შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე 2013 რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კასპიის ფლოტილია ხუთ საბრძოლო ხომალდსა და კატარღას, ასევე დამხმარე დანიშნულების ორ გემს მიიღებს.
2013 წლის ზაფხულში ფლოტილიას 21631-ე პროექტით შექმნილი ორი მცირე სარაკეტო ხომალდი Град Свияжск და Углич გადაეცემა. ხომალდების დანიშნულება - რუსეთის ეკონომიური ზონის დაცვაა. 74 მ-ის სიგრძისა და 949 ტონა წყალწყვისას, ხომალდს საკმაოდ მძლავრი შეიარაღება აქვს. 100 მმ-იანი ქვემეხის გარდა, მის არსენალში ტყვიამფრქვევები, სარაკეტო და საქვემეხო საზენიტო საშუალებები შედის. თუმცა მთავარი დამრტყმელი ძალა "კალიბრის" ან "ონიქსის" ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტაა. საჭიროების შემთხვევაში, ამ რაკეტებით არა მხოლოდ საზღვაო, არამედ წერტილოვანი სახმელეთო სამიზნეების განადგურებაც შეიძლება.
21631-ე პროექტით 10 ხომალდის აგება იგეგმება. აქედან 5 კასპიის ფლოტილიას, მეორე ხუთეული კი - შავი ზღვის ფლოტს გადაეცემა.
სარაკეტო ხომალდებთან ერთად, წელს კასპიის ფლოტილიას დივერსიულ საწინააღმდეგო კატარღა "გრაჩონოკ" და "სერნას" ტიპის სადესანტო ხომალდები შეემატება.
2010 წლიდან რუსეთის თავდაცვის უწყება კასპიის ფლოტილიის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. იმავე წელს სამხედრო შენაერთი სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შევიდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ფლოტილიას ერთი სადარაჯო და რამდენიმე მცირე საარტილერიო ხომალდი შეემატა.
დღევანდელი დღის მდგომარეობით, კასპიის ზღვაში რუსეთს 2 საგუშაგო ხომალდი, 4 მცირე საარტილერიო ხომალდი, 5 საარტილერიო კატარღა, 5 სარაკეტო კატარღა, 6 სადესანტო კატარღა და 5 მტრალავი ჰყავს.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთის კასპიის ფლოტილიის სამხედრო ხომალდების რაოდენობის გაზრდა, უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ნავთობ-საბადოებისა და ზღვის ბიორესურსების გაყოფასთან დაკავშირებულ სირთულეებს უკავშირდება.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.