ოქტომბრის დასაწყისში, უკრაინის ლიტერატურის მუზეუმში, ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, მეცნიერისა და დიპლომატის რაულ ჩილაჩავას საავტორო საღამო გაიმართა.
როგორც "ამბები.გე"-ს კიევიდან ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პოეტმა დამსწრე საზოგადოებას ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოცემული ოცდაათი საკუთარი და ნათარგმნი წიგნი წარუდგინა, მაგრამ ერთმა მათგანმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია - ეს არის ათასგვერდიანი ლექსების კრებული "შნო".
"შნო" რაულ ჩილაჩავას მეასე წიგნია, რომელსაც გამორჩეული დიზაინიც აქვს. ათასგვერდიანი კრებული 1600-ზე მეტ ლექსს, ანუ 32 000 სტრიქონს მოიცავს. ქართველი ნიჭიერი მწერლის და მთარგმნელის შემოქმედებას თაყვანისმცემლები, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაშიც მრავლად ჰყავს, გამონაკლისი არც ლატვიაა, სადაც ის 2005 წლიდან უკრაინის ელჩად იყო მივლინებული. რაულ ჩილაჩავაზე ბევრი შეიძლება ისაუბრო, შეუძლებელია ჩამოთვალო მისი დამსახურებები და ჯილდოები, რომელთა რიცხვს 2 ოქტომბერს უკრაინული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, პრესტიჟული პრემია შეემატა - ეს გახლავთ გრიგორი სკოვოროდას სახელობის, საერთაშორისო პრემია "ღვთაებრივი სიმღერების ბაღი" ("Сад божественних пісень"), რომელიც პოეტს საზეიმო ვითარებაში მწერალმა სერგეი ძიუბამ გადასცა.
გრიგორი სკოვოროდა უკრაინული მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფილოსოფოსი და მეიგავე იყო. "მწერლისთვის ნებისმიერი პრემია სასიამოვნოა, რადგან იგი მისი შემოქმედებითი გარჯის დაფასებაა, ორგზის სასიამოვნოა, როცა სხვა ქვეყანა გაჯილდოებს საკუთარი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის", -აღნიშნა თავის სამადლობელ სიტყვაში რაულ ჩილაჩავამ.
საღამოს, რომელსაც ქართველი შემოქმედის გულშემატკივრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ანატოლი ტკაჩენკო უძღვებოდა.
უკრაინის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ვალენტინა ბონდარმა ქართველ პოეტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, მოეფერნენ და თბილი სიტყვებით შეამკეს საღამოს მთავარი გმირი. ასევე მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა, პოეტმა სვეტლანა იოვენკომ, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პროფესორმა იური კოჩუბეიმ და მწერალმა, დიპლომატმა ვსევოლოდ ტკაჩენკომ.
ანა სორდია-კრავჩუკი
გიორგი ბერიძე