კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო რენეში წყლის პრობლემა ისევ მოუგვარებელია. სოფელში მხოლოდ ერთი ონკანია, რომელიც დასახლებას არ ჰყოფნის. ამ საკითხის გადასაწყვეტად რენეში მცხოვრები 86 წლის ნარგიზა მელაძე რაიონულ ცენტრში არაერთხელ, თუმცა უშედეგოდ ჩავიდა. "ერთი ქალი დამხვდა იქ, მარინა ჰქვია თუ მანანა, ეგ მუშტზე იფრინება. მე მუშტზე არ მინდა წასვლა, თორემ მაგას ავხევდი შუაზე", - ამბობს ნარგიზა მელაძე.
რენეში სასმელი წყლის რეაბილიტაცია, კომპანია "ნიკუშა +" -თან გასული წლის 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2013 წლის 30 მაისს უნდა დამთავრებულიყო. თუმცა ადგილობრივმა საკრებულომ, კომპანიას დამატებით ერთი თვის ვადა ჯერ 30 ივნისს მისცა, ხოლო შემდეგ 30 აგვისტომდე გაუგრძელა. კომპანიაში პროექტის გაჭიანურების მიზეზად, ენერგოკომპანიის მხრიდან დოკუმენტაციის გაცემის დაგვიანება სახელდება.