მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ მე-4 ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა. საქართველოში დღეისთვის 90 000-მდე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირია აღრიცხული, მაგრამ ეს ზუსტი სტატისტიკური მონაცემი არ არის, ვინაიდან მხოლოდ იმ ადამიანებს მოიცავს, რომლებსაც ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის მიუმართავთ. ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სერვისის დაბალი ხარისხის, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმიუწვდომლობისა და სტიგმის (სირცხვილის გრძნობის) გამო, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ, ან ვერ სარგებლობს საჭირო სერვისებით და მკურნალობის გარეშეა დარჩენილი.
ფსიქიური აშლილობის მქონე ადამიანების მკურნალობისთვის მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა საკმარისი არ არის. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია მათ მატერიალურ და სოციალურ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი
თბილისში მოქმედი ერთადერთი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიური ცენტრი მარგიანის ქუჩაზე მდებარეობს. ცენტრში ამჟამად 40 ბენეფიციარი დადის.ცენტრი საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ბაზაზე ფუნქციონირებს და განკუთვნილია მძიმე და ქრონიკული ფსიქიკური შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ამავე დროს, არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა.
ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურანლობის სრული კურსის გავლის შემდეგ, პაციენტები ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ცენტრს აკითხავენ, სადაც მათ დაქვეითებული სოციალური უნარ-ჩვევების აღდგენასა და საზოგადოებასთან რეინტეგრაციაში ეხმარებიან. ბენეფიციარები ერგოთერაპიისა (შრომითი თერაპია) და არტთერაპიის გაკვეთილებს ესწრებიან. სწავლობენ ხატვას, ძერწვას, თექის ნაწარმის დამზადებას, კომპიუტერულ პროგრამებსა და ხეზე კვეთას. ბენეფიციარები ცენტრში დილით მიდიან და მთელ დღეს იქ ატარებენ.
მარიამ გესლაიძეს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი 14 წლის წინ დაუდგინეს, მას შემდეგ ფსიქო-სოციალური ცენტრის ბენეფიციარია: "50 წლის ვარ და 15 წელი ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან და ექიმებთან ურთიერთობაში გავატარე. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. ყველაზე მთავარია, რომ ჯერ ადამიანებთან თანაცხოვრება, შემდეგ კი მათთან ურთიერთობების ხელახლა აღდგენა შევძელი, რაშიც ყველაზე მეტად სწორედ ეს ცენტრი დამეხმარა", - ამბობს მარიამი.
ბენეფიციარები ყველაზე მეტად უმუშევრობას განიცდიან. დასავლეთის ქვეყნებში სახელმწიფო ხელს უწყობს ბენეფიციარებს და მათ ე.წ. დაცულ სახელოსნოებში ასაქმებენ, სადაც უნარ-ჩვევების შესაბამისად სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულება უწევთ, ანაზღაურებაც აქვთ და მხოლოდ სახელმწფოს მხრიდან დახმარების ან ვაუჩერის იმედად არ ცხოვრობენ. საქართველოში ფსიქიკური პრობლემების პირებისთვის მსგავსი საწარმო არ არსებობს.
ბენეფიციარების დაფინანსება
ცენტრის ბენეფიციარების უმეტესობა სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო მათ თვიურად 100-ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს.ფსიქო-რეაბილიტაციის კომპონენტის დაფინანსება "ფსიქიკური ჯანმრთელობის" სახელმწიფო პროგრამაში 2004 წელს ჩაიწერა და ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარით ფინანსდება, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის 1%-ს შეადგენს. დაფინანასება მხოლოდ 100-150 პაციენტს ჰყოფნის, ასეთი ცენტრი თბილისის გარდა, ქუთაისსა და თელავშია გახსნილი.
2013 წლის "ფსიქიკური ჯანმრთელობის" სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 13 725 000 ლარით. 2012 წლის "ფსიქიკური ჯანმრთელობის" პროგრამის ბიუჯეტის 28% ამბულატორიულ მომსახურებაზე დაიხარჯა, 72 კი - სტაციონარზე.
დაფინანასება, რომელიც ფსიქო-სოციალური ცენტრებისთვის არის გამოყოფილი თბილისში, ქუთაისსსა და თელავში, მხოლოდ 100-150 პაციენტს ჰყოფნის.
