მოსკოვის ტროეკუროვსკის სასაფლაოზე, ორი დღის წინ ქალაქის ცენტრში მოკლული კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის, იგივე "დედ ჰასანის" სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელზეც ახლობლები და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ე.წ. ავტორიტეტს გამოეთხოვნენ.
რუსული მედიის ცნობით, კრიმინალური სამყაროს მთავარი ფიგურის ნათესავები და ახლობლები მისი დაკრძალვის ადგილსამყოფელს ამ დრომდე არ ახმაურებენ.
"იზვესტია.რუ"-ს ინფორმაციით, შესაძლოა, უსოიანის ცხედარი თბილისში გადმოასვენონ. თუმცა, დაკრძლავის ადგილად ასევე სახელდება კრასნოდარის მხარე, მოსკოვი და ტოლიატი.
როგორც "იზვესტია.რუ" იუწყება, უსოანის დაკრძალვის ადგილმდებარეობის თაობაზე უთანხმოება თავად ნათესავებს შორისაც მოხდა. ნაწილი მხარს უჭერს "დედ ჰასანის" საქართველოში დაკრძალვას, ნაწილი - არა, რადგან შესაძლოა, კრიმინალურ ავტორიტეტთან გამოთხოვების ცერემონია საქართველოში ისეთი მასშტაბური ვერ იყოს, როგორც - სხვაგან.
საქართველო, - წერს "იზვესტია.რუ", ერთ-ერთია არცთუ ბევრ ქვეყანას შორის, სადაც კრიმინალური ქურდის სტატუსიც კი უკვე დანაშაულად ითვლება და საკმაოდ მკაცრად ისჯება. ბოლო წლებში ქვეყანა ყველა კრიმინალურმა ავტორიტეტმა დატოვა. იურიდიულად "დედ ჰასანის" საქართველოში დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება, თუმცა მისი ახლობლების უმრავლესობა პროცესიას ვერ დაესწრება, კრიმინალური სტატუსის გამო.
ხუთშაბათს საღამოს, "დედ ჰასანის" ცხედარი ნათესავებმა ტროეკუროვსკის სასაფლაოზე მდებარე სარიტუალო დარბაზში დაასვენეს, რომელიც ყველაზე მასშტაბურია მოსკოვში და 600 ადამიანს იტევს. პანაშვიდი სპეცსამსახურებისა და კრიმინალური სამყაროს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მიმდინარეობდა.
მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.