თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩანა ახალაია სასამართლომ უდაშაულოდ სცნო და პატიმრობა გაუუქმა. მისი ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დარჩენილ ორ საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ადვოკატ გოგა ონიანის განცხადებით, არც რეინჯერების და არც ციხის ბუნტის საქმეებზე არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბაჩო ახალაიას დანაშაულში ამხელს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატების ინფორმაციით, ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტების ჩვენებები არსებობს, რითაც დასტურდება, რომ ამ საქმეში ახალიას ბრალი არ მიუძღვის.როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, "სასამართლომ თავისი დამოუკიდებლობა" დაამტკიცა. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს პოზიცია "ქართული ოცნების" "მძიმეწონოსნებმაც" კი გაიზიარეს.
რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს ახალაიაზე არანაკლებ ოდიოზურ ფიგურას, ლადო ბედუკაძეს. ახლახანს გამართლებული ციხის ყოფილი თანამშრომლის თქმით, თუ სასამართლო გონს არ მოეგება, შესაძლოა, ქართველი ხალხის რისხვა დაიმსახუროს...
- ეს არის იმის მორიგი დადასტურება, რომ სასამართლო კვლავაც კუბლაშვილის ხელშია და ისევ მის ჯიბის უწყებად რჩება. ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი და დაუშვებელი ფაქტი. თუ ბაჩო ახალაია უდანაშაულოა, მაშინ უნდა გასამართლდნენ ის მოსამართლეები და პროკურორი, ვინც მას ბრალი წაუყენა. ხოლო თუ კუბლაშვილის სასამართლო ახალაიას იმ ორ დარჩენილ ბრალსაც მოუხსნის, ეს უკვე ქართველი ხალხის მოთმინების გამოცდა იქნება.
- თუმცა, ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმოდა, რომ სასამართლოს მის წინააღმდეგ მტკიცებულებების ზღვა ჰქონდა...
- დიახ და ამიტომაც ვამბობ, რომ პროკურატურამ ის პროკურორები უნდა დასაჯოს, ვინც მას ბრალი წაუყენა. თუ ეს პოლიტიკური მოტივით წაყენებული ბრალდება იყო, მაშინ აღიარონ და ამის ჩამდენი ადამიანებიც დასაჯონ.
- თუკი თქვენ თავს იმ სისტემის თანამონაწილედ მიიჩნევთ, მორალურად რამდენად გამართლებულია თქვენი მხრიდან იმის თქმა, რომ ბაჩო ახალაია არ უნდა გათავისუფლდეს, მაშინ როცა თქვენ ხართ თავისუფალი?
- ვერ გეტყვით... დაე, ხალხმა, საზოგადოებამ განსაჯოს, რომელი უნდა იყოს თავისუფალი.