"კვირის პალიტრას" ერედვიდან დევნილი, ორგანიზაცია "7 აგვისტო - 2008 წლის" ხელმძღვანელი კაკო ცოტნიაშვილი ესტუმრა და საინტერესო ინფორმაცია გაგვიმხილა. როდის მიატოვეს ძმებმა ახალაიებმა 2008 წლის ომში ერთმანეთი, რას ითვალისწინებდა საქართველოს დაშლა-დანაწევრების გეგმა და რა პროვოკაციის საფრთხე არსებობს უახლოეს მომავალში? - ამ და სხვა საკითხებზე კაკო ცოტნიაშვილი გვესაუბრა:
- ჯერ კიდევ 7 აგვისტოს მივხვდი, რომ ომი იწყებოდა, ამ დროისთვის ოსებმა თავიანთი მოსახლეობა ცხინვალიდან გაიყვანეს. ჩვენმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი ტელევიზიით გადმოსცა, სოფელ დმენისს ქართული მხარე აკონტროლებსო. იცით, სინამდვილეში როგორ იყო? მოსახლეობას დაგვირიგეს იარაღი და გვითხრეს, დმენისი უნდა აიღოთო. წავედით, წარმოიდგინეთ, რუსებმა პოსტზე უპრობლემოდ გაგვატარეს, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, მერე გამოვბრუნდით იქიდან და ამით დასრულდა "დმენისის აღება". ამ დროს თბილისიდან ძმები ახალაიები, გოგი თავთუხაშვილი და "მასტერა", იგივე გია დგებუაძე ჩამოვიდნენ. ისინი დეპუტატ გურამ ვახტანგაშვილის ჯიპით დადიოდნენ ერედვში. თან სამასი სპეცრაზმელიც ჩამოიყვანეს. ახალაიები მოსახლეობას გაუჯავრდნენ, დმენისი აღებული როგორ არა გაქვთო. ამასობაში სოფელში 500-800 კაცამდე რეზერვისტმაც მოიყარა თავი, დაახლოებით 1500 ჯარისკაციც შემოვიდა. ასე, ხუთის ნახევარი იქნებოდა, როცა რუსების თვითმფრინავებმა გადმოიფრინეს და დაიწყეს ერედვის დაბომბვა, 28 კაცი მოგვიკლეს, პირდაპირ სახლებს უშენდნენ ბომბებს. ვახტანგაშვილის ჯიპი, რომელშიც ახალაიებიც ისხდნენ, ახლომახლო ჩამოყრილი ბომბების ძალამ აათამაშა. შეშინდნენ ბიჭები, ჩამოცვივდნენ მანქანიდან და გაიქცნენ. ამას ყველაფერს ტელევიზიები იღებდნენ.
მოკლედ, ვხედავთ, რომ ძმებმა ერთმანეთი მიატოვეს, დათა ახალაია სოფელ დიცისკენ გარბის, ბაჩო კი საპირისპირო მხარეს, ბერუაანთუბნისკენ. რამდენიმე კაცი დავედევნეთ. მივაძახე, ასე ლაჩრებივით როგორ გარბიხართ-მეთქი.
მე ბაჩო ახალაიას ვაგინე კიდეც. მას კი უკან არც მოუხედავს, ისე შევარდა ნოდარ ბერუაშვილის სახლში. "გორის გზა საით მიდის?" - ჰკითხა უცბად შეფეთებულ გლეხს. "შენ ბაჩო ახალაია არა ხარ?" - შეეკითხა გაოცებული ნოდარ ბერუაშვილი. "რა მნიშვნელობა აქვს, ვინა ვარ, საით მიდის გორის გზა?" - გაბრაზდა ახალაია. გლეხმა ხელით მიანიშნა და ბაჩოც გადააფრინდა ღობეს და გაქუსლა. სხვა მაღალჩინოსნებიც მიჰყვნენ... მეთაურები რომ "გაქრნენ", ჯარი გაოგნებული დარჩა. მოსახლეობაში ისტერიკა დაიწყო. მალე რუსებმა გამოგვრეკეს და მოვხვდით კარვების ქალაქში. მე გაზეთების საშუალებით ვამბობდი, რომ ხელისუფლებამ არათუ ვერ შეძლო მოსახლეობის დაცვა, არამედ არც გამოგვიყვანა საფრთხის ზონიდან.
ვინაიდან ბევრი რამეც ვიცოდი, ჩემზე ნადირობა დაიწყეს, მემუქრებოდნენ ხან ჩემი, ხანაც ვაჟიშვილების დაჭერით. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია "7 აგვისტო - 2008 წელი" შევქმენი, ზუსტად სამ დღეში "ნაციონალური მოძრაობის" წახალისებით დაფუძნდა იმავე სახელწოდების სტუდენტური მოძრაობა. ბავშვებს ფული გამოუყვეს და დარბოდნენ აქეთ-იქით, ხან გორში უშვებდნენ ბუშტებს და ხანაც - თავადაც არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ბოლოს მაინც დამაკავეს და გამოაცხადეს, ცოტნიაშვილის სახლიდან ტყვიები ამოვიღეთო. ეს ის ტყვიები იყო, რომელიც თავის დროზე თავად ხელისუფლებამ დაგვირიგა, წადით, სოფელი დმენისი აიღეთო. მოკლედ, 2009 წელს გამასამართლეს, 2000 ლარი ჯარიმა გადამახდევინეს და სამწლიანი პირობითი სასჯელიც მომახდევინეს.