საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლი - "ადამიანის მსგავსი არსების შექმნა", რომელიც თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთით ისჯება, ცოტა არ იყოს, აბსურდული და სახალისო ჩანს. მისით დაინტერესებულ პირს აუცილებლად დასჭირდება გამოცდილი იურისტის განმარტება იმაზე, თუ რას უნდა ნიშნავდეს "ადამიანის მსგავსი არსება". ფაქტია, რომ ამ მუხლით დასჯილი დღემდე არავის უნახავს და, როგორც ვარაუდობენ, ვერც მომავალში ვნახავთ, თუმცა იურისტი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ "აღნიშნული კანონი სულაც არ არის უცნაური და ვინაიდან ზოგიერთ ქვეყანაში ეს შესაძლებელია, გამორიცხული არ არის, ახლო მომავალში სამეცნიერო კვლევების დონეზე კლონირება აქაც დაინერგოს".
- სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლი "გენური მანიპულაცია, ანუ ადამიანის მსგავსი არსების შექმნა", კლონირებას გულისხმობს. გენური მანიპულაციები აკრძალულია როგორც საერთაშორისო ნორმებით, ისე ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობით. გენეტიკური გამოკვლევები მხოლოდ სამედიცინო მიზნით დაიშვება, რათა დადგინდეს გენეტიკაში ამა თუ იმ დაავადების ხასიათი და შემუშავდეს მისი მკურნალობის მეთოდი და არა ის, რომ გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით, ანუ უჯრედის მეშვეობით, შეიქმნას ადამიანის მსგავსი არსება.
რიგ ქვეყნებში დასაშვებია კლონირება - ვიცით, რომ დიდ ბრიტანეთში შეიქმნა კლონირებული ცხვარი, ძროხა... რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ჯერ ამის სამეცნიერო დონე და რეალური შესაძლებლობა არ არის. მაგრამ იმდენად მაღალია მიგრაციის დონე და იმდენად მჭიდროა კონტაქტები, რომ არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში სამეცნიერო კვლევების დონეზე კლონირება აქაც დაინერგოს და თუ მას კანონი და შესაბამისი რეგულაცია არ დახვდა, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე შედეგები მივიღოთ.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)