საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
გიორგობიანი ინფორმაციას დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ ადასტურებს და განმარტავს, რომ დამატებითი დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას გაავრცელებს.
ამასთან, როგორც შსს-ში განმარტავენ, კეზერაშვილი წითელი ცირკულარით არ იძებნებოდა.
დავით კეზერაშვილის დაკავების დეტალების შესახებ, მისი ადვოკატი შოთა მინდელი ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს.
"ინტერპრესნიუსთან" საუბარში მინდელი არ აკონკრეტებს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია დავით კეზერაშვილის პარიზში ყოფნასთან დაკავშირებით.
დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ საქმეები განხილვის პროცესშია.
დავით კეზერაშვილს პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავება - ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების საქმეებზე, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.
ადვოკატის განცხადებით, კეზერაშვილი არც ერთ წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ სცნობს.