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მანანა შარაშიძეს ბენეფციართა დაფინანსების კრიტერიუმებსა და ზოგადად, ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა:
"დღეში თითოეულ პაციენტზე უწევს 25 ლარის დახარჯვა (თანხაში შედის
მომსახურე პერსონალის ხელფასებიც), არადა სამინისტროსგან მხოლოდ 11 ლარს იღებს. ესეც მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის 100%-იანი დაფინანსების შემთხვევაში.
თუმცა, ბევრ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს სრული დაფინანსება არ აქვს და
შესაბამისად, არ შეუძლიათ მომსახურების ხარჯიდან დანარჩენი პროცენტის დაფარვა.
არიან ისეთი პაციეტებიც, რომლებსაც არ აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ საჭიროებენ დღის ცენტრის სერვისებით სარგებლობას, თუმცა, ხშირად ადგილები შეზღუდულია და, სამწუხაროდ, ბევრი მსურველისთვის უარის თქმა გვიწევს ხოლმე", - ამბობს მანანა შარაშიძე და იმედს გამოთქვამს, რომ დონორის პოვნისთანავე შეძლებენ ცენტრისთვის გადაცემული ახალი შენობის გარემონტებას, სადაც გაცილებით მეტ პაციენტს ექნება საჭირო სერვისებით სარგებლობის საშუალება.
სტატისტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" 2013 წლის ანგარიშში ფსიქიატრიული დაწესებულებების შესახებ ვკითხულობთ:"ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2011 წელს სულ 67 736 ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობების მქონე ადამიანი დარეგისტრირდა. რეალურად, ეს რიცხვი გაცილებით დიდია. შიზოფრენიის დიაგნოზით საქართველოში 12 083 ადამიანია რეგისტრირებული, მაშინ, როცა მსოფლიოს მოსახლეობაში შიზოფრენიის სიხშირიდან (პრევალენტობიდან) გამომდინარე, საქართველოში ამ სენით დაავადებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს."
რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო?
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ კომიტეტთან არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში მრჩეველთა საბჭოსა და საინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭო ერთობლივად მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე. პროგრამის შემუშავებისთანავე დარგის ექსპერტები და ფისქოლოგები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაიწყებენ ათწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.საზოგადოებისა და მედიის დამოკიდებულება
ბენეფიციარებს, დასაქმების გარდა, მათ მიმართ არსებული დამოკიდებულებაც აწუხებთ, რის გამოც, ისინი ხშირად ერიდებიან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამოსვლას. სტიგმის ხელშემწყობი ზოგ შემთხვევაში საზოგადოებაა, ზოგჯერ კი უშუალოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი იზღუდავს ამ საშულებას.საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მანანა შარაშიძე საზოგადოების მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არასათანადო ინფორმაციის ფლობასა და არასწორ მიდგომებზე საუბრობს:
"არატოლერანტული საზოგადეობა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების საავადმყოფოებში ჩაკეტვას ითხოვს, რაც მათ მიმართ შიშითაა გამოწვეული. მე-20 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მედია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს ხშირად კრიმინალს უკავშირებდა, თუმცა, გამოძიების შემდეგ ირკვეოდა, რომ დამნაშავეები, ხშირ შემთხვევაში, სულაც არ იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები. დასავლურმა საზოგადოებამ ამ არასწორი შიშის დასამარცხებლად სხვადასხვა ღონისძიება გაატარა. ჰოლივუდში გადაიღეს ფილმები: "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", "მე ვარ სემი", "ფორესთ გამპი", რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ამ კლიშეს შეცვლას. თუმცა, საზოგადოება უნდა ეცადოს, რეალურად შეხედოს ამ საკითხს - ფსიქიკურად დაავადებულებს შორის აგრესიული ერთ პროცენტზე ნაკლები შეიძლება იყოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მკურნალობის გარეშე დარჩა. სტატისტიკურად, ჯანმრთელი უფრო ხშირად სჩადის დანაშაულს, ვიდრე ფსიქიკურად დაავდებული. მასმედიას დასავლეთში აქვს ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთან დაკავშირება არაეთიკურ ქცევად ითვლება, ეს სიძულვილის ენაა", - ამბობს მანანა შარაშიძე.
სალომე შიხაშვილი, "ამბები.ge"