აშშ-ში მიშელ ობამა გაცილებით პოპულარულია, ვიდრე მისი ქმარი. "ეს ის პირველი ლედია, რომელსაც ჩვენ ველოდით", - წერდნენ ჯერ კიდევ 2009 წელს მოდური გამოცემები. ამერიკელი ქალებისთვის კი მიშელი არა მხოლოდ პირველი ქალბატონია, არამედ სტილის დედოფალიც. ეს რამდენიმე დღის წინ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.
49 წლის მიშელს ყველაზე გემოვნებიანად მიიჩნევენ და ჰბაძავენ კიდეც. მან მოდის სამყარო იოლად დაიპყრო და უკვე აღარც აკრიტიკებენ გემოვნებიან კაბებში თუ სამკაულებში გადახდილი დიდი თანხების გამო.
პირველი ლედის როლი მარტივია: თან ახლდეს ქმარს ოფიციალურ ვიზიტებზე და სოციალური პროექტებით დაკავდეს. მაგრამ მიშელისთვის ეს მეტისმეტად მოსაწყენია. თავდაპირველად თეთრი სახლის მინდვრებზე ბოსტანი მოაწყო (როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური ირწმუნება, მისი ოჯახი ახლა სწორედ ამ ბოსტნეულით იკვებება), მერე ამერიკელი ბავშვების ზედმეტი წონის პრობლემით დაინტერესდა. მისის ობამა ჩაუდგა სათავეში მოძრაობას "მოდით, ვიმოძრაოთ!" და მომღერალ ბიონსეს ამ კამპანიისთვის სპეციალური სიმღერაც კი ჩააწერინა.
თუმცა თანამემამულეებს მხოლოდ ამ წამოწყებების გამო კი არა, გემოვნებიანად ჩაცმის გამოც უყვართ. ჟაკლინ კენედის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის არც ერთი ცოლი არ ყოფილა ასე გატაცებული მოდით, როგორც მიშელ ობამა. ხალხსაც მოენატრა პირველი ქალბატონის მოდური სამოსი.
მიშელი მხოლოდ ამერიკელი დიზაინერების სამოსს ირჩევს. პირველი ქალბატონის ასეთი პატრიოტიზმი აშშ-ის მოდური ინდუსტრიის წისქვილზე ასხამს წყალს - მიშელ ობამას კაბების მსგავსი კაბები მაღაზიებში ისეთივე ფურორით იყიდება, როგორც კეიტ მიდლტონის - ოკეანის გაღმა.
თუმცა რასაკვირველია, იყო ჩავარდნებიც. მაგალითად, ამბობენ, რომ მიშელმა თავისი სტილისტი მას მერე დაითხოვა, რაც ამერიკელი დიზაინერები აღშფოთდნენ, აშშ-ის პირველ ლედის ბრიტანელი ალექსანდრ მაკქუინის კაბა რომ ეცვა. მერე კი დედოფალ ელისაბედთან შეხვედრაზე ფეხსაცმლიდან შიშველი ქუსლი რომ გამოუჩნდა, ბრიტანელებმა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღეს.
მიშელი არა მხოლოდ აღიარებული დიზაინერების სამოსს ირჩევს, ახალგაზრდებსაც "აძლევს ბიძგს". მაგალითად, 2009 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ახალგაზრდა დიზაინერის ჯეისონ ვუს საღამოს კაბა ეცვა. თანაც, სხვა ქვეყნების პირველი ქალბატონებისგან განსხვავებით, მას არ აქვს კონტრაქტი გაფორმებული რომელიმე ერთ დიზაინერთან. იცვამს იმას, რაც მოსწონს და ვისიც მოსწონს.
"სწორი ხაზები, ნაჯერი ფერები და ქალური სილუეტი - ეს მიშელ ობამას სტილის მთავარი მახასიათებელია. არაფერია რთული, მაგრამ ეფექტურად გამოიყურება!" - აღტაცებული ამბობს დიზაინერი მაიკლ კორსი.
მაინც რით მოხიბლა მიშელმა თანამემამულეები? არასდროს ყოფილა მოდის დიდი მიმდევარი, მაგრამ როგორც კი პირველი ლედი გახდა, მაშინვე მოახდინა რამდენიმე ფეშენრევოლუცია. ჯერ ერთი, მის გარდერობში თითქმის არ არის მოსაწყენი ნაცრისფერი და შავი ფერები. ირჩევს უფრო ნათელი, მკვეთრი ფერების სამოსს, რასაც მანამდე პირველი ქალბატონები ვერ ბედავდნენ. გარდა ამისა, სულაც არ აქვს მოდელის პარამეტრები.
მას ტიპური ამერიკული ფიგურა აქვს, რომელიც, როგორც ამ ქალბატონმა უჩვენა, თავისუფლად შეიძლება შემოსო მარკ ჯეიკობსისა თუ სხვათა მოდური სამოსით. და კიდევ, ხანდახან სრულიად ჩვეულებრივი მარკების სამოსსაც ყიდულობს, რაც მისი ქმრის ამერიკელ ელექტორატზე დადებითად მოქმედებს. საერთო ჯამში კი ამ ყველაფერმა მიშელ ობამას ამერიკის ყველაზე გემოვნებიანი და მოდური ქალბატონის ტიტული მოუტანა.
Vogue
(გამოდის ორშაბათობით)