საქართველოს პრეზიდენტის პაროდისტების რიცხვს წინა კვირას კიდევ ერთი, ქართლოს ნატროშვილი შეემატა. "კომედი შოუმ" პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის სკეტჩი შემოგვთავაზა, სადაც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გამოჩნდა. სიცილი, მანერები, სიარული, ხმა, სუნთქვაც კი ისე აქვს მიმსგავსებული იუმორისტს, მაყურებლის უმეტესობამ მისი ნამუშევარი დადებითად შეაფასა.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე, იურიდიული ფაკულტეტი - საერთაშორისო სამართალი. ახლა მაგისტრატურაზე ვსწავლობ. პროფესიით ჯერ არ მიმუშავია, სტაჟირებას თუ არ ჩავთვლით ლტოლვილთა სამინისტროში.
- სადაური ხარ?
- მამა კახელია, დედა - მეგრელი. სტუდენტობის დროს გაუცნიათ ერთმანეთი და სამეგრელოში შეუძენიათ ბინა. ბავშვობის გარკვეული პერიოდი გაგრაში გავატარე, საბავშვო ბაღშიც იქ დავდიოდი. შემდეგ იყო აფხაზეთის ომი და გემით დავტოვეთ იქაურობა. მას მერე ლტოლვილი ვარ.
- პრეზიდენტის პაროდიის ნიჭი როდის აღმოგაჩნდა?
- 2005 წლიდან მივხვდი, რომ პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება შემეძლო. ერთ დღესაც მიშას ხმით დავილაპარაკე და გამომივიდა. სპეციალურად ამისთვის სარკის წინ არ მიმეცადინია და არც მისი გამოსვლებისთვის მიდევნებია თვალყური გამიზნულად.
- "კომედი შოუს" გუნდმა როგორ გიპოვა?
- სრულიად შემთხვევით. ერთი კვირის წინ სამეგრელოში ვიყავი ქორწილში. შარშან ბათუმში ძმაკაცის ქორწილში მიშას ხმით ვილაპარაკე, მთხოვეს და უარი ვერ ვთქვი. სამეგრელოშიც გადამეკიდა ეს ბიჭი, გააკეთე მიშას პაროდიაო და... საერთოდ, თუკი სადმე ამას ვაკეთებდი, ინტერნეტით ვიდეოს გავრცელების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი.
- კომპლექსი გქონდა?
- არა, კომპლექსი რომ მქონოდა, ამდენ ხალხშიც არ გამოვიდოდი. უბრალოდ, არ მინდოდა. ეს უკანასკნელი ისე შემომიჩნდა, მივეცი უფლება, დაედო საიტზე. ასე მიპოვა "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელმა. ალეკო მალხაზიშვილმა დამირეკა და მთხოვა მოვსულიყავი. მალევე დაიდგა სკეტჩი "პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა". ძირითადად ექსპრომტი იყო ყველაფერი. ოთხი საათით ადრე მომცეს ტექსტი, მაგრამ ისე კარგად ვიცნობ უკვე ამ ადამიანს, მთავარია, შინაარსი ვიცოდე, სიტყვები თავისით მოდის.
- ოჯახის წევრები როგორ უყურებენ შენს ახალ სამსახურს?
- ნეიტრალურად. ჩემი მშობლები აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები არიან. ერთი წლით ჩემზე უფროსი და მყავს, ორი დისშვილი. თავად დასაოჯახებელი გახლავართ. მამაჩემი მოსკოვში ცხოვრობს. იქ აქვს თავისი ბიზნესი. ოჯახში არც არავის გავუკრიტიკებივარ და არც არავის შევუქივარ ამ პაროდიის გამო.
- შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს პოლიტიკასთან?
- როგორ გითხრათ, არ ვარ პოლიტიკის ტალახში ამოსვრილი. 2004 წლის 4 იანვარს, 2008 წლის 5 იანვარს, 2003 წლის 21 მაისს და 2012 წლის 1 ოქტომბერს, გადაამოწმეთ, არც ერთ ამ დღეს ქართლოს ნატროშვილი არჩევნებზე არ დაფიქსირებულა.
