პაროდისტი გოგონა და დაბნეული ზესტაფონელი ბიჭები

პაროდისტი გოგონა და დაბნეული ზესტაფონელი ბიჭები

18 წლის ანი გელაშვილმა გადაცემაში - "გააცინე და მოიგე" ჟიური და ტელემაყურებლები ცნობილი ადამიანების: მაია ასათიანის, შორენა ბეგაშვილის, გივი სიხარულიძისა და "კომედი შოუს" პერსონაჟის - ცისმარის პაროდიებით გაამხიარულა და 400 ლარი მოიგო. გოგონას რამდენიმე პაროდია კიდევ ჰქონდა მომზადებული, მაგრამ თამაში შეწყვიტა...

- ემოციების გამო, ვეღარ ვფიქრობდი. არ მეგონა, ამდენსაც თუ მივაღწევდი. კიდევ 3 ადამიანის პაროდია მქონდა მომზადებული. ახლა გული მწყდება, თამაში რომ არ გავაგრძელე.

- ვისი პაროდიები გქონდა მომზადებული?

- მიშას პერსონაჟის - ჯულის, ვახო ბიჭიკაშვილის - კასპელი ზაურასი და ბატონი დავით აქუბარდიასი.

- განსაკუთრებული მოწონება "შორენას სიცილს" ხვდა წილად. ამ პაროდიის შესაქმნელად ბევრი შრომა დაგჭირდა?

- სხვათა შორის - არა. პირველად ისე, სპონტანურად გავაკეთე და რადგან კარგი გამოვიდა, საკუთარ თავზე მუშაობა და ვრცელი ტექსტების მომზადება დავიწყე; მერე სიცილიც თავისთავად "მოვიდა".

- დიდი ხანია, რაც ცნობილი ადამიანების პაროდიებს აკეთებ?

- დაახლოებით 2-3 წელია ანუ მას შემდეგ, რაც "მანსანკანის" თამაში დავიწყე. ჯერ ზესტაფონში (იქ ვცხოვრობდი, მაგრამ ქუთაისში გავთხოვდი), სკოლის გუნდში ვთამაშობდი, მერე ნაკრებში გადამიყვანეს და ქუთაისში, "იმერეთის ლიგაში" ვითამაშე. სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ - ფინალში მე-4 ადგილზე გავედით... ზესტაფონში, სასკოლო შეჯიბრებაზე "მის მანსანკანი" გავხდი.

- შენი პირველი "მსხვერპლი" რომელი ცნობილი ადამიანი იყო?

- მიშა ანდღულაძის პერსონაჟი - ჯული.

- გადაცემაში - "გააცინე და მოიგე" როგორ მოხვდი?

- "კომედი არხმა" კასტინგი რომ გამოაცხადა, მეუღლემ ანკეტის გაგზავნა შემომთავაზა და მეც დავეთანხმე. რამდენიმე თვის შემდეგ დამირეკეს, გასაუბრებაზე მივედი და გადაცემისთვის ამირჩიეს.

- ალბათ, ქუთაისში განსაკუთრებულად პოპულარული ხარ...

- არ ვიცი. ისე, ქუჩაში ერთი-ორი ადამიანი შემხვდა და ჩემ მიმართ სიმპათია გამოხატა. ძალიან გამიხარდა.

- გიორგი ვარდოსანიძემ პირველ გადაცემაში თქვა: გოგონები იუმორის ნიჭით იშვიათად გამოირჩევიანო. ეთანხმები?

- ნაწილობრივ ვეთანხმები: იუმორით მამაკაცები უფრო მეტად გამოირჩევიან, ვიდრე - მანდილოსნები.

- ოდესმე, ცნობილი ადამიანის სახელით ვინმესთან ტელეფონით ხომ არ დაგირეკავს და გახუმრებიხარ?

- როგორ არა. რადიოს იუმორისტულ გადაცემაში ჩემი პაროდიებით ხალხს ვაშაყირებდით. ერთხელ ბევრმა დაიჯერა, რომ ზესტაფონის რადიოში შორენა იყო მიწვეული და როცა ბიჭები ტელეფონზე გვირეკავდნენ, იბნეოდნენ; ეგონათ, რომ შორენა ბეგაშვილს ელაპარაკებოდნენ, მისი ხმა ესმოდათ (იცინის).

- მოგებული 400 ლარი რაში გამოიყენე?

- ჩემი პატარისთვის რაღაცები შევიძინე, ასევე - ჩემთვისაც. მოკლედ, მოგებული თანხა თამამად დავხარჯე.

- ორსულობის მერამდენე თვეში ხარ?

- უკვე მეშვიდე თვეში ვარ. ბავშვის სქესი უკვე ვიცი - ბიჭს ველოდები.

- ოჯახი როგორ შექმენი? მეუღლეც იუმორით მოხიბლე?

- ზესტაფონში იუმორისტული კონცერტი მზადდებოდა. ქუთაისიდან რამდენიმე "მანსანკანელი" ჩამოვიდა, მათ შორის - ჩემი მომავალი მეუღლეც. ერთად ვთამაშობდით და ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო: 2 თვე შეყვარებულები ვიყავით, მერე კი ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. როგორც თავად ამბობს, იუმორით მოვხიბლე (იღიმის).

- თანატოლები ხართ?

- ჩემზე 1 წლით უფროსია.

- 2 იუმორისტის შეყვარებულობის პერიოდი როგორი იყო?

- ხალისიანი. ორივე ასეთი მხიარული რომ ვართ, ერთმანეთის ამიტომ გვესმის. პირველად რეპეტიციაზე ხუმრობით შემომაპარა, რომ ვუყვარდი, მერე ცოტა "დამისერიოზულა". მის მიმართ გრძნობა მეც მქონდა და ამაში მალევე გამოვუტყდი. სიმართლე გითხრათ, ბევრი არც მიფიქრია, ცოლად ისე გავყევი. ყველაფერი უცებ მოხდა... ოჯახის წევრები ჩვენს დაოჯახებას მშვიდად შეხვდნენ, რასაც არ ველოდი.

- ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე ხარ?

- სკოლა-კოლეჯი დავამთავრე, საბავშვო ბაღის პედაგოგის სპეციალობით. ზესტაფონში სხვა არჩევანი არც იყო (იცინის).

- ისე, რა პროფესიის დაუფლების სურვილი გაქვს?

- თეატრალურ უნივერსიტეტში მინდოდა მესწავლა, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- გადაცემის ჟიურის წევრებს მგონი, ძალიან მოეწონე. "კომედი ჯგუფთან" თანამშრომლობა ხომ არ შემოგთავაზეს?

- ჯერჯერობით - არა, მაგრამ მათთან თანამშრომლობის დიდი სურვილი მაქვს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები