მზემ გამოიხედა თუ არა, ენვერ რამიშვილმა თოხი ალესა და ყანაში გავიდა. უეცრად თოხი რაღაცას წამოედო. მან თოხი დაუნაცვლა, მაგრამ პირი ისევ რაღაცას წამოედო - ნეტავ, რა ჯანდაბა დაეტაკაო და ის რაღაც ხელით მოსინჯა - თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა, ერთი შეხედვით ჭურს ჰგავს, მაგრამ მის მამა-პაპას მიწაში ჭურები რომ ჰქონოდა ჩაყრილი, ამას რა დაავიწყებდა. მოკლედ, კაცმა თოხი მიაგდო და ოზურგეთის მუზეუმში წავიდა, იქიდან კი თავის ყანაში მუზეუმის დირექტორთან ერთად დაბრუნდა.
გიორგი ტრაპაიძე, ოზურგეთის მუზეუმის დირექტორი: "მართალია, გურულები არქეოლოგიური აღმოჩენებით განებივრებული არ ვართ, მაგრამ ისტორია ჩვენც გვაქვს. ეს კაცი რომ დამელაპარაკა, მაშინვე მივხვდი, მის ყანაში არქეოლოგიური ექსპონატი უნდა ყოფილიყო. მართლაც, თიხის სარკოფაგი არ აღმოჩნდა?! დროთა განმავლობაში მიწის ქანები ცოცავს და, ეტყობა, სამარხიც დრომ ამოიტანა მიწის ზედაპირზე. ასეთი თიხის სარკოფაგი სოფელ ვაშნარშიც აღმოჩნდა. ეს მდიდარი ხალხის სარკოფაგებია, მათი დამუშავება იაფი არ იქნებოდა და აბა, ღარიბს ძვირფას სასახლეს ვინ გაუკეთებდა! არქეოლოგებმა სარკოფაგი IV-VI საუკუნეებს მიაკუთვნეს. ახლა მუზეუმში უკვე ორი ასეთი სარკოფაგი ინახება. ერთი რესტავრირებულია, მეორეს რესტავრაციას ვამთავრებთ..."
როცა მუზეუმში სარკოფაგი ვნახე, გაკვირვებულმა წამოვიძახე, - ვაიმე, რა უზარმაზარია-მეთქი! მიპასუხეს, - აბა, რა გგონიათ, ქალბატონო, გურულები ციდამტკაველები როის ვიყავითო! მერე არქეოლოგ მერაბ ძნელაძესაც დავურეკე. მან - ასეთი სარკოფაგები ქრისტიანობის შემოღების შემდეგ გაჩნდა საქართველოში, მაგრამ უფრო გურიაშიაო.