სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულის მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 22 ივნისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებული იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს ,,მექანიზატორის" რიგ თანამდებობის პირთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნაწილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ხსენებული ვიდეოჩანაწერის როგორც მოპოვება, აგრეთვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვა განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და ხსენებული მოქმედებები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საპროცესო მოთხოვნებთან", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ამსთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას გუშინდელ დაკითხვაზეც ჰქონდა ადგილი.
კახა კოჟორიძის განმარტებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართავს.