ელექტრონული მოწმობების ალტერნატივის მოთხოვნით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სასულიერო პირთა და მართლმადიდებელ მოქალაქეთა "მართლმადიდებელთა კრებულის" შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობას იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ. შეხვედრის მონაწილეებს "მართლმადიდებელთა კრებულის" სახელით ზაზა ნანობაშვილმა მიმართა. მან გაიხსენა შეხვედრები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, რომელიც ჰპირდებოდა, რომ ამ პრობლემების მოგვარებას შეძლებდა. მისივე თქმით, ამ დრომდე არაფერი არ შეცვლილა.
ზაზა ნანობაშვილმა ასევე ისაუბრა ID ბარათებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე უკრაინასა და მოლდოვეთში და აღნიშნა, რომ იქ მსგავსი პრობლემები არ არსებობს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება მისი ერთი კვირის წინ ექსკლუზიურად გადაღებული მასალა, თუ რა ხდება ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით უკრაინასა და მოლდოვეთში, სადაც ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად არ არის გაცემაში ელექტრონული პირადობის მოწმობი და საზღვარგარეთის პასპორტები. მისივე განცხადებით, აღნიშნულ ქვეყნებში, ალტერნატივის სახით საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშე გაიცემა მოქალაქეებისათვის პირადობის მოწმობები.
ზაზა ნანობაშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გადაინაცვლებენ თბილისის იუსტიციის სახლთან, სადაც 16.00 საათიდან გაგრძელდება მათი სადღეღამისო აქცია ელექტრონული მოწმობების ადმინისტრაციული იძულების წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ევროპის მსგავსად არჩევანის თავისუფლებას და ალტერნატიული უჩიპო მოწმობების სასწრაფო დაშვებას.
ზაზა ნანობაშვილის თქმით, მთავრობამ ათიათასობით ადამიანი დატოვა პირადობის მოწმობის გარეშე და ამით საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა სრული ბოიკოტი, ადამიანებს შეუწყვიტა მოქალაქეობრივი უფლებები, მოუსპო არჩევნებზე მონაწილეობის უფლება.
ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ცხადდება პროტესტი აღნიშნულის გამო და ყველა მშვიდობიანი გზით მოახერხებენ ალტერნატიული საბუთების მიღების შესაძლებლობას.