ალბათ გაგიგონიათ ქართველი მომღერალი მანანა ჯაფარიძე, რომელიც წლებია, აზერბაიჯანში ცხოვრობს, აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტია და ნამდვილი ვარსკვლავიც. მიუხედავად იმისა, რომ მანანა აზერბაიჯანული ელიტის საყვარელ მომღერლად მიიჩნევა და იქ თავს შესანიშნავად გრძნობს, 2008 წელს საქართველოში იქორწინა ქართველ რჩეულზე და ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ლამაზი ქართული ოჯახიც შექმნა. მანანას პატარა გოგონა ბეტი ჰყავს, რომელსაც ქმართან ერთად ზრდის.
ამ დღეებში კი გაირკვა, რომ მანანას საკმაოდ ამბიციური პროექტები აქვს, რომელთა შორის პარიზში კონცერტის გამართვაა. "კონცერტი ჩემმა მეგობრებმა დაგეგმეს. ორსაათიანი საღამო პარიზის ერთ-ერთ თეატრში გაიმართება და წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები აზერბაიჯანულ, ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. პარიზის მერე იგეგმება გამოსვლა მიუნხენში. ზუსტი ვადები და სხვა წვრილმანები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა მანანამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანანა თბილისშია დაბადებული. ხუთი წლიდან საბავშვო ანსამბლების სოლისტი იყო. თბილისშივე დაამთავრა ხელოვნების გიმნაზიის ვოკალის კლასი და გერმანული აკადემიის თანამედროვე ხელოვნების, ჯაზისა და შოუბიზნესის განყოფილება. 1996 წელს მოიპოვა ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი. 1998 წლის შემდეგ გადავიდა აზერბაიჯანში, სადაც წარმატებული კარიერა აიწყო. მას მერე ამ ქვეყანას წარმოადგენს საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებზე. 1999 წელს საერთაშორისო ფესტივალ "აზიის ხმის" გრან-პრი მოიპოვა, იმავე წელს გაიმარჯვა ფესტივალზე "სლავიანსკი ბაზარი". მის ანგარიშზე კიდევ რამდენიმე გამარჯვებაა საერთაშორისო კონკურსებზე. ექვსი სოლოალბომი აქვს ჩაწერილი, მათ შორის ხუთი აზერბაიჯანულ და ერთი ინგლისურ ენაზე. რამდენჯერმე გამოვიდა სოლოპროგრამებით აზერბაიჯანში, საქართველოში, თურქეთში, ევროპის ქვეყნებში. თანამშრომლობს ცნობილ კომპოზიტორებთან და თავადაც ქმნის მუსიკას.
შვილის გაჩენასთან დაკავშირებით მცირე პაუზა ჰქონდა, 2009 წელს კი დაბრუნდა ესტრადაზე და ორი ახალი სიმღერაც წარუდგინა საზოგადოებას. 2009 წელსვე, ილჰამ ალიევის განკარგულებით, აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს.
DJ ბუკლე
(გამოდის ორშაბათობით)