ზოგიერთ დეპუტატს სხდომათა დარბაზი ტატამი ჰგონია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიმდინარე დებატების დროს უმრავლესობის რიგი წარმომადგენლის გამოსვლას.
"ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც დღეს მოახერხა და თავი ისახელა უზრდელობით, გინებით, ვულოცავ, მათ აჩვენეს საკუთარი სახე. არ მივბაძავ ტონალობით იმ დეპუტატებს, ვისაც ვერ გაურჩევია, ეს პარლამენტის სხდომათა დარბაზია, თუ "ტატამია ტატამი". მინდა ჩვენს "ტატამადქცეული" ქვეყნის მოსახლეობას ავუხსნა რაზეა რეალურად დავა - ცვლილება, რომელზეც ამდენს ვდაობთ, 8 თვეში აღარ იარსებებს. ნებისმიერი მცდელობა, წარმოაჩინონ, თითქოს ამ ცვლილების შენარჩუნება საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს, არის ტყუილი, რადგან ოქტომბრიდან ძალაში შედის ახალი საკონსტიტუციო მოდელი. გარდა ამისა, მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებით პრეზიდენტს მაინც რჩება უფლება, დაითხოვოს მთავრობა და დაითხოვოს პარლამენტი. მაშინ რა იცვლება?! იცვლება ერთი რამ - ამ მთავრობას მიეცემა მშვიდად ძილის საშუალება, რომ აპრილში არ დაკარგავს სკამებს. ესეც მესმის, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა მშვიდად იყოს და სკამებზე არ ღელავდეს. არ მინდა ამ ქვეყაში მთავრობა, რომელიც შეპყრობილია ფობიებით, შიშებით, ეძებს აგენტებს და ჩანერგილებს, მეც მირჩევნია მთავრობა, რომელიც აკეთებს საქმეს და ასრულებს დავალებას, რომლის განხორციელებიდანაც 100 დღის შემდეგაც ისევ შორსაა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, უმცირესობის ლიდერმა უმრავლესობას შეთანხმების მიღწევის პროცესში ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინების წინადადებით მიმართა.
"მახსოვს, ოპოზიციაში თქვენი ყოფნის დროს იყო ლოზუნგი "არ მეშინია". დღეს მე ვარ ოპოზიციაში და არ შემრცხვება იმის თქმა, რომ მეშინია. მე მეშინია, რომ ის, რაც 9 წლის განმავლობაში გარანტირებულად ითვლებოდა, პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგად შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ მოდით ვისაუბროთ ყველა ჩვენგანის ინტერესზე. პირველი - როცა ვამბობთ, რომ უმცირესობის წევრებზე ზეწოლაა, თუნდაც ეს არ იყოს მართალი, არაა თქვენს ინტერესში, რომ ამას წერტილი დაუსვათ?! მაგრამ ზეწოლა მართლა ხდება, ხელის გადაგრეხვა მართლა ხდება და საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის გაკლიათ 4 ხმა, რომელსაც ამ მეთოდით მიიღებთ. მეორე – საგარეო ინტერესი. თქვენს ინტერესში არაა დავასრულოთ დავა იმასთან დაკავშირებითაც, მიდის თუ არა ქვეყანა რუსეთისკენ? თუ არ აპირებთ მის სტრუქტურებში დაბრუნებას, რატომ უწევთ ჩვენს ინიციატივას წინააღმდეგობას. ამაშია ამ სიტუაციის უცნაურობა. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, საერთო ჯამში ჩვენ ვართ ერთ ნავში, რომლის ჯანჯღარი და გადატრიალება ყველას დააზიანებს. ადვილად მოვძებნით თემებს, სადაც ვიჩხუბებთ და ერთმანეთს გავლანძღავთ, მაგრამ თუ ევროპული არჩევანი ორივეს არჩევანია, მაშინ, მოდით ეს იყოს საერთო თემა, რომელიც გაგვაერთიანებს. ესაა ჩვენი შეთავაზება", - აღნიშნა ბაქრაძემ.