ვარლამ (ლალი) ნიკოლაძეს ქართველი აუდიტორია კარგად იცნობს. მისი შესრულებული ზურაბის როლი ფილმში "ზოგი ჭირი მარგებელია" მოარულ მხიარულებად იქცა და "მოიდა ზურაბა" - ფრთიან ფრაზად... თეატრის მოყვარულთა წრეს ახსოვს მისი დაარსებული, მსოფლიოში უპრეცედენტო თეატრი "ექო", სადაც სმენადაქვეითებული და უსინათლო მსახიობები იდგნენ სცენაზე და თავისი თამაშით აოცებდნენ არა მარტო ქართველ მაყურებელს... საქართველოში იციან, რომ ეს მრავალმხრივი ნიჭის ხელოვანი "ნიკოლშოუს" ბიჭების მამაა...
ცოტა ხნის წინ, palitraTV-ზე ძალიან პოპულარული თურქული სერიალის - "ეზელის" ჩვენება დაიწყო. სერიალში ბატონი ვარლამი ერთ-ერთ როლს ასრულებს და მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე არცთუ დიდი ხნით რჩება, ქართველმა მაყურებელმა სიხარულით მიიღო მისი გამოჩენა. ვარლამ ნიკოლაძე თურქეთში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს, მას მერე, რაც XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ტრაგიკული მოვლენები განვითარდა. იმის გამო, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას "ინტელიგენციის დარბაზს" ხელმძღვანელობდა და კომუნისტური რეჟიმისაგან საქართველოს გათავისუფლებაზე ოცნებობდა, "სამშობლოს მოღალატე", "ოდიოზური ფიგურა" და კიდევ ათასი სხვა სისულელე უწოდეს. ამიტომაც აღმოჩნდა თურქეთში... ქართველებისთვის კარგად ცნობილია, ვინ ხართ, მაგრამ თურქეთში როგორ გიცნობენ-მეთქი, ვკითხე:
- ალბათ, გეტყვიან,“ვარლამ-ხოჯაო. ხოჯა თურქულად რამდენიმე აზრით იხმარება და ყველა შემთხვევაში პატივსაცემ და ავტორიტეტულ კაცს ნიშნავს: მოძღვარი, მასწავლებელი, საქმის მცოდნე და გზის გამკვლევი... რეჟისორიც ხოჯაა და ფეხბურთის მწვრთნელიც... თურქეთის მთელი თეატრალური სამყარო ასე მიცნობს, რაღა დაგიმალოთ და, მეც მსიამოვნებსო.
1992 წელს თურქეთში სასოწარ-კვეთილებისაგან აღმოვჩნდი... კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი შევარდნაძის უკან დაბრუნებისა, მაგრამ დიდი ზარ-ზეიმით ჩამოიყვანეს მოსკოვიდან... თურქეთში ჯერ დამლაგებლად ვმუშაობდი ტრაბზონის ტყავის ქურთუკების მაღაზიაში, ამერიკულ ბარში მომღერალ-მუსიკოსად, მერე თეატრზე ჩემსავით შეყვარებული ნეჯათ ზენგინი გავიცანი და ერთად კერძო თეატრი დავაარსეთ, რომელიც კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირით" გავხსენით. თურქეთში ჩამოსვლისას არც ერთი სიტყვა თურქულად არ ვიცოდი, მაგრამ 4-5 თვის მერე ისე ავითვისე, რომ "დარისპანის გასაჭირიც" კი ვთარგმნე... თურქულიდან ქართულად ვთარგმნე თანამედროვე თურქეთის გამორჩეული დრამატურგები, სულ 48 პიესა. ჩემი თარგმნილი თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა "ზვავი" დიდი წარმატებით დაიდგა საქართველოს რამდენიმე თეატრში.
ორ ცეცხლშუა აღმოვჩნდი, ერთი მხრივ, ბატონი ოზდემირ ნუტკუ (საქართველოს მასშტაბით უცნობილესი კრიტიკოსი ბესო ჟღენტი) მეპატიჟებოდა იზმირში მის მიერ გახსნილ სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე პედაგოგად, მეორე მხრივ, ბატონი ჯუნეით გოკჩერი (საქართველოს მასშტაბით დიდი აკაკი ხორავა) - ანკარაში ბილკენტის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე. იზმირში 11 წელი ვიმუშავე, ჩემი გამოზრდილი მსახიობები დღეს თურქეთის თეატრისა და კინოს ვარსკვლავები არიან. მერე მაინც მომიწია "ბილკენტში” მუშაობამ. 5 წელი სტამბოლის "მალტეპეს” უნივერსიტეტში თეატრალური კათედრის გამგე ვიყავი.