ხათუნა კალმახელიძე - ჩემთან დაკავშირებით ბევრი ცილისწამება გავრცელდა

ხათუნა კალმახელიძე - ჩემთან დაკავშირებით ბევრი ცილისწამება გავრცელდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებით ბევრი ცილისწამება გავრცელდა, რაც მისთვის - როგორც მინისტრისთვის, ხელისშემშლელი იყო. "ძალიან მტკივნეული ამბები გავრცელდა. უამრავ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი უშუალოდ ჩემთან მიმართებაში. იწერებოდა ბევრი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მიუღებელი. ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის ეს ძალიან ხელისშემშლელი იყო, რადგან ბევრ პრობლემას იწვევდა", - განუცხადა ჟურნალისტებს კალმახელიძემ, მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

ყოფილმა მინისტრმა დღეს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ის, რაც ციხეებთან დაკავშირებით გამოვლინდა, მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია და დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს გამოძიებას.

მისივე თქმით, მინისტრობის განმავლობაში მთელი ძალებით ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გაეკეთებინა პენიტენციალური სისტემისთვის. კალმახელიძე აცხადებს, რომ ის არასდროს იყო გულგრილი სისტემაში არსებული მდგომარეობის მიმართ, რაც გატარებულ რეფორმებში გამოიხატებოდა.

"გავატარე ისეთი რეფორმები, როგორიცაა გრძელვადიანი პაემანი. ეს საშუალებას აძლევდა პატიმარს 24-საათის განმავლობაში, წელიწადში რამდენჯერმე ყოფილიყო ოჯახის წევრებთან ერთად. მალე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება გაიხსნება, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩემს მიერ გაკეთებული პროექტია. პრაქტიკულად თავდაყირა დავაყენეთ ჯანდაცვის სისტემა, რადგან რეალურად არაფერი არსებობდა. საუბარი იყო ისეთი სისტემის გამოჯანსაღებაზე, რომელიც აბსოლუტურად დაავადებული იყო. მსურდა სისტემისთვის შემემატა ის სტანდარტები, რაც მას ადამიანურობას შემატებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ ვიხილეთ ის, რაც ვნახეთ. სამწუხაროდ, ჩემი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა კალმახელიძემ.

მთავარმა პროკურატურამ კალმახელიძე დღეს მოწმის სტატუსით დაიბარა და დაკითხა. საქმე პატიმართა წამებას და ციხეებში არაადამიანურ მოპყრობას ეხება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