78 წლის იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი სილამაზითა და იშვიათი ეშხით მამაკაცებს დღესაც ხიბლავს. ცოცხალი ლეგენდა ჟურნალისტებთან საუბარში ყოველთვის გულახდილია და წარსულზე საუბარს არასდროს ერიდება.
- თქვენ არაჩვეულებრივი ცხოვრება გქონდათ. რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას?
- იმედი არასდროს დაკარგოთ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. სკოლაში ვსწავლობდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსახიობი გავხდებოდი. ძალიან გვიჭირდა. ერთხელაც დედა რომში მიდიოდა და მეც გავყევი. წარმოიდგინეთ გოგონას ემოცია, რომელიც უსახსრობის გამო სახლიდან მშიერი გავიდა, გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და უზარმაზარი ჰონორარი შესთავაზეს. მე და დედას ამდენი ფული მანამდე არ გვინახავს. მიუხედავად ყველაფრისა, სახლში დასთან და ბებიასთან დაბრუნება მინდოდა.
- გადასაღებ მოედანზე ნერვიულობთ?
- არა. მხოლოდ პირველ დღეს ვშფოთავ. მთავარია კარგად ვიცნობდე რეჟისორს, გადამღებ გუნდსა და პარტნიორებს. კარიერის დასაწყისში ძალიან ვნერვიულობდი, მერე ყველაფერი გაქრა.
- თქვენი შვილების კარიერულ არჩევანში ჩაერიეთ?
- არა, მათ თავად მიიღეს გადაწყვეტილება. ედუარდოს ყოველთვის რეჟისორობა სურდა. კარლო კი კარგი მუსიკოსია.
- შვილიშვილები ბებიას გარეგნულად გვანან?
- ყველა, ორივე ბიჭი და ორივე გოგონა მგავს. თუმცა, ჩემგან განსხვავებით უფრო ლამაზი ცისფერი თვალები აქვთ.
- დღეს პლასტიკური ქირურგია ძალიან აქტუალურია. რას ფიქრობთ?
- ძალიან ბევრ ქალბატონს ვიცნობ, რომელთაც პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს, მაგრამ ვეღარ იცნობ და საშინლად გამოიყურებიან. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ვერასდროს გახდები ისეთი, როგორიც არ ხარ.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
- ჩემს ასაკში ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყო. სცენარს ბევრი რეჟისორი მიგზავნის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ძალიან უინტერესოა, ან ჩემს თავს პერსონაჟში ვერ ვპოულობ.
მომზადებულია worldcrunch.com-ის მიხედვით.