ჯანდაცვის მსოფლიო მონაცემებით, დღეს ნევროზი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მეცნიერები ამას, პირველ რიგში, ტექნოლოგიური პროგრესით ხსნიან, რომელმაც ადამიანის ერთგვარი იზოლირება განაპირობა. გარდა ამისა, ზოგ ქვეყნებში მძიმე სოციალურმა პირობებმა და არასტაბილურობის შეგრძნებამ ეს დაავადება ადამიანთა ლამის ჩვეულ სინდრომად აქცია. გვესაუბრება ნევროლოგი ლია ლეკვეიშვილი:
- ნევროზი თითქმის ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმით გვხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორი დიაგნოსტიკა და დიფერენცირება ნევროზისმაგვარი ორგანული სინდრომებისგან. ნევროზი ნერვული სისტემის ფსიქოგენური დაავადებაა. სამწუხაროდ, ნერვული აშლილობა საკმაოდ გახშირდა ჩვენს მოსახლეობაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ხშირია ასევე ამ დაავადების გამწვავების შემთხვევები, რადგან ნევროზით დაავადებული ადამიანები იშვიათად მიმართავენ ექიმს, ცდილობენ ამ პრობლემას თვითონ გაუმკლავდნენ, რასაც ხშირ შემთხვევაში შედეგი არ მოაქვს.
- რა სიმპტომები ახასიათებს ნევროზს?
- გაღიზიანება, შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება, უძილობა. ასეთ ადამიანებს ხშირად სიცოცხლის ხალისიც კი ეკარგებათ. ხშირია ნევროზი ბავშვთა ასაკში და გარდატეხის პერიოდში.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი ბავშვებსა და მოზარდებში?
- ხშირმა ავადმყოფობამ, არასტაბილურმა ოჯახურმა გარემომ, ოჯახურმა კონფლიქტებმა, რაც შემდგომ პიროვნების ჩამოყალიბებაზე მოქმედებს. გარდატეხის ასაკში, როდესაც მოზარდის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ძვრები ხდება, ნევროზი საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ამიტომ ამ დროს მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ შვილების მიმართ, ეცადონ გაუგონ მათ, რადგან მოზარდის ფსიქიკა ამ ასაკში ძალიან ფაქიზია. სწორედ ამ დროს იზიდავთ მოზარდებს ქუჩა, ე.წ. დამშვიდებას ალკოჰოლით ან ნარკოტიკული საშუალებებით ცდილობენ და ცოტა ხანში სავალალო შედეგის წინაშე ვდგებით. ამიტომ, თუ მშობელი ბავშვს და მით უფრო მოზარდს განწყობისა და ქცევის მკვეთრ ცვლილებებს შეამჩნევს, უმჯობესია დროულად მიმართოს ფსიქოლოგსა და ნევროპათოლოგს. დროული დახმარება მოზარდს იმ უარყოფით შედეგს ააცილებს, რომელიც ხშირად ნევროზით იწყება და ფსიქოლოგიური აშლილობით მთავრდება. რაც შეეხება მოზრდილებს, ნევროზის მიზეზი ხშირი ან მუდმივი სამსახურებრივი, ოჯახური თუ ცხოვრებისეული ტრავმებია. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ესა თუ ის ქრონიკული ან გადატანილი მძიმე დაავადებაც.
- სამსახურებრივი ტრავმები ახსენეთ, კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- მძიმე და დაძაბული სამუშაო რიტმი არასათანადო ანაზღაურებით, არაკეთილმოწყობილი სამუშაო გარემო, რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობას უწევს მუშაობა - დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და სხვადასხვა ფორმის ნევროზს იწვევს.
- რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს ამ დაავადებას?
- ზოგჯერ ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევა, ზოგჯერ პირიქით - აპათიური მდგომარეობა, ყველაფრისადმი გულგრილობა და უცაბედი გაღიზიანება. საკმაოდ ხშირია უძილობა.
- რამდენად აუცილებელია ამ დროს ექიმის ჩარევა?
- ყველა შემთხვევაში კარგია, თუ ექიმი დროულად ჩაერევა. მაგრამ თუ ადამიანი აცნობიერებს თავის პრობლემას და შესწევს უნარი, თავად გაუმკლავდეს მას, უნდა სცადოს. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭიროა დასვენება, გარემოს შეცვლა, დადებითი ემოციები, მეტი ჟანგბადი - ბუნების წიაღში სეირნობა, სპორტი.
- რით განსხვავდება ნევროზი დეპრესიისგან?
- თვითონ ტერმინი "დეპრესია" დათრგუნვას ნიშნავს. ეს არის ფსიქიკური მოშლილობა, რომელსაც ახასიათებს როგორც ფსიქიკური, ასევე ვეგეტატიური დარღვევები. ვეგეტატიურიდან გამოყოფენ - თავბრუსხვევას, ძილის დარღვევას, მადის დაქვეითებას, გულის რიტმის დარღვევას, ფსიქიკურიდან - შინაგან ღელვასა და შიშს, აპათიას, გულგრილობას გარე სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი ინტერესის მკვეთრ დაქვეითებას. ხშირად დეპრესიას ფსიქოლოგიური ტრავმა ან პირად ცხოვრებაში მომხდარი ნეგატიური მოვლენა იწვევს (ახლობლის დაკარგვა, ოჯახის დანგრევა). დეპრესია შეიძლება ყოველგვარი მიზეზის გარეშეც განვითარდეს, მაგრამ მისი წინაპირობა მაინც არის ის გარემო, რომელშიც ადამიანს ცხოვრება უხდება - ერთფეროვანი, მონოტონური საქმიანობა. სტატისტიკის თანახმად, დეპრესია 40 წელს ზემოთ ასაკის ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე ამავე ასაკის მამაკაცებში. ხშირია დეპრესია დიასახლისებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართული არიან საოჯახო საქმეებში და გარეთ იშვიათად გამოდიან.
- ამბობენ, რომ ყველაზე კარგი წამალი ამ შემთხვევაში დადებითი ემოცია ან სასიხარულო მოვლენაა.
- მართალია, არა მარტო ამ დაავადებების, არამედ სხვა დაავადებების დროსაც დადებით ემოციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სიხარული იმუნურ სისტემას აძლიერებს. კარგი განწყობის შექმნა სასარგებლოა ნევროზისა და დეპრესიის დროს. რაც შეეხება მედიკამენტებს, ექიმი მათ დაავადების სიმძიმის მიხედვით ნიშნავს. ასევე, როგორც ზემოთ გითხარით, დადებითად მოქმედებს გარემოს გამოცვლა, ბუნებაში სეირნობა, სასიამოვნო ურთიერთობები.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)