სიგარეტის გაძვირებაზე საქართველოში კარგა ხანია ლაპარაკობენ, თუმცა ამ დღეებში მოსახლეობა უკვე რეალობის წინაშე დადგა - 1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს აქციზის ღირებულება გაიზარდა: ფილტრიანი სიგარეტისათვის აქციზის არსებული განაკვეთი 60-დან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტროსათვის - 15-დან 20 თეთრამდე გაიზარდა. ამან სამომხმარებლო ბაზარზე თამბაქოს პროდუქციის გაძვირება გამოიწვია - გაძვირდა "ვინსტონი", "მარლბორო", "პარლამენტი" და თამბაქოს სხვა ნაწარმი. მართალია, ჩვენს ქვეყანაში მოწევის წინააღმდეგ ბრძოლა ოფიციალურად არის გამოცხადებული, მაგრამ სპეციალისტთა აზრით, მსგავსი ღონისძიებებით შედეგს ვერ მივაღწევთ, სამაგიეროდ, გაიზრდება სახელმწიფოს შემოსავალი. ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე:
- ჩემი აზრით, სიგარეტის გაძვირება მწეველთა რაოდენობას ვერ შეამცირებს, რადგან 15-20 ან თუნდაც 60 თეთრით გაძვირება მწეველს სიგარეტის მოწევაზე ხელს ვერ ააღებინებს. სიგარეტის ფასი ხუთი-ექვსი ლარი რომ გახდეს, მაშინ შეიძლება რაღაც კატეგორიამ თავი დაანებოს, თუმცა ასეთი მკვეთრი ზრდა ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის და ამიტომაც არც ერთი სახელმწიფო ამას არ იზამს, იმის მიუხედავად, რომ მკვეთრი გაძვირება უფრო ეფექტური გზაა თამბაქოზე უარის სათქმელად. ამავე დროს, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ ყველაზე ეფექტური საგანმანათლებლო ღონისძიებები და იმის ახსნაა, რომ თამბაქო მართლაც ძალზე საშიშია ჯანმრთელობისთვის. თუმცა, რაღა სხვა ქვეყნებში მივდივართ, მე თვითონ ვიყავი თამბაქოს მომხმარებელი წლების განმავლობაში, მაგრამ მოწევა მაშინ შევწყვიტე, როცა ბოლომდე გავაცნობიერე მისი მავნებლობა. იმის მიუხედავად, რომ ჩემს თავს შეძლებულ ადამიანთა კატეგორიას არ მივაკუთვნებ, ვაღიარებ, რომ სიგარეტს ჩემს ფინანსებზე სერიოზული გავლენა არასოდეს მოუხდენია. როგორც ვთქვი, ეს გაძვირება მწეველთა რაოდენობას ვერ შეამცირებს, სამაგიეროდ, ქმნის საფრთხეს, რომ ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდა დაიწყოს. ჩემი აზრით, ეს არ იქნება "აკრძალული ხილის" ეფექტი, რადგან მწეველი გაძვირებულ სიგარეტს მაინც შეიძენს. დავფიქრდეთ, რამდენი ადამიანი ეწევა იმის მიუხედავად, რომ თამბაქოს მავნებლობის შესახებ კარგად იცის. აქციზის გაძვირებით სახელმწიფოს შემოსავლების ზრდა კი მართლაც მოსალოდნელია, სამაგიეროდ, ამ გაძვირებით დაზარალდება დაბალი ფენა, რომლისთვისაც იმ 20 თეთრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლოს კი უნდა აღვნიშნო, რომ თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა არასასურველი პროდუქციისადმი ასეთი მიდგომა ძალიან ბევრ ქვეყანაშია პოპულარული, თუმცა ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციაზე ფასების მომატება ყოველთვის სერიოზულ სოციალურ პრობლემებს ქმნის.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)