თამამი და უკომპლექსო საპატარძლო, რომელიც გამეცნო, როგორც - გვანცა ბაგრატიონ ბარბი საკუთარი საქციელით, ჩაცმის სტილით, აზროვნებით სხვებისგან გამორჩეულია. მოსწონს ფულიანი და მდიდარი მამაკაცები. ოცნებობს, ისეთ ადამიანთან ერთად შექმნას ოჯახი, ვინც მისი კაპრიზების ატანასა და სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებს.
- პირველ რიგში, შენი ოჯახი გაგვაცანი.
- მამაჩემი ბიზნესმენია, დედა კი პროფესიით სცენარისტი გახლავთ. ასევე, მყავს 23 წლის ძმა.
- შენ რა პროფესია გაქვს?
- მხატვარი ვარ და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. რაც შეეხება სიმღერას - ეს ჩემთვის ჰობიც არის და ყველაზე სუსტი წერტილიც.
- ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდი? მშობლები შენ მიმართ სიმკაცრეს თუ იჩენდნენ?
- ძალიან თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე მზრდიდნენ და "გატრიპაჩებული"ვიყავი. მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, ჩემთვის ყველაფერში ხელი შეეწყოთ და დღემდე ასე იქცევიან.
- საზოგადოებას თამამ და უკომპლექსო გოგონად გააცანი თავი. ოჯახის წევრებს ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია აქვთ?
- მოსწონთ, რასაც ვაკეთებ. მე ხომ გარყვნილებას არ ვეწევი, უბრალოდ, შოუს ვდგამ ხოლმე.
- რეალურად, როგორი ადამიანი ხარ?
- ჩემი დადებითი თვისება გახლავთ ის, რომ მეგობრული ვარ, უარყოფით თვისებად კი გულუბრყვილობას დავასახელებ; ძალიან მიმნდობი ვარ, არადა, ცხოვრებამ მასწავლა, რომ არ შეიძლება, ყველას ენდობოდე, ყველასთან მეგობრობდე. გარშემო უამრავი პირფერია. მაგალითად, ზოგიერთი მეგობრობას გეფიცება, ზურგს უკან კი გაგინებს - მსგავსი შემთხვევა ბევრჯერ მქონია. გადავწყვიტე, შევიცვალო და აღარავის ვენდო.
- კიდევ, რას მიიჩნევ შენს უარყოფით თვისებად?
- ფიცხი და კაპასი ვარ, იოლად ვბრაზდები. ამ თვისების გამო საყვარელი ადამიანებიც დამიკარგავს. როცა რაღაც არ მომეწონება, ვცდილობ, გაბრაზებისგან თავი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის, სუსტი ნებისყოფა მაქვს.
- შენი სიბრაზე რაში გამოიხატება?
- ასეთ დროს შეიძლება, ვიღაცას თავში სკამი ჩავარტყა ან ლალი მოროშკინას მსგავსად, ჩანგალი ავიღო ხელში (იცინის).
- პრინციპული ხარ?
- პრინციპული და ამაყი ვარ. თუმცა, თუ ადამიანი ძალიან მაინტერესებს, მის გამო პრინციპებსაც და სიამაყესაც დავივიწყებ. ყველანაირად ვეცდები, რომ გავახარო.
- შენს თაყვანისმცემლებზე რას მეტყვი?
- ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ შეყვარებული არავისზე ვარ.
- აბეზარი ფანები თუ გყავს?
- ჩემი მისამართი და ტელეფონის ნომერი ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, ამიტომ ჯერჯერობით, მსგავსი პრობლემა არ შემქმნია. "ფეისბუკზე"ვინმე რაიმეს ცუდად თუ მომწერს, ეგრევე "ვბლოკავ"... სასიამოვნო თაყვანისმცემლებიც მყავს: ერთი-ორჯერ კართან ყვავილები და დიდი ფუმფულა სათამაშო დამიტოვეს. ძალიან მაინტერესებდა, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ ვერ გავიგე.
- ერთგული ხარ?
- ძალიან ერთგული ვარ. თუ ადამიანი ჩემად დავიგულე, იმასაც "დაერხა"და მეც (იცინის).
- ანუ ეჭვიანიც ხარ?
- ეჭვიანი და მესაკუთრე ვარ. ამოჩემებაც ვიცი: თუ ადამიანი ამოვიჩემე, ჩემს იქით გზა არ ექნება..
- როგორი მამაკაცები მოგწონს?
