ჟურნალისტი დავით პაიჭაძე გრიგოლ ვაშაძის წერილთან დაკავშირებით "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
"აჟიოტაჟი ვაშაძის წერილზე არის სისულელე. დაგვიღია პირი და შევყურებთ პოლიტიკოსების ადენილ ბოლს. შედეგს შევხედოთ: ვაშაძემ წერილი დაწერა და რასაც წერდა (კონცერტები გავმართოთო), ის არ გამოვიდა. "ერისიონი" ფრენა-ფრენით წავიდა კრემლში ახლა, ეგებ ყოველგვარი წერილის გარეშე. რომელია უფრო მნიშვნელოვანი - განზრახვა თუ რეალური რეზულტატი? ძალიან, ძალიან რბილად რომ ვთქვა, გამჭრიახობის გამოვლენად არ მიმაჩნია 2008-ში სახელმწიფოს ძალისხმევის დახარჯვა რუსეთში კონცერტების გასამართად. მაგრამ გონების სიძლიერეზე არ უთითებს აღტაცება იმით, რომ "ოცნება" ძრახავს "ნაციონალებს" ამ ნაბიჯის გამო. ლოგიკურად, "ოცნება" თავს უნდა გვაწონებდეს, რადგან გამოუვიდა ის, რაც არ გამოსდიოდათ "ნაციონალებს": "ერისიონის" კონცერტი კრემლში.
P.S. პასუხი "აბა, წასულიყვნენ, როგორ იჭიკჭიკებდი" და ა.შ. მიმაჩნია არანაკლებ სისულელედ.
ამოდონა რევერანსებიანი წერილი ამ ხელისუფლებას რომ დაეწერა, ნაცმოძის აქციები და ხაჩიძის ხტუნვა, მაშინ გენახათ:)
დიახ, ეს პოლიტიკაა, რომელიც უწინარესად ფასდება შედეგებით და არა, ვთქვათ, იმით, რომ "ბერიას საბჭოთა კავშირის მოდერნიზება უნდოდა და არ აცალეს": წავიდა წინა ხელისუფლების დროს რომელიმე ქართული დასი კრემლში სატანცაოდ? არ წასულა. ახლა წავიდა? დიახ, წავიდა.
წერილი გაიგზავნა, მაგრამ ის არ შედგა, რისთვისაც გაიგზავნა. ვიმეორებ, არ მიმაჩნია, რომ მსგავსი წერილი რაციონალობის ნიმუშია პოლიტიკაში (პატრიოტიზმი და სხვა ბროწეულები გვერდზე გავწიოთ), მაგრამ რა გადაწონის: წერილის გაგზავნა თუ ნამდვილი დასის ნამდვილად ჩასვლა კრემლში?
თუმცა, ვისთვის რა უფრო ფასობს - ალაჰმა უწყის
ჩემი აზრით, არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, თავად ცეკვა-თამაშის ფაქტი, როგორც ასეთი, შედგა თუ არა - მთავარი მისი სურვილია.
სწორედ ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა; თვითმკვლელობის სურვილი და თვითმკვლელობა ერთია?", - წერს დავით პაიჭაძე.
ექსპერტ გია ხუხაშვილის ინფორმაციით, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრ ალექსანდრ ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობდა.
იხილეთ ასევე: "გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მიწერილ წერილზე კომენტარი გააკეთა"