდა ხელოვნური მცდელობა გმირის როგორ სულით და ხორცით სომხური მსოფლმხედველობის პიროვნებად წარმოჩენისა, რაც როგორც ცნობილია, ყველაზე ნაკლებად ახასიათებდა ფარაჯანოვს. ფილმი ორი თვის წინ ბათუმის კინოფესტივალზეც აჩვენეს.
ფესტივალის მეინსტრიმი და ახალი რუსული კინო
სხვადასხვა, თემატურად შერჩეულ ფილმებს შორის რამდენიმემ მართლაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომელთა შორის აღნიშვნის ღირსია მიხეილ სეგალის ტრაგიკომედია "მოთხრობები". ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერლის მოთხრობების ხელნაწერზე, რომელიც გამომცემლობაში მის მკითხველებს ამ მოთხრობების გმირად აქცევს. ოთხი ამბავი და ოთხი სხვადასხვა ჟანრი: აბსურდული კომედია, სოციალური სატირა, თრილერი და მელოდრამა. ერთ-ერთ მოთხრობის გმირში რუსეთის პრეზიდენტს ამოიცნობთ.
საინტერესო იყო ნატაშა მერკულოვას ეროტიკული კომედია "ინტიმური" ადგილები", ფილმი თანამედროვე მოსკოველებზეა, რომლებსაც განუხორციელებელი სექსუალური ფანტაზიები აწუხებთ და საკუთარი ქვეცნობიერის ლაბირინთებში დაკარგულან. ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობსა და თეატრის მხატვარზეა ოქსანა კარასის ფილმი "რეპეტიციები". ამ ფილმში მთავარ როლებს შესანიშნავად თამაშობენ ნიკიტა ეფრემოვი და ალექსანდრა ვინოგრადოვა. ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე მეგაპოლისის გიჟური რიტმის მსხვერპლზე - ახალგაზრდებზე, რომლებიც სულ ჩქარობენ და ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხების მოგვარებას ხვალისთვის დებენ.
სამნახევარსაათიანი კინოკომედია "შაპიტო შოუ" სერგეი ლობანმა გადაიღო. ოთხი ურთიერთგადამკვეთი ისტორია სიყვარულზე, მეგობრობაზე, პატივისცემასა და თანამშრომლობაზე. მათ ერთი და იგივე დრო, ადგილი - ერთი პატარა ქალაქი ყირიმში აერთიანებთ. ერთი ამბავის მთავარი გმირები სხვა ისტორიების მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან. მოვლენათა კულმინაცია კი შაპიტოს ცირკში ხდება და ხანძრით მთავრდება. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ახალი რუსული კინოს მეტრი პეტრე მამონოვი თამაშობს.
კინო აქცენტით
უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ფილმების უმეტესობაში ეპიზოდურად ჩდებოდა ქართული მოტივები, გმირები, სიმღერები, როგორც ახალგაზრდა რეჟისორებმა აღნიშნეს რუსეთში მათ კინოს ძირითადად ქართული ფილმების მაგალითებით ასწავლიდნენ.
თუმცა, ორ ფილმი მართლაც ქართული აქცენტითაა გაჯერებული. "დედოფალი" 2008 წელს გადაიღეს, მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ვახტანგ კიკაბიძე ასრულებს. ფილმის პრემიერა 2008 წლის 8 აგვისტოს იყო დანიშნული. ცნობილი მოვლენების გამო პრემიერა გადაიდო, ხოლო კიკაბიძის მაშინდელი მკვახე გამონათქვამების გამო რუსეთზე, ფილმი საერთოდ თაროზე შემოდეს და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ ფილმის ჩვენება. მეორე ფილმი კი გიორგი დანელიას "ქინ-ძა-ძას" სრულმეტრაჟიანი ანიმაციური რიმეიკი იყო. ლირიული კომედია ქართველ დიჯეისა და რუსი ვიოლინჩელისტის უკაცრიელ, უცნაური ადამიანებით დასახლებულ პლანეტაზე მოხვედრაზე მოგვითხრობს. გიორგი დანელია ვერც ამჯერად ჩამოვიდა თბილისში, როგორც მისმა მეუღლემ, ქალბატონმა გალინამ განაცხადა, გიორგი ჟანგბადის ბალიშის გარეშე ქუჩაში ვერ გადაადგილდება და მთელ თავის დროს ახალი წიგნის წერას ანდომებს.
სხვა კონოპლატფორმები
ფესტივალზე სხვა თემატური ჩვენებებიც იმართებოდა. ნაჩვენები იყო ცნობილი კინო ოჯახის, მამა-შვილი ანდრეი და ავდოტია სმირნოვების ფილმების რეტროსპექტივა. ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნას მიეძღვნა დიმიტრი ასტრახანის ფილმი "განვედ!", სადაც დიდი ქართველი მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.
ფესტივალზე აჩვენეს ბოლო დროს გადაღებული რუსული ანიმაციური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მათ შორის ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული პროდიუსერის არტემ ვასილიევის ლაბორატორიის ფილმების პროგრამა, რომელთაგან რამდენიმე საქართველოშია გადაღებული. ერთ-ერთ ნოველაში კი მერაბ ნინიძე ჩუპლან ხამატოვას უწევს პარტნიორობას.
"რასპუტინის" პრემიერა
სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა ფრანგების მიერ გადაღებული სერიალის "რასპუტინის" რუსული ვერსიის ჩვენება. ქართული კინოს უკვე კლასიკოსმა ირაკლი კვირიკაძემ მთელი გადაღებული მასალა ერთ სერიაში მოაქცია, შეუცვალა მუსიკა და დიალოგები და ერთსერიან დინამიურ ფილმად აქცია. არც ისე იოლია ასეთ მასალაზე მუშაობა, მაშინ როცა ფილმში ევროპული კინოს ისეთი დიდოსტატები თამაშობენ, როგორიცაა ჟერარ დეპარდიე და ფანი არდანი. სხვათაშორის, ამ ფილმის მოსკოვურმა პრემიერამ სულ ერთი კვირით დაასწრო თბილისურს.ფესტივალის დახურვა
ფესტივალი საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ყველა სტუმარი სცენაზე ერთად ამოიყვანეს, მანამდე კი სოფიკო ჭიაურელის სახელობის საპატიო პრიზი "კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის" ელდარ შენგელაიას და ანდრეი სმირნოვს გადაეცა. ფესტივალი დახურა ალექსანდრე ველედინსკის 2013 წლის "ყველაზე საკულტო" ფილმმა "გეოგრაფმა გლობუსი დაამღერა". ფილმში ნაჩვენებია ვინმე ვიქტორ სლუჟკინის ცხოვრება. დაბეჩავებული უფულობით, ლოთობით და ოჯახური პრობლემებით, მთავარი გმირი სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად ეწყობა და მას ახალი, საინტერესო ცხოვრებისეული გამოწვევები ეწყება. მთავარ როლს რუსული კინოს ვარსკვლავი კონსტანტინე ხაბენსკი ასრულებს.
კობა ბრეგვაძე, Ambebi.ge