- ასაკით ბევრად უფროსი მამაკაცები მომწონს, რომლებსაც ჭკუა-გონება არ აკლიათ და რაც მთავარია, საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან. უტვინოები არ მიზიდავს. ჭკვიანი კაცი სიმპათიურიც თუ იქნება, ეს საუკეთესო ვარიანტია (იცინის). ოჯახში მატერიალური მდგომარეობაც მყარი უნდა იყოს. იქ, სადაც სიღარიბეა, სიყვარული ნელ-ნელა ქრება. მიყვარს, როცა მანებივრებენ.
- შენი აზრით, რა ასაკში უნდა დაქორწინდეს წყვილი, ოჯახი რომ არ დაინგრეს?
- ოჯახის შექმნა 28 წლამდე ნაადრევი მგონია.
- შენ რამდენი წლის ხარ?
- 21-ის.
- საოჯახო საქმეების კეთება თუ შეგიძლია?
- ვაიმე, ნეტავ, შემეძლოს. არანაირი სადილის მომზადება არ შემიძლია. თუ ძალიან მშია, შეიძლება, კარტოფილი შევიწვა. უფრო მეტიც, მგონია, რომ სადილების მომზადებას ვერასდროს ვისწავლი. თუ მომავალმა მეუღლემ ჩემი განებივრება ვერ შეძლო, ცუდად ექნება საქმე.
- როგორც ვხვდები, მკაცრად გაქვს გადაწყვეტილი, რომ ცხოვრება აუცილებლად, მდიდარ ადამიანს უნდა დაუკავშირო...
- ასეც მოხდება! მერწმუნეთ, სხვანაირად ოჯახს ვერ შევინარჩუნებ.
- ოჯახის შექმნის შემდეგ, მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე თანახმა იქნები?
- ვაიმეეე... ზოგს ისეთი მშობლები ჰყავს, რომ მათთვის "გამარჯობის"თქმაც შეგეშინდება. გააჩნია სიტუაციას: თუ მისი მშობლები ჩემ მიმართ დადებითად იქნებიან განწყობილი, რატომაც არა, სიამოვნებით ვიცხოვრებ მათთან ერთად... სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, რომელსაც ჩემი ცოლად მოყვანა სურდა, მე კი მას უბრალოდ, მეგობრად მივიჩნევდი. მიუხედავად ამისა, ერთხელ შინ, თავისი მშობლების გასაცნობად წამიყვანა. ვიდრე მათთან ვიყავი, ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოს ჩემით დიდად აღფრთოვანდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ მეპირფერებოდნენ.
- ეს ურთიერთობა როგორ დასრულდა?
- მასთან დღემდე ვმეგობრობ, სხვა არაფერი...
- ტანისამოსის დაუთოება თუ შეგიძლია?
- რაღაცები დამიუთოებია. ჰოდა, თუკი საყვარელი მამაკაცისთვის მომიწევს რაიმეს დაუთოება, ამას აუცილებლად გავაკეთებ. მოაზროვნე და ძლიერი მამაკაცის გვერდით შეუძლებელს შევძლებ!
- მოაზროვნე მამაკაცებს არა მგონია, უტვინო და ცანცარა გოგონები მოსწონდეთ...
- (მაწყვეტინებს) გეთანხმები, ჭკვიან მამაკაცებს გონიერი და განათლებული გოგონები მოსწონთ, გაუნათლებელ და ჩერჩეტ კაცებს კი მხოლოდ სილიკონიანი ქალები.
- საკუთარ თავს ჭკვიან, ერუდირებულ ადამიანად მიიჩნევ?
- დიახ, ასეა! ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემს ასაკთან შედარებით, ზედმეტად ჭკვიანი ვარ. არის შემთხვევები, როცა თავს შეგნებულად ვიჩერჩეტებ და მართლა "ბარბის"თოჯინას ვემსგავსები. შემიძლია, ჭკვიანთან ჭკვიანი ვიყო, უვიცთან - უვიცი.
- საკუთარ ქორწილზე თუ გიოცნებია?
- ვგიჟდები თეთრ და ფუშფუშა კაბებზე. ხშირად მიჩნდება სურვილი, ასეთი ლამაზი კაბა ჩავიცვა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს ზომას ვერსად ვშოულობ და მისი შეკერვა მიწევს. რაც შეეხება ქორწილს, მინდა, ქართული, ტრადიციული, დიდი და ზღაპრული ქორწილი მქონდეს.
- საყვარელ ადამიანთან ერთად, საქორწინო მოგზაურობისთვის რომელ ქვეყანას აირჩევდი?
- საყვარელ ადამიანთან ერთად მთელ მსოფლიოს სიამოვნებით მოვივლიდი.
