"გეტყვით პირდაპირ, - ტელევიზორს არ ვუყურებ. პოლიტიკოსების ახირებები ნაკლებად მაინტერესებს, ერთადერთი, რასაც განვიცდი ის არის, რომ დვანში კუთვნილი ტერიტორიებიდან ქართული მოსახლეობის აყრა-გამოსახლება ხდება", - აცხადებს მუსიკოსი ქეთათო ჩარკვიანი და დღეს დვანში აქციის მოსაწყობად ემზადება. მიდის იქ, რათა მოსახლეობას მორალურად მხარი დაუჭიროს.
- მეტი რა შეგვიძლია. მე და ჩემი მეგობრები დვანში აქციის მოსაწყობად მივდივართ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გავავრცელეთ. დღეს, 2 საათზე, სპორტის სასახლესთან ვიკრიბებით და 4 საათზე დვანში მშვიდობიან აქციას გავმართავთ.
- ეს მუსიკალური აქცია იქნება?
- იქ მოსახლეობას კონცერტი არ სჭირდება. საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი სოფელ დვანში საპროტესტო აქციას რუსი სამხედროების მიერ ქართული მიწის ოკუპაციის წინააღმდეგ აწყობს. აქციის მიზანია, აგრეთვე მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა უფლებები დაუნდობლად ითრგუნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი - მოქალაქეთა პასიურობა ამორალურია. ამის შესაჩერებლად საერთაშორისო გაერთიანების მხარდაჭერა, ანუ ოკუპაციის დაგმობა და უარყოფითი შეფასება საკმარისი არ არის. თუ დროულად არ ვიქმოქმედეთ, რუსის ჩექმა ჩვენს სახლებშიც შემოაღწევს. ამიტომ მთავარი, მისი შეჩერებაა!
- შენთან ერთად, დვანში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიდან კიდევ ვინ მოდიან?
- ნუცა კუხიანიძე, გუკა რჩეულიშვილი...
გუშინ, კაფეში ორ სხვადასხვა მაგიდასთან ვისხედით და პარალელურ რეჟიმში მე ცალკე და გუკა ცალკე ამ თემაზე ვსაუბრობდით. იქვე გავერთიანდით, შევაჯერეთ ჩვენი აზრები და გადავწყვიტეთ, რომ სასწრაფოდ უნდა გვემოქმედა...
- ქეთათო, საპრეზიდენტო არჩევნების წინ შენს მოქალაქეობრივ პოზიციასა და განწყობაზე რას გვეტყვი?
- ნაკლებად მაინტერესებს ეს წინასაარჩევნო კინკლაობა. პირდაპირ ვიტყვით, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, მთავარია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი უფლებები არ გადაითელოს.
- როგორ ფიქრობ, როგორი პიროვნება უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი? როგორც მოქალაქე, რა პირობას უყენებ მას?
- საწორედ რომ ბეწვის ხიდზე გავლის ტოლფასია, როდესაც ასეთი პატარა სახელმწიფო ისეთ მონსტრს ესაზღვრება, როგორიც რუსეთია. დღეს, სწორი და ადეკვატური რეაგირება იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, იმისგან გადაგვარჩენს, რომ საქართველო მსოფლიო რუკიდან არ ამოიშალოს. ასეთ რთულ ვითარებაში გართობა, მაღალ მატერიებზე ლაპარაკი არ უნდა ხდებოდეს. ეს იგივეა, როდესაც წყალწაღებული ღმერთს ეუბნებოდა, მიშველეო. ხელი გაანძრიე და გეშველებაო...
პრეტენზია ზოგადად საზოგადოებასთან მაქვს. ერთი ადამიანის მოლოდინში არ უნდა ვიყოთ... საპრეზიდენტო არჩევნები დიდს არაფერს შეგიცვლის, თუ თითოეულმა მოქალაქემ, საკუთარ თავზე გარკვეულ პასუხისმგებლობა არ აიღო.
არადა, მხოლოდ სხვის ლანძღვაში ვართ და თვითონ არაფერს ვაკეთებთ. ერში სამოქალაქო თვითშეგნება უნდა ამაღლდეს და უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ თითოეული ჩვენგანის ქმედებას შეიძლება, რაღაც შედეგი ჰქონდეს.
- ვინ მიგაჩნია პრეზიდენტობის რეალურ პრეტენდენტად არსებული 23 კანდიდატიდან?
- პირდაპირ გეტყვით, ჩემი განცხადებით არ ვაპირებ წინასაარჩევნოდ ვინმეს ქულა დავუწერო. ეს არის ქვეყნისა და მთელი ერის გადასაწყვეტი საქმე. ასე რომ, საკუთარ მოსაზრებას ჩემთვის შევინახავ.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის
იხილეთ ფოტოგალერეა- ქეთათო ჩარკვიანი სცენაზე და სცენის მიღმა