დიმიტრი ლორთქიფანიძე: "იმედია, ჩვენი პოლიტიკოსები აიღებენ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობას და გაისად, სერბეთის ხელისუფლების მსგავსად, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ"
ირაკლი ვაჭარაძე: "ის საზოგადოება, სადაც რომელიმე სოციალურ ჯგუფს საფრთხე ემუქრება, დემოკრატიულად არ ჩაითვლება"
ნატოს პარტნიორ სერბეთში, რომლის ევროკავშირში გაწევრების საკითხიც 2014 წელს უნდა გადაწყდეს, ახლახანს ერთობ სარისკო ნაბიჯი გადადგეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "დვერის" აქტიურობამ და საპროტესტო გამოსვლებმა აიძულა ხელისუფლება, უარი ეთქვა 28 სექტემბერს ბელგრადში გეიაღლუმის ჩატარებაზე. საპროტესტო გამოსვლების ლაიტმოტივი ჯანსაღი ოჯახური ღირებულებების დაცვა იყო. 27 სექტემბერს "დვერელებმა" მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს ბელგრადის ქუჩებში. აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, არ დაშლილიყვნენ მანამ, სანამ მთავრობა არ მიიღებდა გადაწყვეტილებას გეიაღლუმის გაუქმების შესახებ. მთავრობამაც მალე ფარ-ხმალი დაყარა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგრადში აღლუმი აღარ ჩატარდებოდა.
17 მაისის მოვლენებიდან გამომდინარე, რა შეიძლება სერბეთის პრეცედენტმა გამოიწვიოს საქართველოში? რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს საქართველოს მთავრობამ გაისად? შეაფერხებს თუ არა ეს ჩვენს სვლას ევროპული ოჯახისკენ? - ამ თემაზე "კვირის პალიტრა" ორ განსხვავებული პოზიციის მქონე რესპონდენტს ესაუბრა, უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძესა და ორგანიზაცია "იდენტობის" დირექტორს ირაკლი ვაჭარაძეს:
დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი: - ვფიქრობ, მსგავსი რამ ჩვენთანაც შეიძლება მოხდეს. მთავარია, ხელისუფლებას ამის სურვილი და პოლიტიკური ნება ჰქონდეს. არსებობს საერთაშორისო დოკუმენტი "საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ", რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს უფლებას, საკუთარი მრწამსის შესაბამისად უზრუნველყოს თავისი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა. ლაპარაკია მომავალ თაობებზე, მათ ზნეობრივ განვითარებაზე. სწორედ ამ მომენტიდან გამომდინარე მიიღო სერბეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება. ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და იმედია, ჩვენი პოლიტიკოსები, პარლამენტარები, მთავრობის წევრები აიღებენ თავიანთ თავზე ამ პასუხისმგებლობას და გაისად, 17 მაისს, სერბეთის ხელისუფლების მსგავსად, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.