მისთვის ოქროს სამკაულების შეძენა პრეზიდენტს სულ რაღაც 962 ლარი დაუჯდა. ამ მონაცემს ვკითხულობთ პარლამენტარ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პრეზიდენტის დაცვის ხარჯვითი ნაწილის დოკუმენტებში.
ის, რაზეც მანამდე წლების განმავლობაში ჭორაობდნენ, რომ პრეზიდენტი თავის ფავორიტ მომღერლებს, მსახიობებსა და პარლამენტარ ქალბატონებს გულუხვად აჯილდოებდა, სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ დადასტურდა.
ივანა მელაისთვის მირთმეული ოქროს ნაკეთობები ზღვაში წვეთი აღმოჩნდა იმ საჩუქრებსა და ხარჯებთან შედარებით, რაც პრეზიდენტს მარიამ საჯაიას სამაჯური და თინა ბოკუჩავას ტელეფონი დაუჯდა. მაგრამ უკრაინელ ქალბატონთან ასეთი მცირედით არ "შეგვირცხვენია" თავი, ჩვენ ის უხვად დავასაჩუქრეთ.
უკრაინელმა პოპდივამ, რომელიც თავის ქვეყანაში საშუალო დონის მომღერლად მიიჩნეოდა, თავისი სტუმრობით დაახლოებით ორი წლის წინ გაგვაბედნიერა და სამშობლოში აღარც წასულა. ჩვენი ქვეყნის პირველი პირი განახლებული მესტიის საზეიმო გახსნაზე გაიცნო და გულმა მაშინვე საქართველოსკენ გამოუწია. მუშაობა "პირველ კავკასიურზე" დაიწყო და ქართულ ბომონდსაც გაეცნო.
მალე სხვადასხვა წამყვან არხზე სხვადასხვა გადაცემის სტუმრის რანგში გამოჩნდა. ამას მოჰყვა სექსუალური კლიპი ნოდიკო ტატიშვილსა და დათუნა მგელაძესთან. საკუთარ დედას მორცხვად უმღეროდა და უმხელდა, როგორ შეუყვარდა ქართველი ვაჟკაცი. ქალბატონმა მელაიმ სოლოკონცერტი ბათუმში პიაცაზე გამართა. სხვათა შორის, ეს კონცერტი ბევრისთვის მხიარულების მიზეზად იქცა, რადგან წვიმის და ალბათ იმის გამოც, რომ მელაი მაშინ სრულიად უცნობი მომღერალი იყო, პიაცაზე სულ 3 მსმენელი მივიდა.
მხიარული, მუდამ მოვლილი და ფორმაში მყოფი უკრაინელი ქალბატონი მალე იქცა გადაცემების სასურველ სტუმრად. როგორც ამბობენ, ამის გამო პრეზიდენტის საყვარელი მომღერალი, მისი მთავარი ფავორიტი ქალბატონი სერიოზულად ეჭვიანობდა. საინტერესოა, როგორ ხასიათზე დადგა, როცა ივანასთვის შეძენილი სამკაულების ანგარიში გამოქვეყნდა.
ივანამ თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ ფეშენებელურ კორპუსში დაიდო თბილი ბინა და ჯერ კიდევ "რეიტინგთან" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, კითხვაზე, როგორ გამოხატავდნენ ქართველი მამაკაცები მის მიმართ ყურადღებას, ამბობდა: "ყოველ წუთს ვგრძნობ მათ ყურადღებას. მყავს იდუმალი თაყვანისმცემლები, რომლებიც მიგზავნიან ყვავილებს, სუნამოებს, წერილებს. ბოლო დროს რესტორნებში სიარული მეუხერხულება, რადგან მუდმივად მიხდიან ანგარიშს, თუ ის ადამიანები ახლა ამ ინტერვიუს კითხულობენ, მადლობა მათ".