"ძალიან ბევრი უცხოელი ავტორი მომწონს, მაგრამ ჩემი ვაჟა-ფშაველა და რუსთაველი მთელ ქვეყანას მირჩევნია!" - ამბობს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, რომელიც უამრავი საინტერესო, ორიგინალური კულტურული ღონისძიების სულისჩამდგმელი და ინიციატორია:
- ბატონო დავით, ნათქვამია, ჩვენ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო... რა წაიკითხეთ ბავშვობაში ისეთი, რამაც თქვენზე განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა?
- ბავშვობიდან მოყოლებული, უკვე აღარც მახსოვს რამდენჯერ მაქვს წაკითხული "ვეფხისტყაოსანი" და ვაჟა-ფშაველა. სულ პატარა ვიყავი, დედაჩემმა მსოფლიო ლიტერატურის 80-ტომეული რომ შეიძინა, რაც იმ ოთხმოც ტომში მსოფლიო ლიტერატურის შედევრებია შესული, ბავშვობიდან ყველას დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით ვკითხულობდი. არ შემიძლია არ ვახსენო გალაკტიონი, ილია, აკაკი, მაგრამ ჩემთვის ვაჟა-ფშაველა მაინც უპირველესი პოეტია.
- როგორ ფიქრობთ, შეიძლება ბავშვი ასეთი სერიოზული ავტორებით იწყებდეს ლიტერატურასთან ზიარებას?
- თუ ბავშვმა არ იცის ვაჟა, გალაკტიონი, ილია, მარტო იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების ცოდნა საკმარისი არ არის. ხშირად ამ საკითხში მშობლებიც სცოდავენ. მე ორი ქალიშვილი მყავს, ძალიან კარგი მასწავლებლები ჰყავთ, მაგრამ უკვე ხუთი წელია ჩვენთან მოდის პედაგოგი, რომელიც მათ ქართულ ლიტერატურას ასწავლის. უფროსი უკვე 18 წლისაა და დიდი იმედი აქვს, რომ მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მაღალ ქულებს სწორედ ქართულში მიიღებს. უმცროსი კი ჯერ 13 წლისაა, მაგრამ საკმაოდ კარგად იცის ჩვენი ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. თავიდანვე თუ არ იცი შენი სამშობლოს ისტორია და მწერლობა, მაშინ ვერც უცხოურს დააფასებ, ვერ შეიგრძნობ.
- თუმცა, დღეს საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუ კარგი ქიმიკოსი ან ფიზიკოსი ხარ, მაშინ მხოლოდ ფიზიკა ან ქიმია უნდა იცოდე კარგად...
- ასეთი რამ ჩემი აზრით, მიუღებელია. ჩვენი წინა მთავრობის მახინჯი მიმართულება იყო, რომ თუ ინგლისური არ იცოდი, ძალიან გაგიჭირდებოდა. არავინ ამბობდა, რომ ინგლისურის სწავლამდე ჯერ შენი უნდა ისწავლო. ამიტომ ყველაფერი გაუფასურებული იყო, ინგლისური ლამის ქართულზე მაღლა იდგა და ბუნებრივია, ბავშვებს აღარ აინტერესებდათ არაფერი - გადასული იყვნენ ინგლისურისა და კომპიუტერის სწავლაზე. ოჯახს ამ საკითხშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჯერ შენს ენას უნდა სცე პატივი, რომ სხვისი გიყვარდეს, თუ შენი არ გიყვარს, სხვას როგორ შეიყვარებ? ისე კი არ გამიგოთ, რომ მე ინგლისურის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასეა. ოჯახმა უნდა გაზარდოს შვილი და მისცეს მას შესაფერისი განათლება. ძალიან მინდა ჩემი შვილების თაობა ნაკითხი და განათლებული იყოს, რადგან უწიგნურ ადამიანს პატივს არ ვცემ. მთავარი ის კი არ არის, ჰალსტუხს რომ გაიჭერენ და შარვალ-კოსტიუმს ჩაიცვამენ, ადამიანი ნაკითხი და განათლებული უნდა იყოს. უწმინდესმა ტყუილად კი არ გამოაცხადა შაბათი წიგნის დღედ! - სამწუხაროდ, ის დამოკიდებულება წიგნის მიმართ, რაც ჩვენს თაობაში იყო, დღეს უკვე აღარ არის და ჩვენი პატრიარქის ეს ინიციატივა დღესდღეობით ორმაგად მნიშვნელოვანია.
- თუმცა, ახლაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც ბევრს კითხულობენ და კარგად იციან ქართული პოეზიაც და მწერლობაც...
