სახალხო მკურნალი დომენტი გაგნიძე წართმეული 1 240 000 ლარის დაბრუნებას ითხოვს. როგორც დომენტი გაგნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინა ხელისუფლებამ იგი "სასაცილოდ აიგდო და განაიარაღა".
სახალხო მკურნალი ყვება, რომ 2011 წელს, ფინანსურმა პოლიციამ თელავში მისი ქონება დააყადაღა და ამპულები და ფილტრები ოფისიდან წაიღო. გაგნიძის ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა მას კუთვნილი სეიფის გახსნა მოთხოვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ სეიფის გასაღები დაკარგული ჰქონდა. როგორც მკურნალი ამბობს, ფინანსურმა პოლიციამ სეიფი გაჭრა და 1 240 000 ლარი წაიღო.
გაგნიძის განცხადებით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი 1995 წლამდე რუსეთში მლესავად მუშაობით ჰქონდა გამომუშავებული.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დომენტი გაგნიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი ყოფილი პაციენტი ივანე დემნაშვილი, რომელმაც სახალხო მკურნალის წამლების უებრობაზე ისაუბრა. დემნაშვილის თქმით, მას რამდენიმე წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდა, ხოლო დომენტი გაგნიძის მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ ახლა უკვე მეორე შვილს ელოდება.
როგორც დემნაშვილმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ჯანდაცვისსამინისტრო დომენტი გაგნიძეში კონკურენტს ხედავდა და სწორედ ამიტომ "დააყაჩაღა" იგი ფინანსურმა პოლიციამ.
ანა მარშანია