4 ივნისს, 08 საათსა და 15 წუთზე, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის მცხოვრებლები აფეთქების ხმამ გააღვიძა. ძლიერი აფეთქება მერვე კორპუსის მე-7 სართულზე, ხუდოიანების ოჯახში მოხდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, დაშავდა ბინაში მყოფი 73 წლის ქნარიკა ხუდოიანი და მეზობლად მცხოვრები 5 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. ექიმების განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ნაზი ავდალიანი: ეს ჩემი შვილის ბინაა. სახლში ექვსნი ცხოვრობენ: ცოლ-ქმარი, ორი ბავშვი და ბებია. ამ აფეთქების დროს ჩემი შვილი ბავშვებთან ერთად ჩემთან იყო სტუმრად. შინ მარტო 73 წლის ბებია იყო. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ბავშვები სახლში არ იყვნენ, თორემ საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა. ბებიას მხოლოდ დამწვრობა აქვს. საწყალი, წამოწოლილი ყოფილა. ერთი თვეა, რაც რემონტი გავაკეთეთ, ყველაფერი სულ ახალი იყო, საიდან გაჟონა გაზმა, არ ვიცით. სახლი საცხოვრებლად უვარგისია, ყველაფერი დაინგრა, ყველა ფანჯარა და კარი ჩარჩოიანად მოგლეჯილია.
მეზობლად მცხოვრები სოფიო შვანგირაძე მომხდარს ასე იხსენებს: მეექვსე სართულზე ვცხოვრობ, დაბლა ჯიხური მაქვს და დილით იქ ჩავედი, დავჯექი თუ არა, ისეთი ხმა გაისმა, გეგონებოდა ბომბი აფეთქდაო. ვხედავდი, მაღალი სართულის ფანჯრებიდან როგორ ცვიოდა მინები და კედლის ნანგრევები. ჩემს ბინაშიც ყველა ფანჯარა ჩამტვრეულია და კედლებიც დაბზარულია. არ ვიცი, რა მოხდა, ძველი ბინა რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო, მაგრამ ახალგარემონტებულ ბინაში ეს როგორ მოხდა?
მიხეილ შვანგირაძე: კორპუსის წინ პატარა ბაღი მაქვს და მოგლეჯილი ფანჯრები იქ ჩაცვივდა. ისეთი სიძლიერის აფეთქება იყო, რომ კარ-ფანჯრები, დაახლოებით, 20 მეტრზე ისროლა. ჩემს ბინაშიც საყრდენი კედელი არაფრად აღარ ვარგა, სულ დაბზარულია.
გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელ ნოდარ სანდუხაძის განცხადებით, ყველა დაზარალებულს ბინების მოწესრიგებაში გამგეობა დაეხმარება.
მაკა ქობალია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)