მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველას" ფოიეში, მატარებლის მოლოდინში იმ ლიანდაგს გავყურებ, რომელზეც ჯერ მატარებელს არ გაუვლია. გვერდზე გადახრილი გვირაბს გავცქერი და ვხედავ, რომ იქ სადღაც, გვირაბის ბოლოს, სინათლე ჩანს. ამ ლიანდაგებმა, წესით, მეტროსადგურ "უნივერსიტეტამდე" უნდა მიგვიყვანონ, თუმცა, გზა უნივერსიტეტისკენ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია.
ამ ლიანდაგზე მატარებლის ჩამოვლას ყველა მოუთმენლად ელოდება, განსაკუთრებით კი სტუდენტები, რადგან ეს მათ დროსა და თანხას დაზოგავს.
სწორედ ამ გვირაბების მონახულება გადავწყვიტე, მეტროპოლიტენიდან ამოსული ვაჟა-ფშაველას გამზირს ავუყევი და დაკონსერვებული ნაგებობის სათავეს ვესტუმრე. იქ მისულს გვირაბის ინჟინერი გიორგი გოგიჩაიშვილი დამხვდა, რომელმაც გულისწუხილით მითხრა - ოღონდ ეს მეტრო აშენდეს და თუ გინდათ ამ ლიანდაგებს ფეხით შემოგატარებთო...
ჩაფხუტი დამახურეს და რამდენიმე მუშა გვირაბში ჩასასვლელად გამიძღვა. ლიფტში ვსხდებით და მიწის ზედაპირიდან 35 მეტრის სიღრმეში ჩავდივართ. პირველი, რაც შევამჩნიე, სამორიგეო ოთახი იყო, საიდანაც ლიფტის ასვლა-ჩასვლა და წყლის ჩართვა-გამორთვა კონტროლდება. "ეს კონტროლი აუცილებელია, რათა გვირაბები არ დაიტბოროს", - მიხსნის ერთ-ერთი მუშა.
გვირაბებში შუქები ინთება და გზას განვაგრძობთ. იმისთვის, რომ მთავარ გვირაბამდე მიხვიდე, ჯერ დამხმარე და გადასარბენი გვირაბები უნდა გაიარო. ლიანდაგზე რამდენიმე ელმავალი დგას, რომლებსაც მშენებლობის პროცესში სამშენებლო მასალების გადასატანად იყენებდნენ. თუმცა უკვე დატყობიათ, რომ დიდი ხანია უმოძრაოდ დგანან.
აი, მთავარ გვირაბსაც მივუახლოვდით. ბატონი გიორგი მეუბნება, რომ თუ ამ გვირაბს ბოლომდე გავუყვებით, "ვაჟა-ფშაველას" სადგურზე შემომავალ მატარებელსაც დავინახავთ, თუმცა გვირაბში წყლის დონის მატების გამო მისი გავლა ვერ შევძელით.
"დელისი"-"უნივერსიტეტის" სადგურის მშენებლობა 1985 წელს დაიწყო, ხაზი 1,5 კმ სიგრძისაა და იქ ორი სადგურის "ვაჟა-ფშაველას" და "უნივერსიტეტის" გვირაბებისა და ჩიხების მოწყობა იყო გათვალისწინებული. თუმცა 1993 წელს უსახსრობის გამო მშენებლობა შეჩერდა და ნაგებობა დაკონსერვდა. 1998 წელს მშენებლობა კვლავ განახლდა, რის შედეგადაც 2000 წელს მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველას" ერთ გვირაბში სამუშაოები დასრულდა, დანარჩენი ნაგებობები კი კვლავ კონსერვაციის რეჟიმშია. მათ მოვლა-შენახვით სამუშაოებს 2007 წლამდე კომპანია "მეტრომშენი" ახორციელებდა, რაც მას საშუალოდ წელიწადში 500 ათასი ლარი უჯდებოდა. 2008 წლიდან კი ამ სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს.
თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე:
"უკვე ცნობილია, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია თანხები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაიწყოს მეტროსადგურის მშენებლობა. ამ ეტაპზე პროექტის მომზადება დასრულებულია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტის ექსპერტიზისთვის საჭირო სამუშაოებს. შემდეგ კი გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო კომპანიების შესარჩევად. პროექტის განხორციელების სავარაუდო გრაფიკი ითვალისწინებს მომავალი წლის გაზაფხულამდე სამშენებლო კომპანიების შერჩევას და მშენებლობის დაწყებიდან მაქსიმუმ ორ წელიწად-ნახევარში მეტროსადგური ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის".
თბილისის მეტროპოლიტენი ექსპლუატაციაში 1966 წლის 11 იანვარს შევიდა. ამჟამად თბილისის მეტრო 22 მოქმედი სადგურისგან შედგება - 16 განლაგებულია გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 6 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძე 26,4 კილომეტრია.
მაკა ქობალია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)