ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა დასრულდა, შეხვედრის მონაწილე მოქალაქეები არ იშლებიან და აცხადებენ, რომ შენობას არ დაატოვებინებენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა სთხოვეს მოქალაქეებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შენობის დატოვების უფლება მისცენ. იგივე თხოვნით მიმართეს მათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.
დეპუტატი აკაკი ბობოხიძე შენობის დატოვებას საპატრულო პოლიციის დახმარებით, ცდილობდა. მას მოქალაქეების ნაწილმა კვერცხი ესროლა და ცდილობდნენ, მისთვის ცოცხი ჩაერტყათ.
მოგვიანებით, აკაკი ბობოხიძემ საპატრულო პოლიციის დახმარებით მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ამ დროისთვის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საპარლამენტო უმცირესობის სხვა წევრებიც იმყოფებიან.