- და ამაყობ ამით?
- ერთი წუთით, ნინო, როცა პრეზიდენტი ლაპარაკობს, კეთილი ინებე და მოისმინე! ამით არ ვამაყობ, მაგრამ ვერც იმით ვიამაყებდი, რომ არჩევნებზე მივსულიყავი! როგორ იცდენს მიშა უხერხულ შეკითხვებს თავიდან, იცი?
- კი, გარბის.
- არა, სხვა თემაზე გადადის.
- ქუჩაში გცნობენ უკვე?
- არა, ჯერ სულ ერთხელ გამოვჩნდი ტელეეკრანზე და ყველა მაგ დროს ხომ არ უყურებდა ტელევიზორს, მაღაზიაში გამიღიმეს ერთი-ორჯერ, ეს იყო და ეს.
- პრეზიდენტის პაროდიას აკეთებდნენ მამუკა ლომაშვილი, გიორგი აფციაური. შენ, ფაქტობრივად, გიორგი ჩაანაცვლე. ეს უხერხულობას არ გიქმნის?
- არა, რატომ? გიორგი შარშან გავიცანი. რამდენიმეჯერ "თქვენი შოუს" ჩაწერასაც დავესწარი. გიორგის გაცნობა მინდოდა. გავიცანი კიდეც, ვისაუბრეთ. მაშინ ყვირილი არ დამიწყია, არიქა, პრეზიდენტის პაროდია შემიძლია, მის ხმას ვფლობ-მეთქი.
- მხოლოდ მის ხმას ფლობ? ბევრი სხვა ნიუანსიც გამოჩნდა სკეტჩში, მანერები თუნდაც.
- მიხეილ სააკაშვილს მოხარშული კვერცხივით ვიცნობ. ვიცი როგორია მოხუცებულთან, სტუდენტთან, ბავშვთან, პოლიტიკურ ელიტასთან. ყველგან სხვადასხვანაირია. რომ გამოდის და განცხადებას აკეთებს, ყველაზე კარგად მე ვიცი, როგორ ხასიათზეა. ამ ცხრა წლის განმავლობაში შევისწავლე ჩემდა უნებურად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სპეციალურად არ მიმეცადინია.
- როგორი გოგონები მოსწონს პრეზიდენტის პაროდისტს?
- როცა მისი ხმით ვლაპარაკობ, მისი გემოვნებაც შემომეპარება ხოლმე (იცინის). ზოგადად, რა გითხრათ, თავმდაბლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. გარეგნობა არ არის ჩემთვის მთავარი. საკმარისია, 15 წუთი გავესაუბრო ქალს, რომ მივანიჭო სტატუსი, თუმცა ქალი მაინც ამოუცნობი არსებაა.
- პაროდიის ნიჭი მეგობრების გასაშაყირებლად გამოგიყენებია?
- როგორ არა. მახსოვს, ერთხელ ერთ-ერთ რაიონში დავრეკე, სინათლე არ იყო და სასწრაფოდ ჩართეთ-მეთქი, ვუთხარი. 2010 წლის ამბავს ვყვები, ძველს კი არა. 3 წუთი ველაპარაკე. იქიდან მიხსნიდნენ, 17-კილომეტრიანი "ტროსია" გაწყვეტილიო. არ მაინტერესებს, 3 საათში ელექტროენერგია იყოს რაიონში-მეთქი, ვუთხარი და გავუთიშე ტელეფონი. მართლაც ჩართეს. მერე ისე მოხდა, გაიგო ამ კაცმა, მე რომ ვიყავი. სოფელი მაინც ხომ იცი რა არის, მიუტანეს ენა. დამიძახა კაბინეტში და მითხრა, ძალიან გთხოვ, პრეზიდენტის ხმაზე აღარ დამირეკოო. დღემდე ვუსრულებ ამ თხოვნას.
ნინო მჭედლიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)