პოლიგლოტს ბევრ ენაზე მოლაპარაკე ადამიანს უწოდებენ. ბევრი ენის ცოდნა ინტელექტუალთა ჰობია თუ მათი გენიალურობა? ან, იქნებ, გამორჩეული გატაცებაა, იქნებ - ცხოვრების სტილიც? ან კიდევ - უსაზღვრო ადამიანური შესაძლებლობები თუ ყოველდღიური უმძიმესი შრომა? თანამედროვე მსოფლიოში უამრავი ენა არსებობს, თუმცა დაზუსტება ენათმცოდნეებსაც გაუჭირდებათ... ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბევრი ენის ათვისება? თვითონ პოლიგლოტები ამას დადებითად პასუხობენ - დიახ, შეუძლია, თუკი ენების შესასწავლად ადამიანს მოთმინება, შრომისმოყვარეობა, სურვილი, ნებისყოფა და ენერგია ეყოფა.
ზოგიერთი პოლიგლოტის ბიოგრაფიას სათავგადასავლო რომანივითაც კი წაიკითხავ. ამ გასაოცარ ადამიანთა ცხოვრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია. კაცობრიობის ისტორიაში პირველ პოლიგლოტად პონტოს მეფეს, მითრიდატ VI ევპატორს ასახელებენ. ამბობენ, რომ მან 22 ენა იცოდა. ძველი დროის ყველაზე ცნობილი ქალი-პოლიგლოტი კი ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი (69-30 წწ. ჩვ.წ.აღ-მდე) - კლეოპატრა იყო. მან არანაკლებ 10 ენა იცოდა, ბერძნულსა და ლათინურთან ერთად.
1. კრისტიან რასმუს რასკი (1787-1832) - დიდი დანიელი ენათმეცნიერი, რომელიც 230 ენაზე ლაპარაკობდა თავისუფლად;
2. ჯუზეპე მეცოფანტი (1774-1849) - კარდინალი და ვატიკანის ბიბლიოთეკის მცველი. ის თავისუფლად ლაპარაკობდა 60 ენაზე, თარგმნიდა 114 ენიდან და 50 ენაზე წერდა ლექსებს. კარდინალს არასდროს დაუტოვებია იტალია და ყველა ენა დამოუკიდებლად, წიგნებით ისწავლა;
ქართველი პოლიგლოტები:
1. ვახუშტი ბატონიშვილი - ბაგრატიონი (1696-1757 წწ.) - გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი, რომელმაც იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული, თურქული, რუსული და სომხური ენები;
2. ნიკო ნიკოლაძე (1843-1928 წწ.) - ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. მან ბრწყინვალედ იცოდა ფრანგული, ინგლისური, რუსული, იტალიური, გერმანული. ის გახლდათ პირველი ქართველი, რომელმაც უცხო ენაზე დაიცვა დისერტაცია შვეიცარიაში.
3. მიხეილ ქურდიანი, პროფესორი. (1954-2010 წ.). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის და, ასევე, ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტები. იცოდა იბერიულ-კავკასიური ენები: ქართული, ზანური, სვანური, წახური, მუხადური; ინდოევროპული ენები: ინგლისური, რუსული და სხვა სლავური ენები; სემიტური ენები: ივრითი, ძველი აღმოსავლეთის მკვდარი ენებიდან ურარტული და სხვა.
4. თამაზ გამყრელიძე (1929წ.) - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. იკვლევს კულტურის ისტორიას, ძველი აღმოსავლური ენების, ინდოევროპული, სემიტური, ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს. ფლობს 20 უცხო ენას.
5. ზურაბ პოლოლიკაშვილი - საქართველოს ელჩი ესპანეთში, დაიბადა 1977 წელს თბილისში. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტზე. იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. იცის ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური, პოლონური და იაპონური ენები.
ცნობისათვის
წარმოშობით ლიბანელი ზიიად ფავზი (დაიბადა 1954 წ.). ბრაზილიაში ცხოვრობს. თავისუფლად ლაპარაკობს, კითხულობს და თარგმნის 58 ენიდან. 1997 წელს გინესის რეკორდების წიგნმა ის პლანეტის მთავარ პოლიგლოტად დაასახელა.
მოამზადა ირმა ხარშილაძემ
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ასევე იყო ტული გვასალია ფოთიდან რომელიც 48 ენაზე საუბრობდა