"თეატრალური კვარტეტი" საზოგადოებას ბოდიშს უხდის და ადასტურებს, რომ კვარტეტის წევრები დასუფთავების სამსახურში ნამდვილად იყვნენ გაფორმებულები.
განცხდება "თეატრალურმა კვარტეტმა" "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა და საზოგადოებას თხოვენ, აღნიშნულს გაგებით მოეკიდონ.
"მოგესალმებით ყველას – ჩვენს ერთგულ მსმენელს და გულშემატკივარს,
გვსურს მოგაწოდოთ რამოდენიმე განმარტება:
პირველ რიგში, გვსურს ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას დღეს მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
მოგმართავთ თხოვნით, გაგებით მოეკიდოთ და გაიზიაროთ ჩვენი გულწრფელი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით;
ვადასტურებთ, რომ კვარტეტის წევრები ნამდვილად ვიყავით გაფორმებულები დასუფთავების სამსახურში და ამ ფორმით ვიღებდით ანაზღაურებას სხვადასხვა ქალაქურ კონცერტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ "თეატრალური კვარტეტი"–ს წევრები არასოდეს არ ვყოფილვართ არცერთ პარტიაში, მითუმეტეს აქტივისტები. არც არანაირი "პარტიული" დავალება არასოდეს შეგვისრულებია.
ჩვენი წადილი და გულწრფელი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სიმღერის სამსახური და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა, რისთვისაც არასოდეს ვიშურებდით ენერგიას; ყოველთვის ვცდილობდით მაღალ დონეზე წარმოგვეჩინა ქართული სიმღერა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, მუდამ მზად ვართ ვემსახუროთ ქართულ სიმღერას და საქართველოს !!!".-განმარტეს "თეატრალური კვარტეტის" წევრებმა სოციალურ ქსელში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "თბილსერვის ჯგუფში" ფიქტიურად დასაქმებულებს შორის "თეატრალური კვარტეტის" წევრები აღმოაჩინა. როგორც ქართულ ტელეკომპანიებს გამომძიებელმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა, "თეატრალური კვარტეტის" წევრებმა ორი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 70 ათასი ლარი მიიღეს.
მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ "თეატრალურ კვარტეტს" შპს "თბილსერვისში" რეკომენდაცია თავად გაუწია.
კვარტეტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა დათო არჩვაძემ კი აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.