საქართველოს მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობებზე, მათ შორის ჯავახელ სომხებზე, გავლენას ახდენს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის გაჩაღებული ბრძოლა - წერს სომეხი დიპლომატი, ვარანტ მეგვერდჩიანი გამოცემა "ასბარეზში" გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით "ჯავახეთი - ახალი გამოცდა ქართული დემოკრატიისათვის".
"ივანიშვილის მოსვლამ გააჩინა რეფორმებისა და ცვლილებების იმედი. სწორედ ამიტომ შეხვდა მას თბილად ჯავახეთის სომეხი მოსახლეობა. სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ეს იმედი დაპირებად იქცა, როდესაც სომხეთში ჩასულმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახლა მისი ჯერია, შეასრულოს არჩევნებისწინა დაპირებები ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან უკვე 9 თვე გავიდა - შეასრულა კი ივანიშვილმა გულუხვად გაცემული დაპირებები?
აქტივისტების - ვაჰაგნ ჩახალიანისა და არმენ პოღოსიანის განთავისუფლებამ ცხადყო, რომ ივანიშვილს ძალუძს როგორც გადაწყვეტილებების მიღება, ასევე მისი განზრახვა, რაღაც-რაღაცეები შეცვალოს. მისასალმებელია ასევე მისი გადაწყვეტილება, რეგიონის საკვანძო თანამდებობებიდან სააკაშვილის ხალხის გათავისუფლების და მათი საკუთარი მომხრეებით ჩანაცვლებისა.
მაგრამ ამის გარდა, ივანიშვილმა მოგვცა სერია დაპირებებისა, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს. მაგალითად, იგი დაგვპირდა, რომ დააფინანსებდა ისტორიულ კომისიას, რომელიც გაარკვევდა ჯავახეთისა და საქართველოს ეკლესიების წარმომავლობას და ვის უნდა ეკუთვნოდეს ისინი. ამ საკითხზე დისპუტი აქვთ ქართულ და სომხურ სამღვდელოებას. ამას გარდა, იგი დაგვპირდა, რომ გაუმჯობესდებოდა განათლების მდგომარეობა ჯავახეთში - სომხური ენის სწავლებისათვის დაწესდებოდა დამატებითი საათები, სომხეთის ისტორია შევიდოდა სასკოლო კურიკულუმში და ნებართვა გაიცემოდა პირველი სომხურენოვანი უნივერსიტეტის გახსნაზე ჯავახეთში. ეს მხოლოდ ნაწილია იმ დაპირებისა, რომელთა გარშემო ახლა ამდენი სპეკულირება მიმდინარეობს.