მსახიობი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ბოლო ხანს ელიტურ წვეულებებზე იშვიათად ჩანს, თავის შემოქმედებით გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრება.
- ამჟამად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე მიმყავს გადაცემა "იღბლიანი ბორბალი", ასევე, ვმუშაობ "კომედი არხზე" მინისერიალ "ქეთი და კოტეში". ეს არის მსუბუქი ჟანრის სერიალი, გადაღებებიც მსუბუქად მიდის, ასე რომ, ვერთობი ჩემს შესანიშნავ პარტნიორ კახა ჯოხაძესთან ერთად.
- რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, შორენა საცხოვრებლად ერევანში აპირებს გადასვლასო...
- ერთ წელზე მეტია, სომხებთან ვთანამშრომლობ. პირველად საიათნოვას სიმღერაზე შექმნილ კლიპში გადამიღეს, ამას მოჰყვა სატელევიზიო პროექტი "მიმინო", ფოტოსესიები, გადამიღეს ფილმებშიც... შემომთავაზეს, დავრჩენილიყავი ერევანში და ერთ-ერთ ტელეარხზე წამეყვანა გადაცემა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემს ქალიშვილს, ევას, მხოლოდ შაბათ-კვირას ვნახავდი, უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე. კმაყოფილი ვარ სომხებთან თანამშრომლობით, უამრავ საინტერესო პროექტში ვარ ჩართული და ყველანაირი პირობა მაქვს შექმნილი - მემსახურება მძღოლი, მაქვს კარგი ანაზღაურება...
- ამერიკულ ჟურნალ "ფლეიბოისთან" თანამშრომლობაზე რატომ თქვით უარი?
- ამერიკულ "ფლეიბოიში" გავგზავნეთ ჩემი სურათები, მივიღეთ მიწვევა, მაგრამ რატომღაც ეს გეგმა ჩაიშალა. ამის მთავარი მიზეზი ჩემი შვილია, თანაც კარგად ვარ საქართველოში, მიყვარს ეს ქვეყანა.
- პოლიტიკურ პროცესებს თუ ადევნებ თვალს?
- მსახიობი ვარ და ჩემი ადგილი პოლიტიკაში არ არის. ახლა ისეთი პერიოდია, ძნელია თვალი არ ადევნო პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ მაქვს ჩემი საქმე და არასწორად მიმაჩნია პოლიტიკაში ჩარევა.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- შეყვარებული ვარ, მეტს ვერაფერს გეტყვით...
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)