- ქართველ მამაკაცებს სერიოზული ურთიერთობისთვის ზედმეტად თამამი და უკომპლექსო გოგონები იშვიათად მოსწონთ, მით უმეტეს, თუ მათი რჩეული კამერების წინ ნახევრად შიშველი პოზირებს. არ გიფიქრია, რომ შენი სკანდალურობა შენსავე პირად ცხოვრებას დააზარალებს?
- საზოგადოებამ ჩემი კლიპი რომ ნახა, უსაფუძვლოდ, შეურაცხყოფა მომაყენა და ახლა მიხდება იმის მტკიცება, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანი არ ვარ. რასაც ვაკეთებ, ეს არის შოუ და XXI საუკუნეში ხალხისთვის ამის ახსნა საჭირო არ უნდა იყოს...
- ქართული ტრადიციის თანახმად, როცა გოგონა თხოვდება, ოჯახი მას მზითევს ატანს. მაგალითად, საბნებს, ლეიბებს, ბალიშებს, ჭურჭელს და ა.შ. შენ თუ გაქვს მზითევი?
- (იცინის) არანაირი მზითევი არ მაქვს. იმ ადამიანმა, ვისაც ცოლად გავყვები, კეთილი ინებოს და ყველაფერი, რაც დამჭირდება, სახლში დამახვედროს.
- მომავალმა მეუღლემ არჩევანის წინაშე რომ დაგაყენოს - ან კარიერა, ან ოჯახიო, რომელს დათმობ?
- ასეთ შემთხვევაში, კარიერას ეგრევე "მოვისვრიდი". მისი ხათრით, საცვლებით ფოტოს აღარ გადავიღებ, ეკრანზეც აღარ გამოვჩნდები...
- ანუ, საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერს დათმობ?
- აუცილებლად! გართობის გამო საყვარელ ადამიანს არ დავკარგავ.
- შოუს კეთება შენთვის გართობაა და სხვა არაფერი?
- რა თქმა უნდა, ასეა! მინდა, შოუბიზნესში სერიოზული ნაბიჯებიც გადავდგა, მაგრამ ვინაიდან საქართველოში ასეთი რაღაცებით ფული არ კეთდება, სურვილი ძალიან ძლიერი არ არის. ამ საქმიდან ჩემი "მოგება"მხოლოდ ლანძღვა-გინებაა, რომელსაც ბლომად ვიღებ (იცინის). ჩემს კლიპს "პორნო"უწოდეს, რამაც გამაკვირვა. ამ ყველაფრის გამო დეპრესიაშიც ჩავვარდი, მაგრამ ახლა უკეთ ვარ და გადავწყვიტე, ასეთ რაღაცებს ყურადღება აღარ მივაქციო.
- ხომ შეიძლება, უკომპლექსობის გამო სადედამთილომ დაგიწუნოს?
- ისეთ მამაკაცს, რომელიც დედ-მამის ჭკუაზე დადის და საკუთარი აზრი არ გააჩნია, სერიოზულად ვერასოდეს შევხედავ. ამიტომაც მინდა, რომ ჩემი მომავალი მეუღლე ასაკით ჩემზე დიდი იყოს, საკუთარი და რაც მთავარია, ჩამოყალიბებული აზრები ჰქონდეს და სხვაზე არ იყოს დამოკიდებული. ისე, სადედამთილოს გულის მოგებას არ ვაპირებ. მთავარია, საყვარელი ადამიანის გულის მოგება არ გამიჭირდეს.
- ქართული ტრადიციის თანახმად, დედამთილს "დედას"დაუძახებ?
- (იცინის) ასე საკუთარ დედასაც არ ვეძახი. ოჯახის წევრები ერთმანეთს უბრალოდ, სახელებით მივმართავთ. მაგრამ თუ მეუღლე მთხოვს, დედაჩემს "დედა"დაუძახეო, ვეცდები, სურვილი შევუსრულო.
- როგორ ფიქრობ - გოგონა ოჯახის შექმნამდე ქალწული უნდა იყოს?
- ქორწილის ღამეს შეიძლება, მეძავიც გახდეს ქალწული: როცა დასჭირდება, "გაიკერავს"და ეგ არის... ვფიქრობ, ის მამაკაცები, რომლებიც ამით ზომავენ ქალის პატიოსნებას, ცალტვინები არიან.
- ოქროს ნივთები თუ გიყვარს?
- ყველანაირი სამკაული, მათ შორის - ოქროს ნივთები ძალიან მიყვარს და სურამელაშვილის მსგავსად, "ასხმული"დავდივარ.
- დაბოლოს, ახლო მომავალში საზოგადოების "დაშოკვას"რითი აპირებ?
- ახალ კლიპს ვიღებ და როცა მას იხილავენ, მაშინ ნახე ხალხის გაგიჟება. ეს ყველაფერი მალე მოხდება.
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)