რისკისა და თავდადების გარეშე სამხედრო საქმე წარმოუდგენელია, თუმცა გამნაღმველობა ჯარისკაცის ხიფათიან ცხოვრებაშიც კი ყველაზე არაპროგნოზირებადი, ექსტრემალური საქმიანობაა, რაზეც შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბატალიონ "ეოდ"-ის ასეულის ინსტრუქტორთა ჯგუფის სერჟანტი ვახტანგ შიუკაშვილი გვესაუბრება:
- დღემდე ვმუშაობთ ტერიტორიების აგვისტოს ომის შემდგომი ნარჩენებისგან გასუფთავებაზე, როგორიც არის საარტილერიო ჭურვები, საავიაციო ბომბები, კასეტური, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. აზერბაიჯანში გავიარეთ ჰუმანიტარული განაღმვის კურსი, ჩამოყალიბდა "ეოდ"-ის (აუფეთქებელი საბრძოლო მასალების განადგურება) ასეული. გამნაღმველისთვის აუცილებელია უცხო ენების ცოდნა, ხომ უნდა იცოდეს, რასთან აქვს საქმე? სამხედრო ამუნიციაზე, ნაღმზე, საავიაციო ბომბებზე აბრევიატურა ხშირად ინგლისურ, რუსულ ენებზეა. სწავლებისას გამოიყენება იმიტაციური ნაღმები, რომელიც შეცდომის დაშვების დროს ხმას გამოსცემს ან კვამლს უშვებს.
- თუ გაიხსენებთ განსაკუთრებულ შემთხვევას, როცა აშკარა საფრთხე, ადრენალინის მომატება იგრძენით?
- პირველი ასეთი შემთხვევა სოფელ ნიქოზში იყო, აგვისტოს ომის შემდეგ ერთ-ერთი მოსახლის ბაღში ვიპოვეთ რამდენიმე კასეტური ნაღმი და მის ასაფეთქებლად მოვემზადეთ. ჩვენი ჯარისკაცები პერიმეტრს იცავენ, ვინმე რომ არ შემოვიდეს და უცებ ვხედავთ, რომ მწყემსი მოდის. მას ნაღმის ნამსხვრევი აუცილებლად დააზიანებდა. ძალზე მცირე დრო იყო და ძლივს მოვასწარით მისი გაყვანა უსაფრთხო ადგილას, თან, ქართული ხასიათი ხომ იცით, ზოგი გაფრთხილებას არაფრად აგდებს... მეორე ექსტრემალური შემთხვევა საავიაციო ბომბის აფეთქებისას მქონდა. ის საათის მექანიზმზე იყო დაყენებული. საათმა მუშაობა დაიწყო, ეს სპეციალურმა მოწყობილობამ ხმოვანი სიგნალით გვამცნო. წარმოიდგინეთ, რა შეგრძნებაა, როცა ბომბთან 20 სანტიმეტრში დგახარ, ფაქტობრივად, ვეღარაფერს ასწრებ...
- უშუალოდ ველზე გასვლამდე გამნაღმველის ფსიქოლოგიური შემოწმება თუ ხდება?
- რა თქმა უნდა, მას მდგრადი ფსიქიკა უნდა ჰქონდეს. განაღმვის ჯგუფის უფროსი გეკითხება, რაიმე პირადი ან ოჯახური პრობლემა ხომ არა გაქვს, რადგან ამ შემთხვევაში საქმეზე მთლიანად კონცენტრირებული ვერ იქნები, ეს აუცილებელი შეკითხვაა. ასევე ექიმი გიზომავს წნევას, მან უნდა იცოდეს გამნაღმველის სისხლის ჯგუფი და წნევა, მხოლოდ ამის შემდეგ გიშვებენ ველზე.
- მუშაობისას ნაღმის ფორმას და შეფერილობას თუ აქვს მნიშვნელობა?
- შეფერილობას დიდი მნიშვნელობა აქვს, სამწუხაროდ, სამხედრო ტექნოლოგია იხვეწება და მწარმოებელი ქვეყანა ნაღმის ფერს ბუნებრივ გარემოს ისე უხამებს, მისი დანახვა შეუძლებელი ხდება. თუმცა არსებობს მახე-ნაღმებიც, რომლითაც განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს იზიდავენ, ისინი ფერადი და ბრჭყვიალაა, გიჩნდება სურვილი, ხელში აიღო და... აქედან იწყება ტრაგედია. როცა ადამიანი საკუთარ ბაღში, ვენახში უცხო საგანს ხედავს, ცნობისმოყვარეობა ძლევს. ამგვარი საფრთხის შემცველია ბაფთიანი კასეტური ნაღმები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს ფართოდ გამოიყენეს, ლენტის ფერი თვალში საცემი იყო...
- ბოლო ხანს გახშირდა შეტყობინება სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, თბილისის ცენტრში საეჭვო საგნების აღმოჩენის თაობაზე და ხდება ისე, რომ გამნაღმველი საქმიანობს, ირგვლივ კი ხალხი ახვევია...
- როდესაც მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ დაწესებულებაში თუ გარე პერიმეტრზე საეჭვო ნივთია, იმავე წუთში იქ ცნობისმოყვარეთა თუ სეირის მაყურებელთა ჯგუფი გროვდება, რაც ჩვენი საქმიანობისთვის ხელშემშლელია. ხომ შეიძლება საეჭვო ნივთი ხელნაკეთი ნაღმი აღმოჩნდეს? მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ იმ ადგილთან, სადაც გამნაღმველი მუშაობს, 300 მეტრზე მიახლოება არ შეიძლება, მაგრამ ვინ უსმენს, არადა, გარშემომყოფებს დარტყმის ტალღაც დააზიანებს და მეორადი ფრაგმენტაციაც - შუშის, ბეტონის კედლის და ა.შ. სახით... ამგვარი სამუშაოს ჩატარებისას იხშობა სატელეფონო კავშირი, რადიოტალღები, საშიშია ტელევიზიის მობილური აპარატურის მაღალი სიხშირის ტალღებიც, ამას შეიძლება ნაღმის ამოქმედება მოჰყვეს, მაგრამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან და ხანდახან გამნაღმველს "თანაშემწედ" ტელეოპერატორი მიჰყვება...
- გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკაში გამნაღმველებად ვირთხებსაც იყენებენ. ქართულ ჯარში თუ არიან გამნაღმველი ცხოველები?
- ქართულ ჯარში საუკეთესო ჯიშის ძაღლები ჰყავთ შერჩეული "გამნაღმველებად", როგორც ხალხში უწოდებენ, უფრო სწორედ, ისინი ნაღმის აღმომჩენები არიან. გაწვრთნილი ძაღლი ნაღმს იპოვის, ჯდება ან ჩერდება მის სიახლოვეს და ყეფს, შემდეგ კი გამნაღმველი იწყებს მოქმედებას.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)