რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარი თეა თუთბერიძე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროცესში, ის სკანდალური განცხადებებითაც გამოირჩევა, რის გამოც საზოგადოების დიდი ნაწილი მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. რამდენიმე წლის წინ თეა ბიჭის დედა გახდა. თეას და გუგა ჟღენტს შვილი შეეძინათ. მათი სიყვარულის შესახებ ათასი ჭორ-მართალი გავრცელდა, საბოლოოდ ამბავი ტრაგიკულად დასრულდა, გუგა ავტოავარიაში დაიღუპა და თეა 3 წლის ვაჟს მარტო ზრდის.
- შვილი ყველაზე მთავარია ჩემთვის, მაგრამ ვცდილობ კვლავ აქტიური ვიყო და არ ჩამოვრჩე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ხანდახან ჩემი შვილიც დამყავს სხვადასხვა ღონისძიებაზე, გააჩნია რა ღონისძიებაა. ბევრი ადამიანი მეხმარება, მათ შორის ოჯახის წევრები, ძიძა, ნათესავები, საბავშვო ბაღშიც დავდივართ. დათის ვატყობ, რომ მამის ხასიათები აქვს, ძალიან მოსიყვარულე, კეთილი და კონტაქტურია. გუგაც ზუსტად ასეთი იყო.
- შენი და გუგას ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, სად გაიცანი გუგა?
- თბილისში. ის პროფესიით მუსიკოსი იყო და ძირითადად საზღვარგარეთულ კლუბებში უკრავდა. გუგა ძალიან კარგი ადამიანი იყო - მოსიყვარულე და ხალისიანი. როცა ვიჩხუბებდით, შერიგების ინიციატორი ყოველთვის თავად იყო და მოულოდნელი სიურპრიზების მოწყობაც უყვარდა. დამთმობი და კეთილი, კარგი მამა, ჩემზე უკეთესი მშობელი - ასე შემიძლია დავახასიათო ის. ერთი წლის იყო დათი, როცა გუგა დაიღუპა და ბავშვმა მაინც ძალიან განიცადა. სურათებს ვაჩვენებდით, მამას როცა ითხოვდა, აბრუნებდა ამ სურათს და ტიროდა, მამა აქედან გამოვიდესო, ვერ ხვდებოდა, რატომ აღარ მოდიოდა გუგა. იმ პერიოდში სულ ტიროდა ბავშვი, მერე ფსიქოლოგთანაც კი მივიყვანეთ მე და გუგას მამიდამ. ფსიქოლოგმა გვირჩია, გარკვეული პერიოდით მასთან გუგას სახელიც არ გვეხსენებინა. დათი ახლა უკვე სამი წლის არის. ვსწავლობთ და ვცდილობთ ვისაუბროთ ინგლისურად, გერმანულად, ძიძის წყალობით რუსულად. ქართულს, რუსულს, გერმანულს და ინგლისურს ხშირად ერთმანეთში ურევს, მაგრამ მერე ალბათ თანდათან დაულაგდება. დავდივართ ბაღში, სადაც ძალიან მოსწონს. ბაღში ბავშვებს მამები რომ აკითხავენ, მასაც უნდა მამამ წამოიყვანოს შინ და სულ კითხულობს, სად არის მამა და ელოდება.
- შენ როგორი იყავი შეყვარებული, ცოტა რთული წარმოსადგენია შეყვარებული თეა თუთბერიძე ჩემთვის...
- როგორსაც თქვენ მიცნობთ, ისეთი რატომ უნდა ვიყო პირად ურთიერთობებში? შეყვარებული აბსოლუტურად განვსხვავდებოდი იმ თეა თუთბერიძისგან, რომელსაც საზოგადოება იცნობს (იცინის).
- ვისგან შეიტყვეთ გუგას გარდაცვალების შესახებ?
- ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო ჩემთვის, გახსენებაც არ მინდა ხოლმე, მაგრამ ჩემი შვილის დახმარებით გადავლახე. ვინც დაიღუპება, მას აღარ ეშველება სამწუხაროდ, თორემ ადამიანები ყველაფერს ვეგუებით. სტუმრად ვიყავი ერთ-ერთ გადაცემაში, როცა დამირეკეს და ეს ამბავი მითხრეს. ის ავტოავარიაში მოყვა, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, მისი მეგობარი ადგილზე გარდაიცვალა, გუგამ კი 7 დღე იცოცხლა. ყველაფერი გავაკეთე ჩემი მეგობრების დახმარებით, რომ გადამერჩინა, კატასტროფის ცენტრის მეშვეობით გადავიყვანეთ ღუდუშაურის კლინიკაში, მაგრამ ვერ იცოცხლა. დროულად რომ გადმოეყვანათ მანქანიდან, ალბათ გადარჩებოდა. რომ მახსენდება როგორ დაიღუპა, ეს უფრო მიმძიმებს ამ ტრაგედიას. გუგა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან 15 წუთი ვერ გადმოჰყავდათ. მართალია, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მძიმე დამწვრობები ჰქონდა მიღებული.
- რა რეაქცია გაქვს იმ ჭორებზე, თითქოს ბაჩო ახალაიას მიმართ გაქვს განსაკუთრებული გრძნობები?
- ანტიქრისტეს მოციქულსაც მეძახიან (იცინის). რა რეაქცია უნდა მქონდეს? ათასი გიჟია ამ ქვეყანაში, რომელსაც ალბათ ნაკლებად წარმოუდგენია, ადამიანი იყოს შენთვის ძალიან ახლო მეგობარი, რომელსაც განსაცდელში არ მიატოვებ და გვერდით დაუდგები. ბაჩო ახალაია მართლაც განსაკუთრებულად მიყვარს და ბაჩოს მსგავსად სულ 4-5 მეგობარი. მე ვამაყობ ჩემი მეგობრებით.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)