მომღერალი ოთო ნემსაძე პროექტის - "ახალი ხმა" უკრაინულ ვერსიაში მონაწილეობს. როგორც თავად გვითხრა, - კონკურსები კი არ აშინებს, არამედ იზიდავს. ოთოს წარმატების დიდი იმედი აქვს, მით უმეტეს, რომ პირველი ტური უკვე ღირსეულად გადალახა.
- შენ 2010 წლის "ჯეოსტარი" ხარ. საინტერესოა, ამ პროექტმა რა შეცვალა შენს ცხოვრებაში? მუსიკა დღეს შენი შემოსავლის ძირითადი წყაროა თუ არა?
- ახლა ბენდთან ერთად ვმუშაობ. პროექტის დასრულების შემდეგ დღე არ გასულა, რომ არ მემღეროს. "ურბან ლოუნგში" ვმღერი მარიკო ებრალიძესთან, სალომე ბაკურაძესა და ნინი წიკლაურთან ერთად. დიდი ბედნიერებაა, რომ პროფესიონალ მუსიკოსებთან მიწევს ურთიერთობა. მათთან შედარებით, მე ძალიან "პატარა" ვარ...
მოგეხსენებათ, საქართველოში მუსიკოსობით თავის რჩენა შეუძლებელია, მაგრამ ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც მუსიკაა. რა ვქნა, მე მუსიკით ვცოცხლობ, ამის გარეშე არ შემიძლია. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ მსმენელს იმისთვის, რომ ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოში ბევრი რამ შეიცვლება და შოუბიზნესიც გამოცოცხლდება. ბოლო დროს ხშირად ვმონაწილეობ საქველმოქმედო კონცერტებში და მიხარია, ამდენი გულმოწყალე ადამიანი რომ გამოჩნდა. შეიძლება, ვიღაცას ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ჩემთვის მთავარია, მუსიკასთან მქონდეს შეხება, ხოლო მატერიალური მხარე მეორეხარისხოვანია.
- ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულე?
- ალბომი, რომელიც "ბრავო რეკორდსში" ჩაიწერა, აპრილში გამოვა. გეტყვით იმასაც, რომ ის ოთარ რამიშვილის ხსოვნას მიეძღვნება. უბედნიერესი ვარ, რომ არანჟირება ზვიად ბოლქვაძემ გააკეთა...
- უკრაინაში გამართულ პროექტში - "ახალი ხმა" მონაწილეობ. მსგავსი პროექტი საქართველოშიც იყო. საინტერესოა, აქ რატომ არ სცადე ბედი?
- ვფიქრობ, საქართველოსთვის "ახალი ხმა" არ ვარ - ბოლოს და ბოლოს, ფილარმონიის სცენაზე 14 ტურში მაქვს ნამღერი, სხვადასხვა ჟანრში. "ახალმა ხმამ" საქართველოში ნიჭიერი მომღერლები გამოავლინა. რაც უფრო მეტი კარგი მომღერალი გვეყოლება, მით უფრო წინ წავა ქართული შოუბიზნესის საქმე. რაც შეეხება უკრაინულ "ახალ ხმას": უკრაინის საელჩოსთან ხშირი ურთიერთობა მქონდა - ისინი სხვადასხვა ღონისძიებაზე მეპატიჟებოდნენ. სამი კვირის წინ, უკრაინაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მითხრეს, რომ "ახალი ხმის" კასტინგი ტარდებოდა და მეც შემეძლო მონაწილეობის მიღება. ჰოდა, ასე შემთხვევით მოვხვდი "ბრმა კასტინგზე". სხვათა შორის, სიმღერის დროს ჩემკენ ოთხივე მწვრთნელი შემოტრიალდა.
- ამ დროს როგორი ემოცია დაგეუფლა?
- ჩემი გამოსვლიდან ერთადერთი ის მახსოვს, რომ დარბაზში მსხდომები ფეხზე წამოდგნენ და ტაშს მიკრავდნენ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მივხვდი, რომ კონკურსი და მსმენელი მომნატრებია... დიდ პატივს ვცემ უკრაინულ მუსიკას. მათ უმაგრესი ფოლკლორი აქვთ; ახალგაზრდა მუსიკოსებიც კარგ რაღაცებს წერენ და მიხარია, "ახალ ხმაში" მათთან ერთად რომ მოვხვდი.
- კონკურენცია დიდია?
- საკმაოდ. ამ კონკურსში არა მარტო ჩემი და უკრაინელი შემსრულებლების, არამედ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ამერიკიდან უკრაინაში ჩასული კონკურსანტების მოსმენაც შეგიძლიათ. სხვათა შორის, ამ პროექტში ქართველი გოგონაც მონაწილეობს. თუმცა, ქართველი მსმენელი მას არ იცნობს... ახლა ხშირად მეკითხებიან: ამ პროექტში თუ გაიმარჯვებ, უკრაინაში ხომ არ დარჩებიო? მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა: ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და კარგი შემოთავაზებაც არაერთხელ მიმიღია, მაგრამ საქართველოს გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ...
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას, რომ უკრაინაში გამართულ კონკურსში მიგეღო მონაწილეობა?
- დედამ ისიც კი არ იცოდა, რომ უკრაინაში მივდიოდი, რადგან ყოველთვის, როცა თვითმფრინავში ვჯდები, საოცრად ნერვიულობს. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ახლა უხარია, უკრაინაში გარკვეულ წარმატებას რომ მივაღწიე.
- პროფესიით ეკონომისტი ხარ. ამ სპეციალობით არ აპირებ მუშაობას? მუსიკის გარდა, რითი ხარ დაკავებული?
- მეოთხე წელია, "რა? სად? როდის?" უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ და საკუთარი ინტელექტის რეალიზებას ვცდილობ. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, მინდა სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელო...
- დაბოლოს, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ყველაფერი კარგად არის. არავის ვაწუხებ და მუდამ შეყვარებული ვარ. ოთო ნემსაძე ძალიან კარგად გრძნობს თავს, ბედნიერია და უხარია ცხოვრება. ყველას ვურჩევ, იცხოვრეთ სიყვარულით და ხშირად უყურეთ მულტფილმებს.
ჟანა გოგინაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)