- რასაკვირველია. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი თანამედროვე პოეტი და მწერალი გვყავს, რომლებიც ძალიან საინტერესო ნაწარმოებებს ქმნიან. სულითა და გულით მინდა, რომ ახალგაზრდა ქართველი მწერლების პოპულარიზაცია დაიწყოს და მათი წიგნები უცხო ენებზე ითარგმნოს. სხვათა შორის, ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ბიძინა ივანიშვილს, რომლის მსგავსი ნაკითხი პრემიერ-მინისტრი ჯერ არ გვყოლია, ერთი იყო ზურაბ ჟვანია, რომელიც განათლებითა და წიგნიერებით გამოირჩეოდა, ახლა კი - ბიძინა ივანიშვილი. ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ძველი თაობის მწერლის თხზულებები ითარგმნა მისი ინიციატივით, მართალია, მას არ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ მსოფლიო ძალიან მალე გაიგებს, როგორი მწერლები გვყავს საქართველოში. მათი რჩეული ქმნილებები სულ მალე ითარგმნება, რაც ძალიან მახარებს. საბედნიეროდ, ისეთი ხალხი მოვიდა ქვეყნის სათავეში, რომელიც ცდილობს ქართულ მწერლობას პოპულარიზაცია გაუწიოს, ჩვენ დღესაც გვყავს მწერლები, რომელთა შემოქმედება აუცილებლად უნდა გაიცნოს მსოფლიომ.
- უცხოელ მწერლებს შორის ვინ არის თქვენი რჩეული?
- ამჟამად ვკითხულობ იაპონელი მწერლის ჰარუქი მურაკამის თხზულებებს, რომელიც დღეს იაპონიაში ძალიან პოპულარულია. მიყვარს შტეფან ცვაიგი, ბევრი უცხოელი მწერალი მომწონს, თუმცა ჩემი ვაჟა და რუსთაველი მაინც ყველას მირჩევნია!
- სამაგიდო წიგნები თუ გაქვთ?
- ამჟამად მაგიდაზე ორი წიგნი მიდევს - პატრიარქის ქადაგებები და დეილ კარნეგი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. კარნეგი ბევრ რამეს გასწავლის ადამიანებთან ურთიერთობაში, გასწავლის, რომ ზემოდან არავის უნდა გადახედო. მართალია, ასეთი უნდა დაიბადო, მაგრამ მისი რჩევები მაინც ბევრ რამეს ცვლის ადამიანის ცხოვრებაში. ეს ჩემი სამაგიდო წიგნია, სამსახურშიც მაქვს, სახლშიც და ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან.
- ახლა კი უშუალოდ თქვენს სფეროს შევეხოთ, როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია სიმღერის ტექსტი თუ მელოდია?
- სიმღერის შინაარსი უმთავრესია. მუსიკა მხოლოდ მაშინ არის კარგი, თუ ის ორიგინალური, ლამაზი ტექსტის მიხედვით არის დაწერილი. შეიძლება სიმღერა სულაც არ იყოს განსაკუთრებული, მაგრამ როცა მისი ტექსტი კარგია, მაინც ისმინება. ახლა კი როგორი სიმღერები მოგვიმრავლდა? - გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებენ - მიყვარხარ, მენატრები, წვიმს, ან თოვს… ბუნებრივია, რომ ასეთ ლექსზე შექმნილი მელოდიაც არ არის გამორჩეული და სასიამოვნო. შეიძლება მელოდია იმდენად საინტერესო არ იყოს, მაგრამ სიმღერის ტექსტმა მოგხიბლოს, მაგრამ თუ ორივე ჰარმონიულად არის ერთმანეთთან შერწყმული და დაკავშირებული, ეს უკვე კარგია. რატომ გახდა მთელ მსოფლიოში პოპულარული სიმღერა "თბილისო?" - იმიტომ, რომ მისი ტექსტიც და მუსიკაც ერთნაირად ლამაზი და განუმეორებელია. იგივე შეიძლება ითქვას თეატრზეც: თავის დროზე ძალიან მიყვარდა "კავკასიური ცარცის წრე", "ეზოში ავი ძაღლია" და სხვა სპექტაკლები, სადაც გენიალურად თამაშობდნენ ჩვენი მსახიობები. მიმაჩნია, რომ ამ სპექტაკლების სიძლიერე პირველ რიგში იმ ნაწარმოებებით იყო გამოწვეული, რომლის მიხედვითაც ისინი დადგეს. ამიტომაც უნდა მივაქციოთ ლიტერატურას, მწერლობას განსაკუთრებული ყურადღება.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)