გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ქოლერის ეპიდემია მძვინვარებს. ამ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის 10 პროვინციაში 180 შემთხვევა გამოვლინდა, 5 დაავადებული გარდაიცვალა. მეზობელი სომხეთი ამის გამო განსაკუთრებულ ზომებს იღებს, ერევნის აეროპორტსა და ქვეყნის სხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავენ, შექმნილია სანიტარიულ-საკარანტინო პუნქტები. სიფრთხილისკენ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, წელს, სექტემბერში, საქართველოს საზღვარი 8000-მდე ირანის მოქალაქემ გადმოკვეთა. მოსალოდნელია თუ არა ქოლერის ეპიდემიის საქართველოში გავრცელება? მიმართავენ თუ არა შესაბამისი სამსახურები საგანგებო ზომებს? - ამ კითხვებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ხათუნა ზახაშვილს მივმართეთ.
- ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული დაავადებების შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ვიღებთ. ამჯერად არ გვაქვს ინფორმაცია ირანის ეპიდემიურ მდგომარეობაზე. თუმცა ქოლერის, ამ ერთ-ერთი რთული ინფექციური დაავადების პრევენცია მეტად მნიშვნელოვანია, რისი საუკეთესო საშუალებაც მოსახლეობის მიერ სუფთა, უსაფრთხო წყლის მოხმარებაა. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, კონტროლი უპირველესად საზღვრებზე კი არა, წყლის ხარისხზე უნდა გამკაცრდეს. ქოლერა წყლით ვრცელდება, არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, მისი გამომწვევი ვირუსი უნდა მოხვდეს წყალში და ამ წყლის სასმელად გამოყენების შემთხვევაში ავადდება ადამიანი. ქოლერის გამომწვევი ვირუსი დაავადებული ადამიანის ორგანიზმიდან მხოლოდ ფეკალიით გამოიდევნება, ამ გზით დაბინძურებული წყლის მიღებისას ავადდება მეორე ადამიანი. ასე რომ, მთავარია წყლის ხარისხი.
- მეზობელმა სახელმწიფოებმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს.
- თუ დაავადებული ადამიანი კვეთს საქართველოს საზღვარს, ის შემოსავლების სამსახურს სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს. ქოლერა მძიმე, საკმაოდ საშიში დაავადებაა, ადამიანი ძალზე ცუდად გრძნობს თავს, აქვს მძიმე შეუკავებელი დიარეა, ასე რომ, სიმპტომები თვითმფრინავშივე გამჟღავნდება. შეუძლებელია, ასეთი ავადმყოფი არ შენიშნო. სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველწლიურად ქოლერის 3-დან 5 მილიონამდე შემთხვევაა, აქედან 120 000-მდე სიკვდილით მთავრდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ამჟამად შეგვატყობინეს, რომ მექსიკაშია ქოლერის აფეთქება, ვარაუდობენ, რომ ვირუსი იქ კარიბის ზღვის ქვეყნებიდან გავრცელდა.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)