"მიშა უნდა გასამართლდეს. ნაძირალებთან კოჰაბიტაცია დააზარალებს ბიძინა ივანიშვილს. მოვითხოვთ სააკაშვილის გასამართლებას ასობით ადამიანის დახოცვის, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრების, პატიმრების ცოცხებით წამების, აგვისტოს ომში ტერიტორიის დაკარგვისა და დაღუპული ბიჭების გამო. სააკაშვილი საქართველოს მტერია, "ნაცმოძრაობა" კი ჩასაფრებულია, როდის გადაუბრუნდება ფეხი ივანიშვილს. ეს ოპოზიცია კი არა, მტრული ძალაა. ოპოზიციაში ის ძალები უნდა იყვნენ, ვისაც საქართველო უყვარს, ესენი კი პოლიტიკურ ამნისტიას ითხოვენ მილიონების შესანარჩუნებლად", - მითხრა კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარემ, სამგზის პოლიტპატიმარმა თემურ ჟორჟოლიანმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა ციხიდან:
- 2006 წლის 6 სექტემბერს დამაკავეს. იმ დღეს მთელ საქართველოში 100-მდე პირი აიყვანეს. ბრალად მედებოდა შეთქმულება ხელისუფლების დამხობის მიზნით და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შეიარაღებული ამბოხების მომზადება. 7 წელი მომისაჯეს.
სააკაშვილის გუნდი დღეს კანონიერ დაკავებებს აპროტესტებს, ჩვენ კი ღამის 5 საათზე სახლებსა და ოფისებში შემოგვეჭრნენ, არაადამიანურად იქცეოდნენ, გვაგინებდნენ. გამთენიისას მოდულის ახლოს კუბოების საამქროში შეგვყარეს და იქიდან სათითაოდ მივყავდით მოდულში კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელების და შვეულმფრენების თანხლებით. გადაკეტეს ქალაქის შემოსასვლელები. სააკაშვილმა სპექტაკლი დადგა, რომლის მიზანი ხალხის დაშინება იყო. საბოლოოდ, 13 დაგვტოვეს, სხვები გაათავისუფლეს. 13-დან ერთ-ერთმა, მაია ნიკოლაიშვილმა "დანაშაული აღიარა" (ამის გამო მიესაჯა 2 წლით პატიმრობა და ჯარიმა) და საკუთარ თავისუფლებას 12 უდანაშაულო კაცი შესწირა...
სასაცილო ის იყო, რომ 4 მაისს, როდესაც თურმე ამბოხების დასაგეგმად შევიკრიბეთ, მე გულის მწვავე შეტევით ჩაფიძის კლინიკაში ვმკურნალობდი. ეს დაადასტურა საავადმყოფოს მედპერსონალმა. ისეთი მძიმე მდგომარეობა მქონდა, საავადმყოფოს მცირე დროითაც ვერ დავტოვებდი. "შეთქმულების" დღეს ზოგი ქალაქშიც არ იყო, რაც დადასტურებულია მობილური ტელეფონის ამონაწერებით. ზოგი დაკავებული ერთმანეთს არც იცნობდა. ცხადი იყო, სასამართლო პროცესზე საზოგადოება სიმართლეს გაიგებდა, ამიტომაც პროცესები დახურეს. სასამართლოზე პროკურატურამ წარმოადგინა ე.წ. დაშიფრული მოწმეები, რომლებიც ჩვენებას სხვისი სახელით იძლეოდნენ. ე.წ. დაშიფრულ მოწმე მამაკაცებს ერქვათ "ნათია", "თამარი", ხოლო ქალებს "ზაური", "მალხაზი"... ერთმა ცრუმოწმემ სიმართლის თქმა დააპირა, მაგრამ პროკურორებმა კონსტანტინე ჩაჩუამ და კობა ნოზაძემ საავადმყოფოში უკრეს თავი, ცუდად გახდაო. მეორე დღეს გარდაიცვალა. მეორე ცრუმოწმეს, დავით ლომიძეს, შვილით დაემუქრნენ და მოატყუეს, - დაწერე ჩვენება და მოწმედაც არ გაგიყვანთ პროცესზეო. დაწერა და რომ მიხვდა, რაც გააკეთა, თავი ჩამოიხრჩო...
ჩვენს საქმეს "საუკუნის საქმე" უწოდეს და შევარდნაძისგან მტრად გამოცხადებულ იგორ გიორგაძეს მიგვაწებეს, რომლის მიმართაც ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა.
- კონსერვატიულ-მონარქისტულ პარტიასა და იგორ გიორგაძეს შორის რა ურთიერთობა იყო?
- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაარსდა საზოგადოება "ანტისოროსი", რომელშიც რამდენიმე პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. კოალიცია "ანტისოროსში" გიორგაძის პარტია "სამართლიანობა", ელიზბარ ჯაველიძის "XXI საუკუნე", ჩვენი კონსერვატიულ-მონარქისტული პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია შედიოდნენ. მაშინ ჩვენ ერთადერთი ძალა ვიყავით, ვინც სააკაშვილს ებრძოდა და სოროსს ამხელდა. ვამბობდით, რომ სოროსი რელიგიასა და ეროვნულობასთან მებრძოლი მაფიოზია, რომელიც სააკაშვილთან ერთად აკვარახჭინებდა ანტიქართულ საქმეებს. ჩვენს აქციებზე უკვე 10-15 ათასი კაცი გამოდიოდა, ამის კი მიშასაც შეეშინდა და ოპოზიციასაც. ჩვენს თეატრალიზებულ აქციებს მრავალი ქვეყნის ტელევიზია აშუქებდა.
სწორედ ამას მივაწერ დაპატიმრებას. თავიდან სამშობლოს ღალატი წამიყენეს ბრალად, მაგრამ მერე ეს ბრალდება გააქრეს. სამშობლოს როგორ უნდა უღალატოს კაცმა, რომელსაც 9 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავს? რაკი მიშა არ მინდოდა, ამის გამო სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადა. მე ხელისუფლების დამხობა კი არა, მიშას გაბანძება მინდოდა. დამაბრალეს, რომ დაგეგმილი მქონდა შს მინისტრის გასაღება, ასევე პრეზიდენტისა და პრემიერის იზოლაცია. 240-ტომიანია ჩვენი საქმე, სადაც მხოლოდ სისულელეები წერია. შეკრება, რომელზეც თურმე ხელისუფლების დამხობა დაიგეგმა, საერთოდ არ ჩატარებულა.